ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დაწყებამდე, Delta Air Lines-მა შთამბეჭდავი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ დაფიქსირებული შედეგების გადაჭარბება რთული იყო. კიდევ უფრო გამამხნევებელი კი ის არის, რომ მენეჯმენტმა გამოთქვა ოპტიმიზმი ზაფხულში მოთხოვნის ტენდენციების მიმართ.
Delta Air Lines-ის მენეჯმენტის აზრით, მომხმარებელთა ძლიერი მოთხოვნა კულმინაციას მიაღწევს, კომპანია კი გაზაფხულისა და ზაფხულის რეკორდულ მოგზაურობის სეზონს დააფიქსირებს. კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნებისას აღმასრულებელმა დირექტორმა — ედ ბასტიანმა განმარტა, რომ ეს თაობათა ცვლებითა და მომხმარებელთა პრეფერენციებით არის გამოწვეული. მენეჯმენტი მოელის, რომ კომპანიის მომხმარებლები მეტად ფოკუსირდებიან სერვისებსა და პრემიუმ გამოცდილებაზე, ასევე დაჩქარდება მოთხოვნა საქმიან მოგზაურობაზე.
შთამბეჭდავი გაყიდვები და მოგება
პირველ კვარტალში Delta Air Lines-ის შემოსავალი წლიურად 8%-ით — დაახლოებით $13.75 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც ანალიტიკოსების პროგნოზს $953.36 მილიონით გადააჭარბა. კორექტირებულმა საოპერაციო შემოსავალმა 6%-ით — $12.6 მილიარდამდე მოიმატა. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში ეს მაჩვენებელი წლიურად 45%-ით გაუმჯობესდა, რადგან კომპანია, პანდემიის პერიოდის შემდეგ, აღდგენას განაგრძობდა.
Delta Air Lines-ის კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $0.45 შეადგინა (პროგნოზი — $0.36).
„გასულ კვარტალში ჩვენ გამოვიმუშავეთ რეკორდული შემოსავალი და დავაფიქსირეთ შესანიშნავი საოპერაციო წარმადობა, რამაც მოგების გაუმჯობესების საშუალება მოგვცა“ — განაცხადა ედ ბასტიანმა.
რაც შეეხება მომავალს, Delta Air Lines-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ეს იმპულსი მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. კომპანიაში მეორე კვარტალში შემოსავლის 5%-7%-იან ზრდას პროგნოზირებენ.
„პრემიუმ“ მომხმარებლები
საქმიანი მოგზაურობების ხელახალი ზრდა და სამომხმარებლო ხარჯების გადასვლა საქონლიდან სერვისებზე Delta-ს შთამბეჭდავი იმპულსის მიღმა არსებული ისტორიის მხოლოდ ნაწილს ასახავს. ავიაკომპანიის წარმატების საიდუმლო, სავარაუდოდ, უფრო მეტად „პრემიუმ“ მომხმარებლების მხრიდან ხარჯების ზრდაში მდგომარეობს.
კომპანიის შემოსავალი პრემიუმ სეგმენტიდან, რომელსაც, შემოსავლის სხვა წყაროებთან შედარებით მოგების უფრო მაღალი მარჟა გააჩნია, კვარტალში წლიურად 10%-ით გაიზარდა. ეს გაუმჯობესება განაპირობა შემოსავლების 12%-იანმა მატებამ, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ლოიალობის პროგრამასთან და თვითმფრინავებში პრემიუმ ადგილების დამატებასთან.
Delta-ს მენეჯმენტს სჯერა, რომ კომპანია პრემიუმ შეთავაზების გაუმჯობესებასა და გაზრდას განაგრძობს. კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნებისას კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამის შესახებ უფრო მეტ დეტალს ნოემბერში, ინვესტორების დღის ღონისძიებაზე გაამჟღავნებენ.
ანალიტიკოსების შეფასებები
Delta Air Lines-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $47.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $55.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $85.00-ს, ხოლო მინიმალური — $43.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Delta Air Lines-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18.4%-იან ზრდას გულისხმობს.
Delta Air Lines-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.