გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Coca-Cola-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. მას შემდეგ კი გაზიანი სასმელების ამერიკული კომპანიის აქციების ფასი 0.5%-ით გაიზარდა (სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის). წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 9%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური ანგარიშიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე იყო ის, რომ შემოსავალმა წლიურად 3%-ით მოიმატა და $12.4 მილიარდს მიაღწია. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $11.88 მილიარდს.
Coca-Cola-ს კორექტირებული მოგება თითო აქციაზე (EPS) კი წლიურად 7%-ით გაიზარდა და $0.84 შეადგინა, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $0.78-ს. თუმცა ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა 5%-იანი ვარდნა განიცადა და $0.56 შეადგინა. ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს $0.03-ით ჩამორჩა.
მაჩვენებელი | 2024 წლის II კვ. | 2023 წლის II კვ. | წლიური ცვლილება (%) |
---|---|---|---|
შემოსავალი | $12.4 მილიარდი | $11.97 მილიარდი | 3% |
საოპერაციო შემოსავალი | $2.63 მილიარდი | $2.40 მილიარდი | 10% |
EPS | $0.56 | $0.59 | -5% |
კორექტირებული EPS | $0.84 | $0.78 | 7% |
ფულადი ნაკადები ოპერაციებიდან | $4.1 მილიარდი | $4.6 მილიარდი | -11% |
Coca-Cola-ს ბიზნესის მიმოხილვა
Coca-Cola მთელ მსოფლიოში ამავე სახელწოდების პოპულარული გაზიანი სასმლით არის ცნობილი. ის ოპერირებს სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის გამაგრილებელი სასმელების, წყლის, სპორტული სასმელების, ჩაისა და წვენების ჩათვლით. ბოლო პერიოდში Coca-Cola-მ ყურადღება გაამახვილა მდგრადობის ინიციატივებზე, ბრენდის ინოვაციებსა და გლობალური სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე. ფაქტორები, რომლებიც კომპანიის უწყვეტი წარმატების გასაღებია, მოიცავს მისი ბრენდის პორტფელის სიძლიერეს და ოპერაციულ ეფექტიანობას. ეს ყველაფერი გამოწვეულია Coca-Cola-ს ჩამომსხმელი პარტნიორების ფართო ქსელით.
გასული კვარტლის მნიშვნელოვანი მოვლენები
რეგიონული წარმადობა: კომპანიამ საკვანძო რეგიონებში განსხვავებული შედეგები დააფიქსირა:
ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა: ამ რეგიონში გაყიდული პროდუქციის მოცულობა წლიურად უცვლელი დარჩა, ხოლო საოპერაციო შემოსავალი 11%-ით გაიზარდა მიუხედავად ვალუტის კურსის წინაღობისა.
ლათინოამერიკა: მოცულობა 5%-ით გაიზარდა, ხოლო საოპერაციო შემოსავალი — 15%-ით.
ჩრდილოეთ ამერიკა: მოცულობა 1%-ით დაეცა, თუმცა საოპერაციო შემოსავალი 8%-ით გაიზარდა.
აზია-წყნარი ოკეანე: ამ რეგიონში გაყიდული პროდუქციის მოცულობა 3%-ით გაუმჯობესდა, თუმცა საოპერაციო შემოსავალი 4%-ით შემცირდა ისეთი ფაქტორების გამო, როგორებიც არის მარკეტინგის და პროდუქციის წარმოების უფრო მაღალი ხარჯები.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Coca-Cola-ს მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წლის მესამე კვარტალში შემოსავლისთვის სავალუტო კურსები და სტრუქტურული ცვლილებები დაახლოებით 4%-5%-იან წინაღობას შექმნის. ასევე მოსალოდნელია, რომ EPS-ზე 8%-იან ნეგატიურ გავლენას იქონიებს ვალუტის კურსები, ხოლო სტრუქტურული ცვლილებები — 1%-2%-იანს.
Coca-Cola-ში ასევე მოელიან, რომ მთელი წლის განმავლობაში ორგანული შემოსავლები 9%-10%-ით გაიზრდება, რაც აღემატება წინა საპროგნოზო დიაპაზონს — 8%-9%-ს. მენეჯმენტი ასევე ვარაუდობს, რომ, ვალუტის კურსების ეფექტის გამოკლებით, EPS 13%-15%-ით გაუმჯობესდება. კომპანიაში ასევე პროგნოზირებენ, რომ თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) $9.2 მილიარდს მიაღწევს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Coca-Cola-ს აქციებს?
Coca-Cola-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $59.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $69.53-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $74.00-ს, ხოლო მინიმალური — $65.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Coca-Cola-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Coca-Cola-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.