S&P Global Market Intelligence-ის მონაცემებით, PDF, ვიდეო, დიზაინისა და მარკეტინგის პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტის — Adobe-ის აქციების ფასი ივნისის განმავლობაში დაახლოებით 25%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ით არის შემცირებული.
ივნისს Adobe საკმაოდ დასუსტებული შეხვდა, რადგან 2024 წლის დასაწყისიდან 31 მაისამდე კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 23%-ით შემცირდა. თუმცა, მოსალოდნელზე უკეთესმა კვარტალურმა შედეგებმა Adobe-ის აქციებს ზრდის სტიმული მისცა.
ძლიერი კვარტალური ანგარიში და პროგნოზები
ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში Adobe-ის შემოსავალი წლიურად 10%-ით — $5.31 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $5.29 მილიარდს.
კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) წლიურად 14.6%-ით მოიმატა და $4.48-ს მიაღწია (უოლ სტრიტის პროგნოზი — $4.39). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილი EPS კი $3.49-ს გაუტოლდა, რამაც ანალიტიკოსების პროგნოზს $0.11-ით გადააჭარბა.
კომპანიის ციფრული მედიის ბიზნესმა, რომელიც მოიცავს მისი Creative Cloud-ის გამოწერებს, $487 მილიონის მოცულობის წმინდა ყოველწლიური განმეორებითი შემოსავალი (ARR) გამოიმუშავა, რაც ბევრად აღემატება უოლ სტრიტის პროგნოზს — $437.4 მილიონს. Adobe-ის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ მათი მოლოდინით, Creative Cloud-ის გამომწერები განაახლებენ გეგმებს კომპანიის გენერაციული AI მოდელის — Firefly-ის შესაძლებლობებზე წვდომისთვის, მომხმარებელთა შემოქმედებითი მუშაობის გასაუმჯობესებლად.
„მოხარულები ვართ ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონალობის ათვისებით, ისევე როგორც მისი ადრეული მონეტიზაციით Document Cloud-სა და Creative Cloud-ში, მათ შორის ჩვენი წამყვანი აპლიკაციების, Firefly სერვისებისა და Express-ის ჩათვლით“ — განაცხადა Adobe-ის ციფრული მედიის განყოფილების პრეზიდენტმა, დევიდ ვადჰვანმა.
Adobe-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში EPS $4.50-$4.55-ს მიაღწევს. ამ დიაპაზონის როგორც ზედა, ისე ქვედა ზღვარი აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $4.48-ს.
ამასთან, Adobe-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ წლიური შემოსავალი $21.40-$21.50 მილიონს მიაღწევს — ამ დიაპაზონის ქვედა ზღვარი, ძველ პროგნოზთან შედარებით, $100 მილიონით არის გაზრდილი. გარდა ამისა, კომპანიაში მოელიან, რომ კორექტირებული EPS $18.00-$18.20-ს შეადგენს (ძველი პროგნოზი — $17.60-$18.00). შედარებისთვის, უოლ სტრიტის ანალიტიკოსები მოელიან, რომ ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, $21.46 მილიარდს და $18.02-ს მიაღწევს.
ძლიერი კვარტალური ანგარიში, სავარაუდოდ, იყო შვება ინვესტორებისთვის, რომლებსაც წლის განმავლობაში კომპანიის პერსპექტივებთან დაკავშირებით ეჭვები აწუხებდათ. ზოგადად, 2024 წელს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიების აქციები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ზოგიერთი ინვესტორის აზრით, შესაძლოა, საწარმოებმა ამ მიმართულებით ხარჯები შეამცირონ, რათა AI (ხელოვნური ინტელექტი) ექსპერიმენტებზე ფოკუსირდნენ.
ერთი მხრივ, Adobe-მა სწრაფად გამოუშვა ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული ინსტრუმენტები, როგორიც არის, მაგალითად, Adobe Express, AI-ით აღჭურვილი აპლიკაცია სოციალური მედიისთვის გრაფიკისა და ვიდეოს შესაქმნელად. გარდა ამისა, კომპანია ამატებს AI ინსტრუმენტებს თავის სანდო პროდუქტების კომპლექტში, რომელიც მოიცავს Acrobat-ს, Premiere-ს, Photoshop-სა და Illustrator-ს.
მეორე მხრივ, ტექსტის გამოსახულებად გარდამქმნელი ხელოვნური ინტელექტის პერსპექტივა წარმოადგენს პოტენციურ დამანგრეველ საფრთხეს გრაფიკული პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტისთვის. თუმცა ივლისის კვარტალური ანგარიში, როგორც ჩანს, იმაზე მიუთითებს, რომ ეს საფრთხეები სულაც არ აზიანებს Adobe-ის ბიზნესს — ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
საფრთხე, თუ სარგებელი?
ხელოვნური ინტელექტი ხშირად განიხილება, როგორც დიდი კომპანიებისთვის პოტენციურად დამღუპველი ტექნოლოგია. მაგრამ AI ინოვაციების ამ პირველ „რაუნდში“, როგორც ჩანს, ბაზრის ის მოთამაშეები, რომლებსაც მომხმარებლების დიდი ბაზა და AI ინსტრუმენტებში ინვესტირების საშუალება გააჩნიათ, საკმაოდ კარგად მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის განსაზღვრული, Adobe-ის ძლიერმა კვარტალურმა ანგარიშმა, AI-სთან დაკავშირებულმა კომენტარებმა და მოსალოდნელზე უკეთესმა პროგნოზებმა, ივნისში ინვესტორები კომპანიის მიმართ პოზიტიურად განაწყო.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Adobe-ის აქციებს?
Adobe-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $567.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $513.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $703.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Adobe-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 28 ანალიტიკოსიდან 21-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Adobe-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.