გუშინ, ანალიტიკოსების დადებითი შეფასების შემდეგ, Apple-ის (AAPL) აქციების ფასი თითქმის 2%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ით არის გაუმჯობესებული.
დამოუკიდებელი საინვესტიციო ბანკის და აქტივების მართვის ფირმის — Needham-ის ანალიტიკოსებმა Apple-ის აქციების სამიზნე ფასი $220-დან $260-მდე გაზარდეს. ამ გადაწყვეტილების განმარტებისას მათ ხაზი გაუსვეს ტექნოლოგიური გიგანტის აქციების გამოსყიდვის რეკორდულ პროგრამას და iPhone-ის მწარმოებლის პოტენციალს, მიიღოს სარგებელი რეკლამების გაყიდვით Apple TV+-ზე, App Store-სა და სხვა პლატფორმებზე.
$110 მილიონის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა
Needham-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ Apple ქმნის ღირებულებას აქციონერებისთვის თავისი $110-მილიარდიანი აქციების გამოსყიდვის პროგრამის საშუალებით. უახლეს ისტორიაში ეს რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს, რაც აღემატება წინა რეკორდს, რომელიც ასევე Apple-მა დაამყარა.
Needham-ის ანალიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს — Apple საკუთარი აქციების გამოსყიდვით არის დაკავებული იმის ფონზე, რომ ბევრი სხვა ტექნოლოგიური გიგანტი ფულს ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებისთვის ხარჯავს. ზოგიერთი ინვესტორი და ექსპერტი კი გამოთქვამს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მოიტანს ეს ინვესტიციები სასურველ ანაზღაურებას.
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის Microsoft (MSFT), Alphabet (GOOGL), Meta Platforms (META) და Amazon (AMZN) მომდევნო 5 წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის ინვესტიციებზე მთლიანობაში $1 ტრილიონზე მეტს დახარჯავენ.
Capital Group-ის ანალიტიკოსები კი პროგნოზირებენ, რომ ტექნოლოგიური გიგანტების — Microsoft, Alphabet, Meta და Amazon — კაპიტალური ხარჯები 2024 წელს $189 მილიარდს მიაღწევს, რაც S&P 500 ინდექსის კომპანიების მთლიანი კაპიტალური დანახარჯების მეხუთედზე მეტს (21%) შეადგენს.
მეტი რეკლამის გაყიდვა
Needham-ის ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ რეკლამა შეიძლება წარმოადგენდეს Apple-ის ზრდის მთავარ შესაძლებლობას — მათ Amazon-ის მრავალ მილიარდ დოლარიან სარეკლამო ბიზნესზე მიუთითეს.
ანალიტიკოსების თქმით, მხოლოდ AppleTV+-ზე რეკლამების გაყიდვამ შეიძლება ფისკალურ 2024 წელს Apple-ის შემოსავლების ზრდის ტემპი გააორმაგოს. App Store-ში რეკლამის შემოტანამ კი, შესაძლოა, აღმასვლა კიდევ უფრო დააჩქაროს.
Needham-ის ანალიტიკოსების თქმით, ისინი ვერ ასახელებენ შემოსავლის სხვა უფრო დიდ და მომგებიან ნაკადს Apple-ისთვის, განსაკუთრებით რეკლამებთან დაკავშირებული მაღალი მარჟის განაკვეთების გათვალისწინებით.
როგორ აფასებს უოლ სტრიტი Apple-ის აქციებს?
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $233.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $222.64-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $275.00-ს, ხოლო მინიმალური — $164.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4.4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 24-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.