2022 წელს მეგა საცალო მოვაჭრეების – Walmart-ისა და Target-ის აქციებმა დარტყმა განიცადა. ორივე კომპანიამ მომგებიანობის კლება დააფიქსირა და მოგების წლიური პერსპექტივები შეამცირა, უოლ სტრიტმა კი ეს სიახლე ნეგატიურად მიიღო.
თუმცა, ამ ბიზნესების გაყიდვების ტენდენციები ჯერ კიდევ შედარებით ძლიერია. და, როგორც ჩანს, კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს მკაცრი გადაწყვეტილებები ინვენტარიზაციის მიმართულებით, რათა მომავალში შედეგები გაუმჯობესდეს.
მოდით, განვიხილოთ, თუ რომელი მათგანი უფრო ღირებული დანამატი იქნება ახლა თქვენი საინვესტიციო პორტფელისთვის.
Walmart უფრო სტაბილურია
ორივე ქსელი დააზარალა მომხმარებელთა მოთხოვნის რყევამ. მრავალი პროდუქტის კატეგორიაზე, რომლებიც პანდემიის ადრეულ ფაზებში პოპულარული გახდა, მოთხოვნა შემცირდა. ეს ცვლილება კომპანიებს ძვირი დაუჯდა, რადგან ნეგატიური ცვლილებები განხორციელდა ნიშებში, რომლებსაც მაღალი მარჟა და მოცულობა გააჩნია, როგორიც არის სახლის ავეჯეულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საცალო მოვაჭრეები მარაგის უბრალოდ განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნებას ვერ შეძლებდნენ. მათ მოუწიათ ფასის დაკლება, რომ მარაგები გაეყიდათ და მომავალი სეზონის პროდუქციისთვის ადგილი გამოეყოთ.
Walmart ამ გამოწვევას ბევრად უკეთ უმკლავდება, ვიდრე Target, რაც ხნის, თუ რატომ მიიჩნევს ბევრი ინვესტორი ამ კომპანიის აქციებს უფრო ნაკლებად სარისკო ინვესტიციად. რა თქმა უნდა, მისი მომგებიანობა მთლიანობაში უფრო დაბალია, მაგრამ საცალო ვაჭრობის ტიტანის უზარმაზარო გლობალური გაყიდვების ქსელი და მისი ფოკუსირება ყოველდღიურ საჭიროებებზე, კომპანიას, შემოსავლების დიდი კლების მიმართ, ნაკლებად მგრძნობიარეს ხდის.
მეორეს მხრივ, Target-ის მენეჯმენტი მოელის, რომ კომპანიის საოპერაციო მარჟა მკვეთრად დაეცემა მისი წინა დონიდან, რომელიც გაყიდვების თითქმის 10%-ს შეადგენდა. ამიტომ, თუ თქვენი მიზანი სტაბილურობაა, შესაძლოა, Walmart ახლა უკეთესი არჩევანი იყოს.
Target-ს ზრდის უკეთესი პერსპექტივები აქვს
დააკვირდით შემოსავლის ამჟამინდელ ვარდნას და Walmart-თან შედარებით Target-ის პოტენციურად ძლიერი ზრდის ნიშნებს დაინახავთ. პანდემიის დროს კომპანიამ $10 მილიარდზე მეტი მოცულობის ბაზრის წილი მოიპოვა, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიც არის სახლის ავეჯეულობა და სილამაზის პროდუქტები. რაც მთავარია, კოვიდ-19-თან დაკავშირებული შიშის შემცირების ფონზე, მომხმარებლები კომპანიას არ ტოვებენ.
Target-ის მომხმარებელთა ტრეფიკი მეორე კვარტალში 3%-ით გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა ერთი წლის წინ 13%-ით მოიმატა. ამ პერიოდის განმავლობაში Walmart-ის აშშ-ის მაღაზიებმა ამ მიმართულებით მხოლოდ 1%-იანი ზრდა დააფიქსირა. ეს სხვაობა ასახავს Target-ის განვითარების უფრო მიმზიდველ შესაძლებლობებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის სილამაზე, საკვები და საყოფაცხოვრებო ნივთები.
მომავალი
Target-ის აქციების ფასების მკვეთრი ვარდნა ამ წელს შეიძლება მენეჯმენტის მიერ 2022 წლის დანარჩენი პერიოდისთვის მომგებიანობის მითითებების შემცირებით იყოს გამოწვეული. მაღაზიათა ქსელის დიდი ექსპოზიცია დისკრეციულ პროდუქტებში ნიშნავს იმას, რომ მას უფრო მეტად დააზარალებს მომხმარებელთა მიერ ხარჯვის შემცირება ან უფრო ფართო რეცესია.
თუმცა, მოკლევადიანი მოგების პერსპექტივამ არ უნდა შეგაშინოთ. Target-ს ყველა ტიპის გაყიდვების გარემოში ნავიგაციისთვის შესაბამისი გამოცდილება გააჩნია. სწორედ ამიტომ ერთიანდება ის დივიდენდ არისტოკრატების ჯგუფში (Walmart-თან ერთად).
Target-ის P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ახლა 0.7-მდე არის შემცირებული – დაახლოებით იგივე, რაც Walmart-ის P/E, რომელიც 0.6-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი გასული წლის განმავლობაში 1.2-ს აღწევდა.
დიახ, მომდევნო რამდენიმე კვარტალი შეიძლება რთული იყოს Target-ისთვის და Walmart, სავარაუდოდ, უფრო სტაბილურ შემოსავალსა და მოგებას გამოიმუშავებს, მაგრამ დღესდღეობით Target უკეთესი გრძელვადიანი ინვესტიციაა.