გუშინ, ანალიტიკოსების დადებითი შეფასების შემდეგ, Apple-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის შემცირებული.
Bernstein-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ Apple არის არსებითი სამომხმარებლო ბრენდი, რომლის აქციების ფასიც ზედმეტად შემცირდა სუსტი კვარტალური ანგარიშისა და ჩინეთთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
Bernstein-მა Apple-ის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა და კომპანიას $195-ის ტოლი სამიზნე ფასი შეუნარჩუნა. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური გიგანტი კვარტალურ შედეგებს ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, გამოაქვეყნებს.
Bernstein-ის ანალიტიკოსების თქმით, Apple-ის აქციების ფასის ბოლოდროინდელი ვარდნა შესანიშნავ საინვესტიციო შესაძლებლობას ქმნის. მათ ინვესტორებს ურჩიეს, უორენ ბაფეტს მიბაძონ. ანალიტიკოსების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბაფეტი გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორია, იგი საინვესტიციო პორტფელს Apple-ის აქციებს ამატებს მაშინ, როდესაც ფასი შედარებით მცირდება, ხოლო ყიდის მათ შედარებით მაღალი ნიშნულის მიღწევის შემთხვევაში.
iPhone 15 და ჩინეთი
ანალიტიკოსები წერენ, რომ წელს Apple-ის აქციების ფასი შემცირების მიზეზები ძირითადად იყო iPhone 15-ის სუსტი ციკლი და ეჭვები იმის შესახებ, რომ ტექნოლოგიური გიგანტის ბიზნესს ჩინეთში სტრუქტურული ხარვეზები აქვს.
თუმცა Bernstein-ში მიიჩნევენ, რომ Apple-ის პრობლემები ჩინეთში უფრო ციკლურია, ვიდრე — სტრუქტურული და ამ ქვეყანაში კომპანიის მაჩვენებლები ისტორიულად უფრო არასტაბილურია, ვიდრე — სხვაგან.
ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ჩინეთის სახელმწიფო სამსახურებში iPhone-ების აკრძალვების დიდი ნაწილი წლების განმავლობაში მუშავდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, შეზღუდვები უფრო ფართოდ არ ვრცელდება.
Bernstein-ის ანალიტიკოსებმა ასევე თქვეს, რომ iPhone 16-მა, გამოშვებისას, შეიძლება გამოიწვიოს გაყიდვების ახალი ციკლი მოწყობილობის ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციების გამო, რაც წააგავს iPhone-ის წინა მოდელების გამოსვლას Siri და FaceTime ფუნქციებით.
ანალიტიკოსებმა ასევე ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ, შესაძლოა, ამ ზაფხულს Apple-ის აქციების ფასი გაიზარდოს, რაც iPhone-ის გამოსვლის წინმსწრები პერიოდის ეფექტთან არის დაკავშირებული.
EU რეგულაციები
ჩინეთში არსებული პრობლემების გარდა, Apple-ს რეგულაციებთან დაკავშირებულ გამოწვევებთანაც უწევდა გამკლავება. გასულ თვეში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა შეიტანა ანტიმონოპოლიური სარჩელი კომპანიის წინააღმდეგ სმარტფონების ბაზარზე სავარაუდო მონოპოლიის გამო.
გარდა ამისა, გუშინ Apple მოხვდა სათაურებში, რადგან ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირის ციფრული ბაზრის აქტის მიხედვით, კომპანიის iPad ოპერაციული სისტემა უნდა განისაზღვროს, როგორც „gatekeeper” (ასეთი კომპანია იყენებს უპირატესობებს თავისი სისტემის ფარგლებში მონოპოლიის მოსაპოვებლად).
კანონი ძალაში შევიდა გასულ თვეში და მიზნად ისახავს, შეზღუდოს ანტიკონკურენტული ქცევა ტექნოლოგიური გიგანტებისგან, როგორებიც არის Apple, Alphabet, Microsoft და ა. შ.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Apple-ის აქციებს?
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $174.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 31 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $200.37-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $158.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 31 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.