Twitter-ისა და ილონ მასკის ისტორია სოციალური ქსელის წილის ყიდვით არ დასრულებულა. Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი ახლა Twitter-ის ასივე პროცენტის შეძენას გეგმავს — თითო აქციისთვის $54.20-ს გადაიხდის, რაც ჯამურად $43.4 მილიარდს შეადგენს.
მისივე განცხადებით, ეს შეთავაზება საუკეთესო და საბოლოოა, ხოლო თუ Twitter ამას არ დათანხმდება, იგი კომპანიის აქციონერის სტატუსის გადახედვას დაიწყებს. მანამდე კი კომპანიის 9.2%-იანი წილის შეძენით ილონ მასკი Twitter-ის უმსხვილესი აქციონერი გახდა. მას Twitter-ის დირექტორთა საბჭოს წევრობაც შესთავაზეს, თუმცა რადგან ეს სტატუსი მასკს კომპანიის 14.6%-ზე მეტის ფლობის უფლებას აღარ მისცემდა, მან უარი განაცხადა.
საინტერესოა ისიც, რომ Twitter-ის ერთი აქცია 2021 წლის ოქტომბერში $60 ღირდა, 4 ნოემბრიდან ეს მაჩვენებელი $54.20-ზე დაბალი იყო, ამჟამად კი თითო აქციის ფასი $50.97-ს შეადგენს.
ხოლო Forbes-ის მიხედვით, მასკი უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში და მისი ქონება $273.6 მილიარდს შეადგენს. Twitter-ის ყიდვა კი მისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინვესტიციას წარმოადგენს. ამ სიახლის შესახებ მან საკუთარ გვერდზეც კი დაწერა, თუმცა Twitter-ის პასუხი ჯერჯერობით უცნობია.