გუშინ CVS Health-ის აქციების ფასმა დაახლოებით 4%-ით მოიმატა მას შემდეგ, რაც აფთიაქების ქსელმა გამოაქვეყნა ძლიერი პროგნოზები და გაზარდა დივიდენდები თავის ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნის მატების გამო. მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 23%-ზე მეტით არის შემცირებული.
CVS-ის მენეჯმენტის პროგნოზით, 2024 წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი მინიმუმ $366 მილიარდს მიაღწევს, რაც საკმაოდ აღემატება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინს — $344.5 მილიარდს. კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ CVS თითო აქციაზე 60.5 ცენტიდან 66.5 ცენტამდე გაზრდის კვარტალურ დივიდენდებს, რომლებსაც 2024 წლის 1 თებერვალს მიიღებენ ინვესტორები, რომლებიც 22 იანვრის მდგომარეობით CVS-ის აქციონერთა რიგებში იქნებიან.
გარდა ამისა, კომპანიამ რამდენიმე ინიციატივა დააანონსა. მენეჯმენტის განცხადებით, CVS CostVantage გეგმა იქნება ახალი მიდგომა აფთიაქის ანაზღაურების ტრადიციული მოდელისადმი, რომელიც სისტემას მეტ გამჭვირვალობას და სიმარტივეს მოუტანს.
ამასთან ერთად, CVS-მა წარმოადგინა TrueCost, რომელიც, მენეჯმენტის თქმით, მომხმარებლებს რეცეპტით გაცემული მედიკამენტების ნამდვილ წმინდა ღირებულების ამსახველ ფასებს სთავაზობს.
CVS ასევე გამოუშვებს CVS Healthspire-ს, ახალი ბრენდის სახელს მისი ჯანდაცვის სეგმენტისთვის, რომელიც მოიცავს Caremark-ს, Cordavis-ს, Oak Street Health-ს, Signify Health-სა და MinuteClinic-ს.
CVS Health-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $71.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $87.73-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $102.00-ს, ხოლო მინიმალური — $76.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი CVS Health-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.