პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, American Express-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი საკრედიტო ბარათების და ფინანსური მომსახურების ფირმის აქციების ფასი 7%-ზე მეტით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ძლიერმა პროგნოზებმა და დივიდენდების გაზრდამ, მიუხედავად მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგებისა, ინვესტორების განწყობაზე დადებითად იმოქმედა.
გასული წლის მეოთხე კვარტალში American Express-ის შემოსავალი წლიურად 11%-ით — $15.8 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $16 მილიარდი). EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $2.62 შეადგინა (პროგნოზი — $2.64).
American Express-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო უფრო მაღალი წმინდა საპროცენტო შემოსავლით და ბარათების მფლობელების მომატებული ხარჯებით.
გასულ მეოთხედში ხარჯები 5%-ით გაიზარდა, ძირითადად მომხმარებელთა ჩართულობასთან დაკავშირებული მაღალი დანახარჯების გამო. აღმასრულებელი დირექტორის — სტივენ სკერის თქმით, საოპერაციო ხარჯები ნაწილობრივ არგენტინული პესოს გაუფასურების გამო გაიზარდა და, ამასთან იმ მიზეზითაც, რომ კომპანია თავის თანამშრომლებს მეტს უხდიდა. „2023 წლის განმავლობაში ფირმა განაგრძობდა მომხმარებელთა ძლიერი ჩართულობის განვითარებას და მოთხოვნა ჩვენს პრემიუმ პროდუქტებზე კვლავ მტკიცე იყო“ — თქვა სტივენმა.
რაც შეეხება მომავალს, American Express-ის მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წელს შემოსავალი 9%-11%-ით გაიზრდება, ხოლო EPS $12.65-$13.15-ს მიაღწევს. სტივენ სკერიმ განაცხადა, რომ განახლებული პერსპექტივა კომპანიის ბიზნესის იმპულსს ეფუძნება.
გარდა ამისა, AmEx-მა კვარტალური დივიდენდური სარგებელი $0.60-დან $0.70-მდე გაზარდა.
American Express-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $201.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $201.11-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $235.00-ს, ხოლო მინიმალური — $157.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი American Express-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.2%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 21 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
American Express-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.