გუშინ სარესტორნო ქსელის — Cava Group-ის აქციების ფასმა 12%-ზე მეტით მოიმატა და ყველა დროის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც კომპანიამ 2023 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. შედეგებმა ძლიერი ზრდა და წამახალისებელი მოგება აჩვენა.
Cava Group-ის აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) გასული წლის ივნისში შედგა და მას შემდეგ კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 49%-ით არის გაუმჯობესებული.
Cava-ს შესანიშნავი წელი
2023 წელს Cava-ს შემოსავალმა 60%-ით მოიმატა და $700 მილიონს გადააჭარბა. უფრო მეტიც, კომპანია მომგებიანი იყო — მთელი წლის წმინდა მოგებამ $13.3 მილიონს მიაღწია. ეს შესანიშნავი შედეგია მხოლოდ 309 ლოკაციისგან შემდგარი სარესტორნო ქსელისთვის, რომლის აქციებიც საფონდო ბირჟაზე ხელმისაწვდომი სულ რამდენიმე თვის წინ გახდა.
Cava-ს ფინანსური შედეგები 2023 წელს დაგვირგვინდა ძლიერი მეოთხე კვარტლით, რომელმაც მოლოდინებს გადააჭარბა. გასულ მეოთხედში კომპანიის ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვების1 ზრდამ 11% შეადგინა. შედარებისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი სხვა სარესტორნო კომპანია ლოკაციების ტრაფიკის შემცირების პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.
გარდა ამისა, გასულ კვარტალში Cava-ს შემოსავალმა $175.5 მილიონს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $172.41 მილიონი), ხოლო მოგებამ თითო აქციაზე (EPS) — $0.02-ს (პროგნოზი — $0.01).
მენეჯმენტი აღიარებს, რომ აქციებზე ჯერ კიდევ მოქმედებს ის ეფექტი, რომელიც წარმატებულმა IPO-მ შექმნა. თუმცა მიზეზის მიუხედავად, Cava-სთვის ეს წლის ძლიერი დასასრული იყო.
მოლოდინები
რაც შეეხება მომავალს, Cava-ს მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე წელს კომპანიის comps 3%-5%-ით გაუმჯობესდება, რაც საკმაო შენელებაა 2023 წელს დაფიქსირებულ 18%-იან ზრდასთან შედარებით. მიუხედავად ამისა, ეს არის ძლიერი მაჩვენებელი იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად გაიზარდა გაყიდვები ბოლო ორი წლის განმავლობაში.
იმას, რაც Cava-ს ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვების ზრდაში აკლია, კომპანია ახალი რესტორნების გახსნით ანაზღაურებს. მენეჯმენტი ფიქრობს, რომ 2024 წელს Cava 48-52 ახალი ლოკაციის გახსნას შეძლებს. თუ ეს პროგნოზი გამართლდება, კომპანიის რესტორნების რაოდენობა დაახლოებით 16%-ით გაიზრდება.
კომპანიაში ასევე მოელიან, რომ 2024 წელს სარესტორნო დონის საოპერაციო მოგების მარჟა დაახლოებით 23%-ს შეადგენს. შედარებისთვის 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 25%-ს მიაღწია.
მოკლედ, გასულ წელს Cava-ს ზრდა სენსაციური იყო, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ტემპი შენელდება.
ანალიტიკოსების შეფასებები
Cava Group-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $57.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $52.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $62.00-ს, ხოლო მინიმალური — $48.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Cava Group-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7.3%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 5 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Cava-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.