გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Adobe-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, თუმცა მენეჯმენტმა მიმდინარე მეოთხედისთვის სუსტი პროგნოზები წარადგინა. შედეგად, სავაჭრო საათების შემდეგ, კომპიუტერული პროგრამების ამერიკული კომპანიის აქციების ფასი 11%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 2%-ით არის დაკლებული.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში Adobe-ის შემოსავალმა წლიურად 11%-ით მოიმატა და რეკორდულ ნიშნულს $5.18 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $5.14 მილიარდი).
გასულ მეოთხედში Adobe-ის წმინდა მოგებამ $2.05 მილიარდი შეადგინა. კორექტირებულმა მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $4.48-ს მიაღწია (პროგნოზი — $4.38). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი ამ მაჩვენებელმა $1.36 შეადგინა, რაც უოლ სტრიტის პროგნოზს $2.01-ით ჩამორჩა.
აღსანიშნავია, რომ გასული კვარტლის განმავლობაში კომპიუტერულმა კომპანიამ 3.1 მილიონი აქცია გამოისყიდა.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Adobe-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე, ანუ მეორე, კვარტალში კომპანიის შემოსავალი $5.25-$5.30 მილიარდს მიაღწევს. ანალიტიკოსების პროგნოზი კი $5.3 მილიარდს უტოლდება.
Adobe-ის მოლოდინი განზავებულ EPS-თან დაკავშირებით კი — $4.35-$4.40 — შეესაბამება უოლ სტრიტის პროგნოზს — $4.35-ს.
კომპანიას არ წარმოუდგენია მითითებები სრული 2024 წლისთვის, თუმცა მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Adobe დამატებით $25 მილიარდის ღირებულების აქციებს გამოისყიდის.
ჩაშლილი გარიგება
2024 წლის პირველ კვარტალში Adobe-მა შეიტანა განაცხადი Figma-ს შესყიდვის უარყოფის შესახებ. გარიგების გაუქმებისთვის კი კომპანიას $1 მილიარდის ოდენობით საფასურის გადახდა მოუწია.
შეგახსენებთ, რომ Adobe-ის წარმომადგენლებმა ონლაინ დიზაინის პლატფორმის შეძენის შესახებ ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში განაცხადეს. კომპანია Figma-სთვის $20 მილიარდის გადახდას გეგმავდა. თუმცა, Adobe-ის გენერალური მრჩევლის — დანა რაოს თქმით, კომპანიამ ევროკავშირის მარეგულირებლებს ვერ დაუმტკიცა, რომ ეს გარიგება მომავალში კონკურენტულ გარემოს არ დააზარალებდა.
ანალიტიკოსების შეფასებები
Adobe-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $570.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $636.42-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $700.00-ს, ხოლო მინიმალური — $465.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Adobe-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 26 ანალიტიკოსიდან 20-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Adobe-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.