პარასკევს CrowdStrike-ის (CRWD) აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კიბერუსაფრთხოების კომპანიამ Citigroup-ის ანალიტიკოსისგან დადებითი შეფასება მიიღო. ანალიტიკოსი, უოლ სტრიტის ადრეულ კომენტარებზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ, როგორც ჩანს, CrowdStrike გადაურჩა ყველაზე უარეს რეაქციას, რომელიც ივლისის ინციდენტს მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ Microsoft Windows-ზე მომუშავე კომპანიებს ივლისში პრობლემებთან გამკლავება მოუწიათ — გამოჩნდა ე. წ. სიკვდილის ლურჯ ეკრანები, რომლებიც მიუთითებდა, რომ Windows არ ჩაიტვირთა. ეს კი CrowdStrike-ის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზული განახლებით იყო გამოწვეული. 19 ივლისს დაფიქსირებული IT შეფერხება პირდაპირ აისახა აეროპორტების, ბანკებისა და მაუწყებლების მუშაობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის ხარვეზები იყო საქართველოში არსებულ ქუთაისის აეროპორტშიც, რაც რეგისტრაციის პროცესის დაგვიანებით დაწყებას გულისხმობდა.
უოლ სტრიტზე მიიჩნევენ, რომ CrowdStrike-ისთვის ყველაზე უარესი უკვე წარსულში დარჩა
პარასკევ დილით Citigroup-მა შეაქო CrowdStrike-ის მენეჯმენტის გამჭვირვალობა პროგრამული უზრუნველყოფის განახლების პრობლემასთან დაკავშირებით. საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ CrowdStrike-მა მოსალოდნელზე ნაკლები რაოდენობის მომხმარებელი დაკარგა და კიბერუსაფრთხოების კომპანიამ კარგი სამუშაო შეასრულა თავისი ფასების შესანარჩუნებლად.
საგულისხმოა, რომ კომპანიების მიერ კიბერუსაფრთხოების პროვაიდერების შეცვლა სირთულეებთან არის დაკავშირებული. CrowdStrike კი ზოგადად აღიარებულია, როგორც საბოლოო წერტილის უსაფრთხოების საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია და ამ ინციდენტამდე მისი რეპუტაცია ძლიერი იყო.
Citigroup-ის შეფასებას რომ დავუბრუნდეთ, აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ბანკმა CrowdStrike-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია და $300-ის ტოლი სამიზნე ფასი შეუნარჩუნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი მხოლოდ მცირედ ზრდას გულისხმობს, Citigroup-ის შეფასება აშკარად დადებითია.
გარდა ამისა, გასული კვირის დასაწყისში უამრავმა სხვა კვლევითმა ფირმამ, მათ შორის DA Davidson-მა, Evercore ISI-მა, Jefferies-მა და Truist-მა, CrowdStrike-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა. ამ ფირმების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პროგრამული უზრუნველყოფის ინციდენტით გამოწვეული რეაქცია მომხმარებლებში დიდწილად შესუსტდა.
სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები CrowdStrike-თან დაკავშირებით
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს დასაწყისში Piper Sandler-მა კიბერუსაფრთხოების კომპანიის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $290-დან $310-მდე გაზარდა. ანალიტიკოსმა — რობ ოუენსმა აღნიშნა, რომ ისტორიულად, შეფერხებებს დიდი გავლენა არ ჰქონია კიბერუსაფრთხოების კომპანიებზე, როგორიც არის, მაგალითად, CrowdStrike.
ამასთან, ივლისის ბოლოს Deutsche Bank-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ „თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური IT შეფერხების“ შემდეგ, რომელმაც დაახლოებით 8.5 მილიონი Windows მოწყობილობა დააზარალა, ზოგიერთმა ინვესტორმა შეიძლება CrowdStrike-ის აქციების იაფად შეძენის შესაძლებლობა დაინახოს.
ასეთ ინვესტორებს შორის იყო კეტი ვუდიც. გავრცელებული ინფორმაციით, 19 ივლისს, მისმა ინვესტიციების მენეჯმენტ ფირმამ — ARK Invest-მა Next Generation Internet ETF-ს (ARKW) CrowdStrike-ის $8.25 მილიონის ღირებულების აქციები დაამატა.
როგორ აფასებს უოლ სტრიტი CrowdStrike-ის აქციებს?
CrowdStrike-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $299.85-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $325.22-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $420.00-ს, ხოლო მინიმალური — $265.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი CrowdStrike-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 41 ანალიტიკოსიდან 35-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
CrowdStrike-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
კონტენტი მოწოდებულია საინფორმაციო მიზნით და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას. ყველა ინვესტიცია შეიცავს რისკს, ამიტომ აუცილებელია, ინვესტირებამდე საკუთარი კვლევა ჩაატაროთ.