წლის აქტიურად დაწყების შემდეგ, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასები შემცირდა, რადგან საქონლის ფასები (განსაკუთრებით ბუნებრივი აირის ფასები შეერთებულ შტატებში) ბოლო კვირებში დაეცა. მიუხედავად ამისა, ენერგეტიკის სექტორი დღემდე ყველაზე წარმატებული იყო, რადგან ძირითადი საბაზრო ინდექსები კორექტირების ან bear market-ის ტერიტორიაზე რჩება.
უორენ ბაფეტი კვლავ ენერგეტიკის სექტორისადმია მიდრეკილი და ამ მიმართულებით თავისი ექსპოზიციის გაზრდას აგრძელებს. მოდით განვიხილოთ ლეგენდარული ინვესტორის პოზიციები Occidental Petroleum-სა და Chevron-ში და ვნახოთ, რომელია უკეთესი ინვესტიცია.
Occidental Petroleum
Occidental-ისთვის 2022 წლის პირველი ნახევარი ზრდის პერიოდი იყო. აქციის ფასმა პიკს – $70.86-ს 26 მაისს მიაღწია და წლიდან წლამდე 5 თვეზე ნაკლებ დროში 114%-იანი შემოსავალი გამოიმუშავა. მას შემდეგ აქციების ფასი დაახლოებით 10%-ით დაეცა. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ ბაფეტი ამ უკან დახევას აღიქვამს, როგორც ყიდვის შესაძლებლობას. მისმა Berkshire Hathaway-მა გასულ კვირას Occidental-ის დამატებით 12 მილიონი აქცია იყიდა, რამაც Berkshire-ის მთლიანი პოზიცია კომპანიაში 175.4 მილიონ აქციამდე გაზარდა.
გასაკვირი არ არის, რომ ბაფეტს Occidental-ის აქციებში მეტი თანხის დაბანდება სურს. ნავთობის ფასი ბარელზე $100-ს აჭარბებს და კომპანია დიდი მოცულობით თავისუფალი ფულადი ნაკადების გამომუშავებას აგრძელებს. ბოლო კვარტალში, ფულადი სახსრების თავისუფალი ნაკადი ერთ აქციაზე $10.26-მდე გაიზარდა. კომპანიის ამჟამინდელი ფასისა და თავისუფალი ფულადი ნაკადების თანაფარდობა (P/FCF) 6-ს უტოლდება, რაც გაცილებით დაბალია მის ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელზე – 25.3.
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ, როგორც ჩანს, Occidental-ის აქციები იაფია და სრულიად გასაგებია, რომ Berkshire მათში ინვესტირებას განაგრძობს.
უფრო მეტიც, კომპანიამ ორი ძირითადი ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც ბაფეტს და სხვა აქციონერებს გაახარებს:
- $3 მილიარდის მოცულობის აქციების გამოსყიდვის პროგრამა
- წმინდა ვალის შემცირება $20 მილიარდამდე
2022 წლის პირველ კვარტალში Occidental-მა უკვე გამოისყიდა 9 მილიონი აქცია. კომპანიამ თავისი წმინდა ვალი დაახლოებით $24 მილიარდამდე შეამცირა, რაც სამი წლის წინანდელ პიკზე 44%-ით ნაკლებია.
Chevron
Chevron-ს Occidental-ის მსგავსი წარმატებები არ ჰქონია, მაგრამ მასაც კარგი წელი ჰქონდა. კომპანიის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე 23%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, Chevron-ის აქციების ფასი პიკთან შედარებით 21%-ით არის შემცირებული – Occidental-ის მხოლოდ 10%-თან შედარებით. Chevron უფრო მეტად ექვემდებარება გადამუშავებასა და საცალო ვაჭრობას – ბიზნესებს, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკის ქვეშ მოექცნენ.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრია ბენზინის მაღალ ფასთან დაკავშირებით გააკრიტიკა, Chevron-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – მაიკ ვირტმა პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, სადაც უარყო პრეტენზია, რომ მაღალ ფასებში ნავთობის მწარმოებლები და გადამამუშავებელი კომპანიები იყვნენ დამნაშავეები. თავის წერილში ვირტმა პრეზიდენტს შესთავაზა წინადადებები მიწოდების გაზრდისა და ფასების დაწევის მიზნით.
ზოგიერთი კანონმდებელი ნავთობისა და ბუნებრივი აირისთვის მოულოდნელი მოგების გადასახადის (ერთჯერადი გადასახადი, რომელიც უწესდება კომპანიას ან ინდუსტრიას მაშინ, როდესაც ეკონომიკური პირობები დიდ და მოულოდნელ მოგებას იწვევს) დაწესებას მოითხოვდა. ასეთი გადასახადი წაშლის მოგების დიდ ნაწილს და თავისუფალ ფულად ნაკადებს, რომლითაც ნავთობკომპანიებმა 2022 წელს ისარგებლეს. მიუხედავად იმისა, რომ Chevron-ის წარმოებისა და გაყიდვების უმეტესი ნაწილი აშშ-ის ფარგლებს გარეთაა, მოულოდნელი მოგების გადასახადის დადგენამ მაინც შესაძლებელია საზღვარგარეთულ მოგებაზე იმოქმედოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კონგრესის მიერ ამჟამად ასეთი გადასახადის მიღება ნაკლებად სავარაუდოა.
იმავდროულად, Chevron-ის ფინანსური პერსპექტივები კვლავ ნათელია. კომპანიამ ბოლო 12 თვის განმავლობაში $176 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა. 2015 წლის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფულადი სახსრების თავისუფალი ნაკადები ერთ აქციაზე $12.86-მდე გაიზარდა. კომპანიამ კვარტალური დივიდენდი $1.42-მდე გაზარდა და აქციების გამოსყიდვის პროგრამის გაორმაგება დააანონსა – წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომავალ წელს კომპანია $10 მილიარდის ღირებულების აქციებს შეისყიდის.
რომელში ინვესტირება სჯობს?
Chevron გთავაზობთ ბევრს, მათ შორის 4.03%-ის ოდენობით დივიდენდურ სარგებელს, თუმცა ეჭვგარეშეა რომ თავად უორენ ბაფეტი Occidental-ში მეტ ღირებულებას ხედავს – ყოველ შემთხვევაში ახლა. ყველაფერი დამოკიდებულია ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოებაზე იმ დროს, როდესაც ენერგიის მიწოდება მჭიდროა და ფასები მაღალია. აქციების გამოსყიდვაზე და ვალის გადახდაზე ფოკუსირებული Occidental, როგორც ჩანს, აქცენტს კვლავ აქციონერებისთვის ღირებულების მიწოდებაზე აკეთებს.