გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Caterpillar-მა (CAT) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ამერიკული კომპანიის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 12%-ით არის გაუმჯობესებული.
Caterpillar აწარმოებს გიგანტურ მანქანებს, რომლებიც მშენებლობასა და სამთო მოპოვებაში გამოიყენება.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Caterpillar-ის შემოსავალი წლიურად 4%-ით — $16.7 მილიარდამდე შემცირდა, რაც ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $16.76 მილიარდს. კომპანიის მენეჯმენტის თქმით, კლება, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო გაყიდვების შემცირებით, რაც ნაწილობრივ კომპენსირებულია ხელსაყრელი სარეალიზაციო ფასებით.
გასულ კვარტალში Caterpillar-ის საოპერაციო მოგების მარჟამ 20.9% შეადგინა. შედარებისთვის, 2023 წლის იმავე მეოთხედში ამ მაჩვენებელმა 21.1%-ს მიაღწია. კორექტირებული საოპერაციო მოგების მარჟა კი 22.4%-ს გაუტოლდა (გასული წლის მეორე კვარტალში — 21.3%).
გარდა ამისა, Caterpillar-ის კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $5.99-ს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $5.54-ს. შედარებისთვის, 2023 წლის მეორე კვარტალში კორექტირებულმა EPS-მა $5.55 შეადგინა. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი $5.48-ს მიაღწია — ამ მაჩვენებელმა უოლ სტრიტის მოლოდინს $0.03-ით გადააჭარბა (2023 წლის მეორე მეოთხედში — $5.67).
2024 და 2023 წლების მეორე კვარტლის მონაცემებით, კორექტირებული საოპერაციო მოგების მარჟა და კორექტირებული EPS გამორიცხავდა რესტრუქტურიზაციის ხარჯებს. 2023 წლის მეორე მეოთხედის კორექტირებული EPS-დან ასევე გამორიცხულია საგადასახადო შეღავათები. სავალუტო არასტაბილურობისა და რესტრუქტურიზაციის ხარჯების საფუძველზე კორექტირებისას გამოდის, რომ მეორე კვარტალში საოპერაციო მოგება წლიურად 1.8%-ით გაიზარდა, ნაცვლად 5%-იანი კლებისა.
გასულ კვარტალში საწარმოს ოპერაციული ფულადმა ნაკადებმა $3 მილიარდს მიაღწია, ხოლო ნაღდმა ფულმა — $4.3 მილიარდს. მეორე მეოთხედში Caterpillar-მა $1.8 მილიარდის ოდენობით ნაღდი ფული ჩვეულებრივი აქციების გამოსყიდვისთვის, ხოლო $0.6 მილიარდი დივიდენდების გასაცემად გამოიყენა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Caterpillar-ის აქციებს?
Caterpillar-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $333.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $349.83-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $435.00-ს, ხოლო მინიმალური — $257.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Caterpillar-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.15%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Caterpillar-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.