გავრცელებული ინფორმაციით, გასულ თვეში iPhone-ის მიწოდება ჩინეთში წლიურად 52%-ით გაუმჯობესდა, რაც Apple-ის საცალო პარტნიორების მიერ დანერგილ დიდ ფასდაკლებებს მოჰყვა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩინეთის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აკადემიის უახლესმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში სმარტფონების მიწოდება გაიზარდა და მათგან დაახლოებით 3.5 მილიონი ერთეული უცხოურ ბრენდებზე მოდის.
წლის დასაწყისიდან ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით არის გაუმჯობესებული.
ჩინელი მომხმარებლები მეტ ინტერესს გამოხატავენ iPhone-ების განახლების მიმართ
Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთში iPhone-ის გაყიდვების ვარდნა და ბაზრის წილის დაკარგვა შიდა კონკურენტების სასარგებლოდ, როგორიც არის, მაგალითად, Huawei, შესაძლოა დასასრულს მიუახლოვდეს. ეს მოსაზრება გამყარებულია ახალი გამოკითხვით, რომელში მონაწილე მომხმარებლებმაც უფრო მეტი ინტერესი გამოხატეს ძველი iPhone-ების ახალი მოდელებით ჩანაცვლების მიმართ.
Reuters-ის ცნობით კი, ოფიციალური მონაცემები ადასტურებს, რომ ჩინეთში სმარტფონების მთლიანი გაყიდვებმა აპრილში წლიურად 25.5%-ით მოიმატა და 22.7 მილიონ ერთეულს მიაღწია.
Apple-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ფისკალურ პირველ და მეორე კვარტლებში გაყიდვები შემცირდა ჩინეთში — კომპანიის უმსხვილეს საზღვარგარეთულ ბაზარზე. თუმცა მიმდინარე თვის დასაწყისში ტექნოლოგიურმა გიგანტმა ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. ამის შემდეგ კი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წინააღმდეგობები, რომლებსაც Apple ჩინეთში აწყდება, შეიძლება მოსალოდნელზე ნაკლები იყოს.
უახლესი კვარტალური შედეგები
Apple-მა ფისკალური მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები 2 მაისს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, გამოაქვეყნა. ძირითად მაჩვენებლებს, შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ცხრილში გაეცნოთ:
მაჩვენებელი | ფისკალური 2024 წლის II კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზი |
შემოსავალი | $90.75 მილიარდი | $90.01 მილიარდი |
EPS | $1.53 | $1.50 |
iPhone-ის შემოსავალი | $45.96 მილიარდი | $46.00 მილიარდი |
Mac-ის შემოსავალი | $7.5 მილიარდი | $6.86 მილიარდი |
iPad-ის შემოსავალი | $5.6 მილიარდი | $5.91 მილიარდი |
სხვა პროდუქტების შემოსავალი | $7.9 მილიარდი | $8.08 მილიარდი |
მომსახურების შემოსავალი | $23.9 მილიარდი | $23.27 მილიარდი |
მთლიანი მოგების მარჟა | 46.6% | 46.6% |
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Apple-ის აქციებს?
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $192.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $204.77-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $275.00-ს, ხოლო მინიმალური — $164.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 33 ანალიტიკოსიდან 21-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.