Walmart-ის ინვესტორების აქციების რაოდენობა გაიზრდება შემდეგ თვეში, როდესაც კომპანია 1/3 პროპორციით აქციების დაყოფას განახორციელებს. კომპანიის მენეჯმენტის თქმით, ეს გადაწყვეტილება თანამშრომლებს Walmart-ის აქციების შეძენას გაუადვილებს.
ხუთშაბათს, 23 თებერვალს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Walmart-ის ინვესტორები კომპანიის თითო აქციისთვის დამატებით ორ აქციას მიიღებენ. Walmart-ის აქციები განახლებული, 3-ჯერ შემცირებული, ფასით ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნება 26 თებერვლიდან უცვლელი WMT სიმბოლოთი.
Walmart-ის მენეჯმენტის თქმით, დირექტორთა საბჭომ აქციების დაყოფა დაამტკიცა იმისთვის, რომ კომპანიის თანამშრომლებისთვის Walmart-ის ჩვეულებრივი აქციები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. დაყოფის შემდეგ კომპანიის აქციების მთლიანი რაოდენობა 8.1 მილიარდს მიაღწევს.
Walmart-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აქციების შესყიდვის პროგრამაში დაახლოებით 400,000 თანამშრომელი მონაწილეობს.
ეს განცხადება გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც Walmart-ის აქციების დახურვის ფასმა სამშაბათს $165.59 შეადგინა. ეს მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან ჯერჯერობით მხოლოდ 4%-ით არის გაზრდილი, თუმცა $4-ით ჩამოუვარდება ნოემბერში დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს — $169.94-ს.
კომპანიები ხშირად ყოფენ თავიანთ აქციებს, როდესაც ისინი საცალო ინვესტორებისთვის მიუწვდომელი ხდება ან ფასი სექტორის სხვა აქციებთან შედარებით ზედმეტად მაღალია. მართალია, დაყოფის შემდეგ, Walmart-ის აქციების ფასი 3-ჯერ შემცირდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, კომპანიის ღირებულება უცვლელი დარჩება.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დაყოფა გავლენას არ იქონიებს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციაზე, საცალო ინვესტორებმა შეიძლება Walmart-ის აქციები უფრო ხელმისაწვდომად აღიქვან, რაც, პოტენციურად, ვაჭრობის მოცულობას და აქციების ფასს გაზრდის.
ანალიტიკოსების შეფასებები
Walmart-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $166.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $180.41-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $210.00-ს, ხოლო მინიმალური — $163.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Walmart-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 30 ანალიტიკოსიდან 26-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Walmart-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.