პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, American Express-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი გლობალურად ინტეგრირებული გადახდების კომპანიის აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 23%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური მაჩვენებლები
ახლა ინვესტორები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან ბანკების კვარტალურ შედეგებს, რათა გაიგონ, რამდენად ზემოქმედებს მაღალი საპროცენტო განაკვეთები მათ ფინანსურ მდგომარეობაზე. შესაძლოა, American Express-ის შედეგებმა ამ ეჭვების ნაწილის გაქარწყლებას შეუწყოს ხელი.
პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალმა $15.8 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $15.79 მილიარდი), მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $3.33 შეადგინა (პროგნოზი — $2.95). შემოსავალი წლიურად 11%-ით გაუმჯობესდა, ხოლო მოგება — 39%-ით, რაც გამოწვეულია კლიენტების უფრო მაღალი ხარჯებითა და საკომისიოზე დაფუძნებული ძლიერი შემოსავლით.
„განვაგრძობთ მაღალი ხარჯებისა და კარგი საკრედიტო შეფასების მქონე კლიენტების მოზიდვას — კვარტალში ახალი ბარათების რაოდენობა 3.4 მილიონამდე გაიზარდა“ — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ ჯ. სკერიმ. „ჩვენ კვლავ ვხედავთ ძლიერ მოთხოვნას მილენიალებისა და თაობა ზეტის წარმომადგენელი მომხმარებლებისგან, რომლებიც გლობალურად სამომხმარებლო ანგარიშების რაოდენობის ზრდის 60%-ზე არიან პასუხისმგებელნი“.
American Express-ის საკრედიტო დანაკარგებისთვის განკუთვნილმა კონსოლიდირებულმა რეზერვებმა $1.3 მილიარდს მიაღწია. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში ეს მაჩვენებელი $1.1 მილიარდს შეადგენდა.
რას უნდა მოველოდეთ მომავალში?
რაც შეეხება მომავალს, American Express-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის შემოსავალი 9%-11%-ით გაიზრდება, ხოლო მოგება თითო აქციაზე $12.65-$13.15-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად აღემატება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $12.08-ს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები American Express-ის აქციებს?
American Express-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $231.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $223.81-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $265.00-ს, ხოლო მინიმალური — $159.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი American Express-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 20 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
American Express-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.