ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, ამანათების მიწოდების გიგანტი — FedEx ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს.
დეკემბერში FedEx-ის მიერ წარდგენილი მეორე კვარტლის ანგარიში ანალიტიკოსების პროგნოზებს ჩამორჩა, რადგან კომპანია არასტაბილური მაკროეკონომიკური პირობების წინაშე აღმოჩნდა. გარდა ამისა, FedEx-ის მენეჯმენტმა პროგნოზები ზედიზედ მეორე კვარტალში შეამცირა, რამაც მისი აქციების ფასის ვარდნა გამოიწვია.
მესამე კვარტლისთვის ანალიტიკოსები მოელიან, რომ FedEx-ის შემოსავალი $22.02 მილიარდს მიაღწევს, რაც შემცირებას წარმოადგენს როგორც წინა კვარტლის ($22.2 მილიარდი), ასევე გასული წლის იმავე მეოთხედის მაჩვენებელთან ($22.2 მილიარდი) შედარებით. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ კომპანიის წმინდა მოგება $879.5 მილიონს შეადგენს, ხოლო მოგება თითო განზავებულ აქციაზე (EPS) — $3.50-ს. შედარებისთვის, მეორე კვარტალში ამ მაჩვენებელმა $3.99 შეადგინა, ხოლო წინა წლის იმავე მეოთხედში — $3.41.
დეკემბერში, მეორე კვარტლის ანგარიშის წარდგენისას, FedEx-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, კომპანიის შემოსავალზე გაგრძელდეს ზეწოლა იმ პირობებიდან გამომდინარე, რომლებიც ნეგატიურად ზემოქმედებს კლიენტების მოთხოვნაზე.
ანალიტიკოსის პროგნოზები 2024 წლის მე-3 კვარტლისთვის | 2024 წლის მე-2 კვარტალი | 2023 წლის მე-3 კვარტალი | |
შემოსავალი | $22.02 მილიარდი | $22.17 მილიარდი | $22.17 მილიარდი |
განზავებული EPS | $3.50 | $3.99 | $3.41 |
წმინდა მოგება | $879.5 მილიონი | $1.01 მილიარდი | $865 მილიონი |
საკვანძო მაჩვენებელი — საშუალო დღიური მოცულობა
უკვე ზედიზედ ცხრა კვარტალია, რაც შეერთებულ შტატებში გაცემული FedEx Express ამანათების საშუალო დღიური მოცულობა (ADV) მცირდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია შემოსავალი. ამ ორმა მეტრიკამ პანდემიის პერიოდში რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვარტალში ისინი მცირდებოდა ან უფრო ნელა იზრდებოდა.
FedEx-ს, პანდემიური ბუმის შემდეგ, შემოსავლის ზრდის შენელებასთან ადაპტაციაზე მუშაობს. მეორე კვარტლის ანგარიშის წარდგენისას მენეჯმენტმა შეცვალა მითითებები 2024 წლის დანარჩენი პერიოდისთვის — ახლა FedEx-ში პროგნოზირებენ, რომ მთლიანი წლის გაყიდვები დაბალი ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით შემცირდება (ძველი პროგნოზი — უცვლელი შემოსავალი).
ბოლო კვარტლებში FedEx-ის კონკურენტი — United Parcel Service (UPS) ასევე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი პრობლემები დაკავშირებული იყო როგორც მოთხოვნის შემცირებასთან, ისე ბიზნესში ცვლილებების ინტეგრირებასთან. ეს უკანასკნელი კი გამოწვეულია საკონტრაქტო შეთანხმებით, რომელსაც UPS-მა გასულ ზაფხულს Teamsters-ის პროფკავშირთან მიაღწია. ამით კომპანიამ თავიდან აიცილა 300,000-ზე მეტი თანამშრომლის გაფიცვა.
რესტრუქტურიზაცია
FedEx-ს არაერთგვაროვანი წელი ჰქონდა მას შემდეგ, რაც გასული წლის აპრილში მენეჯმენტმა დააანონსა რესტრუქტურიზაციის გეგმა 2025 წლისთვის ხარჯების დაახლოებით $4 მილიარდით შესამცირებლად.
გეგმა, რომლის შესრულებაც უნდა დასრულდეს ივნისში, გულისხმობს FedEx Ground-ის, Express-ისა და Services-ის Federal Express Corp.-ის ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევას. FedEx Freight კი ცალკე ბიზნესად ფუნქციონირებას განაგრძობს. სავარაუდოდ, ინვესტორებს აინტერესებთ განახლებები იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და რა გრძელვადიანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას კომპანიაზე.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით FedEx-ის თანამშრომლების რაოდენობის 25,000-ით შემცირებაც ხარჯების შემცირების გეგმის ნაწილი იყო.
ანალიტიკოსების შეფასებები
FedEx-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $253.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 23 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $296.41-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $337.00-ს, ხოლო მინიმალური — $195.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი FedEx-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 23 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
FedEx-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.