ძირითადი მასალების სექტორი არის ინდუსტრიის კატეგორია, რომელიც შედგება ნედლეულის აღმოჩენით, განვითარებითა და გადამუშავებით დაკავებული ბიზნესებისგან. სექტორი მოიცავს კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან სამთო მრეწველობის, ლითონის გადამუშავების, ქიმიური პროდუქტებისა და სატყეო პროდუქტების წარმოებაში.
ამ სექტორში გაერთიანებულნი არიან კომპანიები, რომლებიც ბაზარს სამშენებლო მასალების უმეტესობას აწვდიან. ეს ფაქტი ასეთ ფირმებს და მათ აქციებს მგრძნობიარეს ხდის ეკონომიკური ციკლების მიმართ. ისინი შესანიშნავი წარმადობით ხასიათდება მაშინ, როდესაც ეკონომიკა ძლიერია.
ძირითადი მასალების გააზრება
ძირითადი მასალების სექტორის კომპანიები ჩართულნი არიან მრავალი პროდუქტის ფიზიკურ შეძენაში, განვითარებასა და საწყის გადამუშავებაში, რომელსაც, ჩვეულებრივ, ნედლეულს უწოდებენ.
უმეტესწილად, ნედლეული წარმოადგენს ბუნებრივ რესურსებს. ზოგიერთი მათგანი შეზღუდულად ითვლება. სხვები ხელახლა გამოყენებადია, მაგრამ არ არის ხელმისაწვდომი დროის ნებისმიერ მოცემულ მომენტში უსასრულო რაოდენობით.
კლასიფიკაცია
სექტორში ყველაზე გავრცელებული მასალებია მოპოვებული პროდუქტები, როგორიცაა ლითონები და მადნეული, ასევე სატყეო პროდუქტები. ძირითადი მასალების სექტორში ასევე შედის გარკვეული ქიმიური პროდუქტები და ენერგიის წყაროები.
კონტეინერები და შეფუთვა ასევე კლასიფიცირდება, როგორც ძირითადი მასალები.
ყველა ბიზნესი, რომლის საქმიანობაც ძირითად მასალებთან არის დაკავშირებული, ამ სექტორში არ შედის. მაგალითად, მაშინ, როცა ლითონის მომპოვებელი კომპანია ძირითადი მასალების გადამამუშავებლად ითვლება, საიუველირო კომპანია ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება. ეს უკანასკნელი ითვლება საცალო ან საბითუმო მოვაჭრედ, რომელიც ძირითადი მასალის მყიდველია.
ყველა ქიმიური ნივთიერებაც კი არ არის კვალიფიცირებული, როგორც ძირითადი მასალა. მაგალითად, სამრეწველო სასუქები და საღებავების დანამატები კლასიფიცირდება როგორც კომპლექსური საწმენდი ან ფარმაცევტული საშუალებები.
ენერგიის წყაროები
ენერგიის გარკვეული წყაროები, განსაკუთრებით ბუნებრივი აირი, ძირითად მასალად არის მიჩნეული. ნედლი ნავთობი და ნახშირი ამ კატეგორიაში ერთიანდება ბუნებრივი მდგომარეობით, ისევე როგორც ზოგიერთი რაფინირებული პროდუქტი, როგორიცაა ბენზინი.
ამ პროდუქტების რაფინირებული ვერსიებიც ძირითადი მასალების სექტორში შედის, რადგან მათზე მოთხოვნა თითქმის უნივერსალურია. ისინი კრიტიკულია თითქმის ყველა ინდუსტრიის მუშაობისთვის.
ძირითად მასალებზე მოთხოვნა
ძირითადი მასალების სექტორი ექვემდებარება მიწოდებისა და მოთხოვნის კანონს ისევე, როგორც სამომხმარებლო საქონელი. სინამდვილეში, ისინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. თუ სამომხმარებლო საქონელზე მოთხოვნა იკლებს, შემცირება აღინიშნება მის წარმოებაში ჩართული ნედლეულის მოთხოვნაზეც.
ძირითადი მასალების სექტორზე ასევე ზემოქმედებს ცვლილებები საბინაო ბაზარზე, რადგან სამშენებლო პროექტებში ბევრი სახის ნედლეული გამოიყენება.
ძირითადი მასალების კომპანიების მაგალითები
ძირითადი მასალების სექტორში სამი უმსხვილესი ამერიკული კომპანია შედის და სამივე მათგანი ნავთობის ბიზნესშია ჩართული. ესენია Exxon Mobil, Chevron და ნავთობის საბადოების მომსახურების კომპანია — Schlumberger Ltd.
ამ სექტორში ასევე შედის ქიმიური კომპანიები DuPont de Nemours and Co. და Monsanto Co. გარდა ამისა, სამშენებლო მასალების ორი დიდი მწარმოებელი — Vulcan Materials Co. და Steel Dynamics Inc.
ძირითადი მასალების სექტორის აქციები
300-ზე მეტი ურთიერთდახმარების ფონდი, საინდექსო ფონდი და გაცვლითი სავაჭრო ფონდია (ETF) ფოკუსირებული ძირითადი მასალების სექტორში ინვესტირებაზე. მათ მაგალითებს წარმოადგენს Vanguard-ის Vanguard Materials ETF, Blackrock-ის iShares Global Materials ETF და iShares U.S. Basic Materials ETF.