გუშინ, 2023 წლის ლოს ანჯელესის ავტო შოუზე, Amazon-ისა და Hyundai Motor Group-ის წარმომადგენლებმა დააანონსეს პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც, ელექტრონული კომერციის გიგანტი მომავალი წლიდან აშშ-ის მომხმარებლებზე ავტომობილებს გაყიდის. სამხრეთ კორეული ავტომწარმოებელი კი დათანხმდა, გამოიყენოს Amazon Web Services (AWS), როგორც უპირატესი ქლაუდ პროვაიდერი და ჩააშენოს Alexa მოწყობილობები თავის შემდეგი თაობის ავტომობილებში.
პარტნიორობის შესახებ განცხადებაში Amazon-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს შეთანხმება წარმოადგენს ავტომობილების ონლაინ გაყიდვის პროგრამის წამოწყებას აშშ-ში.
Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ენდი ჯასიმ თქვა, რომ ეს პარტნიორობა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შეუკვეთონ Hyundai-ის ავტომობილები მარტივად და ისინი ადგილობრივი სადილერო კომპანიიდან გამოიყვანონ. Alexa-ს გამოყენება Hyundai-ის მანქანებში კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ ჰქონდეთ წვდომა გასართობ სერვისებზე, შოპინგზე, ჭკვიანი სახლის და კალენდრის შემოწმების ფუნქციებზე.
მომხმარებლები შეძლებენ Amazon-ის პლატფორმაზე აღმოაჩინონ თავიანთ ტერიტორიაზე არსებული ავტომობილები კონკრეტული პრეფერენციების საფუძველზე, როგორებიც არის მოდელი, ფერი და სხვა მახასიათებლები.
Amazon-ისა და Hyundai Motor Group-ის პარტნიორობის შესახებ სიახლემ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა უკვე იქონია. ავტომობილების ონლაინ სადილერო კომპანიების — Carvana-სა და CarMax-ის აქციებმა გუშინ ღირებულების 5%-ზე მეტი დაკარგა.
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $143.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 40 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $175.51-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $210.00-ს, ხოლო მინიმალური — $145.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23%-იან ზრდას გულისხმობს.