საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პირველად საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ინვესტირება და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა სწრაფად, მარტივად, ნებისმიერი ადგილიდან, პირდაპირ მობილბანკიდანაა შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს მსოფლიოს მოწინავე კომპანიების აქციების შეძენა ერთი კლიკით, საკუთარ მობილბანკში 1 დოლარითაც კი შეუძლია. ინვესტირება წამყვან საერთაშორისო კომპანიების აქციებში ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა.
სიახლე საქართველოს ბანკის, მისი ჯგუფის შვილობილი კომპანია, “Galt & Taggart”-ისა და საერთაშრისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-ის პარტნიორობით ინერგება.“DriveWealth”- ფინანსური ტექნოლოგიების წამყვანი პლატფორმაა, რომელიც საქმიანობას 153 ქვეყანაში ახორციელებს. კომპანიის მომხმარებლებს შორის კი ისეთი ორგანიზაციები არიან, როგორიცაა: Revolut, Hatch, MoneyLion და Sharesies.
„საქართველოს ბანკის ინვესტიციები“ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას საქართველოში ყველაზე დაბალი საკომისიოებით, ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით ივაჭრონ, როგორიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმით შესაძლებელი ხდება წილადობრივი (fractional) ინვესტირება. ამასთან, საინვესტიციო ანგარიშის გახსნა ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი.
„მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ საქართველოს ბანკის, “Galt & Taggart”-ისა და “DriveWealth”-ის პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი – „საქართველოს ბანკის ინვესტიციები“. „DriveWealth”-ი პიონერია აღნიშნული მიმართულებით და მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობს ფინანსურ ინსტიტუტებთან (ნეობანკები, ფინტექები, ტრადიციული ბანკები და სხვ.) რათა მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე, ციფრული გამოცდილებები შესთავაზონ. საქართველოს ბანკის მობილბანკიდან უკვე შესაძლებელია აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა, რაც სრულიად ცვლის ინვესტირების აქამდე არსებულ გამოცდილებას. ინვესტიციების მოდულის მეშვეობით, დღეს უკვე ინვესტირება იმაზე ხელმისაწვდომი და მარტივია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა“, – აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.