Amazon-ის მიტანის სერვისისა და საწყობის მუშაკები, რომლებიც ესპანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი პროფკავშირის წევრები არიან, მომავალ კვირას გეგმავენ „სიმბოლურ“ გაფიცვას, რომელიც „კიბერ ორშაბათს“ (Cyber Monday) დაემთხვევა.
Cyber Monday არის აშშ-ის მადლიერების დღესასწაულის მომდევნო ორშაბათს, რომელიც ონლაინ საცალო მოვაჭრეების მიერ არის ხელშეწყობილი, როგორც განსაკუთრებით ხელსაყრელი გარიგებების დღე.
გავრცელებული ინფორმაციით, ესპანური პროფკავშირის — The Workers’ Commission-ის წარმომადგენლები Amazon-ის ლოჯისტიკის 20,000 თანამშრომელს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ერთსაათიან გაფიცვაში სამი ცვლიდან თითოეულში 27 და 28 ნოემბერს.
პროფკავშირი ცდილობს, მხარი დაუჭიროს შრომის უსაფრთხოებას, ასევე მოიპოვოს უფრო მაღალი ხელფასი, რომელიც, The Workers’ Commission-ის წარმომადგენლების თქმით, ამ მუშაკებზე დაკისრებული სამუშაოს მოცულობას შეესაბამება.
„სიმბოლურია, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯია და მომავლისთვის სხვა სახის ქმედებებს განვიხილავთ“ — განუცხადა ორშაბათს Reuters-ს დუგლას ჰარპერმა, Amazon-ის Workers’ Commission-ის გენერალურმა მდივანმა.
Amazon ეჭვქვეშ აყენებს შრომის შეწყვეტის აუცილებლობას და Reuters-ისთვის გაგზავნილ განცხადებაში წერს: „ჩვენი პერსონალი მთელი ესპანეთის მასშტაბით უკვე მუშაობს უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში კონკურენტული ხელფასებითა და შეღავათებით“.
აღსანიშნავია, რომ საშოპინგო დღეები, როგორიცაა „შავი პარასკევი“ და „კიბერ ორშაბათი“, მეოთხე კვარტლის შემოსავლის მნიშვნელოვანი კომპონენტებია ელექტრონული კომერციის პლატფორმებისთვის, როგორიცაა Amazon.
გარდა ამისა, Amazon შავ პარასკევს სამუშაო პროცესის შეჩერების საშიშროების წინაშე დგას საერთაშორისო კამპანიის “Make Amazon Pay”-ის ფარგლებში, რომელსაც 130 ქვეყანაში შრომით ქმედებებზე პასუხისმგებელი 80 პროფკავშირის კოალიცია ხელმძღვანელობს. ეს გაფიცვა აერთიანებს მუშაკებს აშშ-ში ინგლისში, იტალიასა და გერმანიაში.
„მუშაკებმა იციან, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში არიან ისინი ან რა სახის სამუშაოს ასრულებენ, ჩვენ ყველანი ერთიანნი ვართ ღირსეული სამუშაო პირობებისთვის ხმამაღლა ბრძოლაში“ — განაცხადა გლობალური პროფკავშირის, UNI-ს გენერალურმა მდივანმა — კრისტი ჰოფმანმა.