გუშინ „It’s Glowtime“ ღონისძიებაზე Apple-მა (AAPL) წარადგინა ახალი პროდუქტების სია, მათ შორის იყო iPhone 16, რომელიც შექმნილია ხელოვნური ინტელექტისთვის (AI). კომპანია ფსონს დებს AI-ზე, როგორც ახალი სმარტფონების გაყიდვის მთავარ მამოძრავებელ ძალაზე.
ტექნოლოგიური გიგანტის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ხელოვნური ინტელექტის მქონე რამდენიმე ფუნქცია, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება iPhone 16-ზე; ესენია: ტექსტისა და სურათების გენერირება, ასევე კითხვები და ბრძანებები, რომლებთან გამკლავებასაც განახლებული Siri შეძლებს.
Apple-ის AI-ის მხარდაჭერილი მომავალი
გუშინდელმა ღონისძიებამ ხაზი გაუსვა რამდენიმე ადრე დაანონსებულ მახასიათებელს, როგორებიც არის Apple-ის ახალი Image Playground AI გამოსახულების გენერატორი და პერსონალური emoji-ის AI-ის შექმნის შესაძლებლობა. გუშინ ასევე შედგა რიგი ახალი ფუნქციების დებიუტი.
iPhone 16 გამოიყენებს Siri-ის და A18 ჩიპის ახალ, უფრო მძლავრ ვერსიას, რათა უკეთ გაიგოს კითხვები და ბრძანებები, შეძლოს უფრო ფართო ამოცანების შესრულება, როგორებიც არის ელ. წერილების შეჯამება, კორექტირება ან ტექსტის ბლოკების ტონის შეცვლა და მომხმარებლების მედია ბიბლიოთეკაში კონკრეტული ფოტოების პოვნა.
ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები შემოთავაზებული იქნება უფასო პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების სერიის სახით; შემდეგ თვეში Apple Intelligence ინგლისურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო მომავალ წელს — სხვა ენებზე, როგორებიც არის ჩინური და ესპანური.
ახალი „კამერის კონტროლის“ ღილაკი მომხმარებლებს ასევე საშუალებას მისცემს, გადაიღონ სურათები, შეცვალონ მასშტაბირება ან სხვა პარამეტრები თითის სმარტფონის გვერდითა მხარეზე განთავსებით. ისინი ასევე წვდომას მიიღებენ ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებზე, როგორებიც არის ძეგლის ან მდებარეობის ძიება მისი სურათის გადაღების საშუალებით.
iPhone 16-ისა და 16 Plus-ის ფასები, შესაბამისად, $799-დან და $899-დან დაიწყება. დღემდე ყველაზე დიდი ეკრანით აღჭურვილი iPhone-ების — 16 Pro-ისა და Pro Max-ის ფასები, შესაბამისად, $999-დან და $1,199-დან დაიწყება. ოთხივე მოდელი 20 სექტემბერს გამოვა.
Apple-მა ასევე დააანონსა ახალი AirPods, Watch Series 10
Apple-მა ასევე დააანონსა Apple Watch Series 10, რომელიც კომპანიის სმარტ საათებს შორის ყველაზე დიდი დისპლეით არის აღჭურვილი. ისიც 20 სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი და ფასი $399-დან დაიწყება ($499-დან ფიჭური მობილური ვერსიისთვის). ახალ საათებს ასევე ექნება ახალი ოპერაციული სისტემა, ისეთი ფუნქციებით, როგორებიც არის Apple translate აპლიკაცია, საათის დამუხტვის დროის გაუმჯობესება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალი ფუნქციები, მაგალითად, ძილის აპნოეს გამოვლენა.
Apple-ის წარმომადგენლებმა ასევე დააანონსეს AirPods 4 — ახალი ყურსასმენები განახლებებით, როგორიც არის, მაგალითად, Siri-ის შეტყობინებებზე პასუხის გაცემა თავის დაქნევის საშუალებით. ახალი AirPods ასევე გამოვა 20 სექტემბერს და მისი ფასი დაიწყება $129-დან ($179-დან ხმაურის გაზრდილი შესაძლებლობების მქონე მოდელისთვის).
როგორ იმოქმედებს გუშინდელი ღონისძიება კომპანიის აქციებზე?
Apple-ის ღონისძიების დაწყებამდე ანალიტიკოსებმა ინვესტორები გააფრთხილეს, რომ ზედმეტად მაღალი მოლოდინები არ შეექმნათ. Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების თქმით, ისტორიულად, Apple-ის აქციების ფასი S&P 500-ის წარმადობას ჩამორჩებოდა iPhone-ის გამოშვების დღეს. თუმცა სხვები ვარაუდობდნენ, რომ ხელოვნური ინტელექტის ენთუზიაზმი აქციებს ისტორიული შაბლონების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებოდა.
მიუხედავად iPhone-ის მწარმოებლის AI შესაძლებლობის ირგვლივ პოზიტიური შეხედულებებისა, Morgan Stanley-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ შესაძლოა ამ მოვლენას კომპანიის აქციების ფასი შეემცირებინა. თუმცა საინვესტიციო ბანკში მიიჩნევენ, რომ ახალი მოწყობილობები და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია, სავარაუდოდ, მომდევნო თვეებში წარმადობას გააუმჯობესებს.
Apple-ის პერსპექტივების მიმართ პოზიტიურად განწყობილი ინვესტორები თვლიან, რომ შეიძლება ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილმა iPhone 16-მა კომპანიისთვის „ოქროს განახლების ციკლი“ დაიწყოს.
Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების აზრით, გუშინდელი ღონისძიების ზემოქმედება აქციებზე ისტორიული გამოცდილებისგან განსხვავებული არ იქნება. თუმცა ისინი ხედავენ Apple-ის პოტენციალს, წარმადობა ისტორიულ სეზონურობაზე უკეთესი იყოს წლის ბოლომდე, რადგან iPhone 16-ისა და Apple Intelligence-ის გამოშვება ხელს შეუწყობს შეჩერებული მოთხოვნის განბლოკვას.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Apple-ის აქციებს?
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $221.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $249.48-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $300.00-ს, ხოლო მინიმალური — $186.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 25-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.