Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ილონ მასკმა თავის სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე პარასკევს დაწერა, რომ ელექტრომობილების (EV) მწარმოებელი რობოტაქსის 8 აგვისტოს წარადგენს. ამ სიახლის გავრცელების შემდეგ, “after-hours”1 ვაჭრობაში Tesla-ს აქციების ფასი თითქმის 4%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 34%-ით არის შემცირებული.
განცხადება გავრცელდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Tesla დაბალფასიანი ავტომობილების წარმოების გეგმების გაუქმებას აპირებს.
რა არის ტესლას რობოტაქსი?
რობოტაქსი არის შემდეგი თაობის თვითმართვადი ავტომობილი, რომელმაც მასკის თქმით (2019 წელს ინვესტორების ღონისძიებაზე), შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს მფლობელებს საშუალება მისცეს, ავტონომიური ტაქსის სერვისისთვის მანქანების გაქირავებით ფული გამოიმუშაონ. აქედან საკომისიოს კომპანიაც მიიღებს.
რობოტაქსის შექმნის გეგმები შეყოვნდა
თუმცა მასკის გეგმები რობოტაქსის შესახებ დაგვიანებით სრულდება — კომპანიამ ის 2019 წელს დააანონსა და მენეჯმენტმა განაცხადა, რომ რობოტაქსი ხელმისაწვდომი 2020 წლისთვის გახდებოდა. „ჩემს წინააღმდეგ ერთადერთი კრიტიკა არსებობს და ის სამართლიანია, ზოგჯერ ვაგვიანებ” — თქვა მასკმა.
რეგულაციური წინაღობები
ტესლასა და მისი რობოტაქსისთვის გამოწვევა იქნება რეგულატორების იმაში დარწმუნება, რომ კომპანიის თვითმართვის ტექნოლოგია უსაფრთხოა. Tesla იძულებული გახდა გაეწვია ათასობით მანქანა შარშან, მას შემდეგ, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) განაცხადა, რომ Tesla-ს სრული თვითმართვის (FSD) Beta პროგრამულ უზრუნველყოფას შეიძლება სიჩქარის ლიმიტის გადაჭარბება ან სხვა საფრთხეები გამოეწვია.
2024 წლის მძიმე დასაწყისი
Tesla-სთვის 2024 წელი, შემცირებული მოთხოვნისა და ინტენსიური კონკურენციის ფონზე, რთულად დაიწყო.
გასული კვირის დასაწყისში კომპანიამ პირველი კვარტლის მიწოდების მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ცნობილი გახდა, რომ ელექტრომობილების მწარმოებელმა გასულ მეოთხედში 433,371 ელექტრომობილი აწარმოა, ხოლო ბაზარს 386,810 მიაწოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიწოდება, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, 8.5%-ით შემცირდა, რაც პირველი წლიური კლებაა 2020 წლის შემდეგ. წარმოებასა და მიწოდებას შორის არსებული განსხვავება ასევე აჩვენებს, რომ Tesla-ს გასულ კვარტალში მარაგების შემცირება გაუჭირდა.
ანალიტიკოსების შეფასებები
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $167.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $196.72-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $320.00-ს, ხოლო მინიმალური — $23.53-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 19-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 7-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Tesla-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.