გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Costco Wholesale-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. თუმცა „after-hours”1 ვაჭრობაში კომპანიის აქციების ფასი თითქმის 2%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში Costco Wholesale-ის შემოსავალი წლიურად 9%-ით — $58.52 მილიარდამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $58.13 მილიარდს.
კომპანიის წმინდა მოგება წლიურად 30%-ით — $1.68 მილიარდამდე გაუმჯობესდა, ანუ მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $3.78-ს მიაღწია, რამაც ასევე აჯობა უოლ სტრიტის მოლოდინს — $2.93-ს.
მაჩვენებელი | ფისკალური 2024 წლის III კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | ფისკალური 2023 წლის III კვ. |
შემოსავალი | $58.52 მილიარდი | $57.92 მილიარდი | $53.65 მილიარდი |
განზავებული EPS | $3.78 | $3.68 | $2.93 |
წმინდა მოგება | $1.68 მილიარდი | $1.63 მილიარდი | $1.3 მილიარდი |
გარდა ამისა, Costco-სთვის ეს იყო პირველი კვარტალური ანგარიში ახალი ფინანსური დირექტორის — გარი მილერჩიპის მმართველობის პირობებში. მანამდე ამ პოზიციას თითქმის ოთხი ათწლეული განმავლობაში იკავებდა რიჩარდ გალანტი, რომელმაც თანამდებობა მარტში დატოვა.
გასული მეოთხედი იყო ზედიზედ კიდევ ერთი კვარტალი, როდესაც Coscto-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია გამოწერის სერვისის საფასურს უცვლელად ინარჩუნებს. თუმცა მილერჩიპმა გაიმეორა თავისი წინამორბედის სიტყვები, რომ ფასის ზრდა დროის საკითხია.
Costco აფართოებს თანამშრომლობას Uber Eats-თან
კვარტალური შედეგების გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, Costco-მ გააფართოვა პარტნიორობა Uber Technologies-თან. მიმდინარე თვის დასაწყისში მგზავრობის გაზიარების კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Costco-ს პროდუქტების გაყიდვა და მიწოდება უკვე შესაძლებელია Uber Eats-ის საშუალებით, მიუხედავად იმისა, სარგებლობენ თუ არა მომხმარებლები Costco-ს გამოწერაზე დაფუძნებული სერვისით.
Uber-ის აღმასრულებლებმა განაცხადეს, რომ Costco-ს გამოწერის სერვისის მომხმარებლები მიიღებენ სპეციალურ ფასდაკლებას Uber Eats აპლიკაციის საშუალებით და ასევე შეძლებენ, შემცირებულ ფასად მიიღონ წვდომა Uber One-ის გამოწერის მომსახურებაზე. ეს უკანასკნელი მომხმარებლებს სთავაზობს ფასდაკლებებს მგზავრობასა და უფასო Uber Eats მიწოდებაზე.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Costco Wholesale-ის აქციებს?
Costco-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $815.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $817.79-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $940.00-ს, ხოლო მინიმალური — $650.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Costco-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 26 ანალიტიკოსიდან 20-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Costco-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.