DeepMind-ის თანადამფუძნებელი — მუსტაფა სულეიმანი Microsoft-ს უერთდება. იგი კომპანიის ხელოვნური ინტელექტის (AI) მზარდ განყოფილებას გაუძღვება.
DeepMind არის Alphabet-ის განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელია ზოგადი დანიშნულების ხელოვნური ინტელექტის (AGI) ტექნოლოგიის შემუშავებაზე, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც Google DeepMind.
Microsoft-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მუსტაფა სულეიმანი Microsoft AI-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი იქნება. იგი უხელმძღვანელებს კომპანიის AI პროდუქტების განვითარებას, რომელთა შორისაც არის Copilot, Bing და Microsoft Edge.
მუსტაფამ, ორ პარტნიორთან ერთად, DeepMind 2010 წელს დააარსა. კომპანიამ AI სივრცეში პოპულარობა მაშინ მოიპოვა, როდესაც ის 2014 წელს Google-მა შეიძინა.
შემდეგ, 2022 წელს მუსტაფამ, კარენ სიმონიანთან ერთად, კიდევ ერთი AI კომპანია — Inflection დააფუძნა. აღსანიშნავია, რომ Inflection-ს კარენიც ტოვებს და Microsoft-ს ხელოვნური ინტელექტის განყოფილების მთავარი მეცნიერის როლში უერთდება.
„ჩვენი AI ინოვაცია კვლავ ეყრდნობა სტრატეგიულ და მნიშვნელოვან პარტნიორობას OpenAI-სთან. დღევანდელი განცხადება კი კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი პარტნიორობის კონცეფციას და პრინციპებს“ — განაცხადა Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სატია ნადელამ.
კომპანიის ცნობით, Inflection-იდან Microsoft-ში სხვა თანამშრომლებიც გადადიან, მაგრამ ჯერჯერობით მათი რაოდენობა დაზუსტებული არ არის. აღსანიშნავია, რომ Microsoft-მა ადრე ინვესტიცია ჩადო Inflection-ში, რომლის მენეჯმენტმაც გუშინ განაცხადა, რომ ახალ აღმასრულებელ დირექტორად დანიშნავს Mozilla-ს ყოფილ აღმასრულებელს — შონ უაითს.
„ეს იყო საოცარი მოგზაურობა და წინ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ყველაფერი ნამდვილად ახლა იწყება“ — თქვა სულეიმანმა სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
გუშინ Microsoft-ის აქციების ფასი 1%-ით გაიზარდა, ხოლო წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 14%-ით არის გაუმჯობესებული.
ანალიტიკოსების შეფასებები
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $421.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $470.30-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $600.00-ს, ხოლო მინიმალური — $440.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 33 ანალიტიკოსიდან 31-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Microsoft-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.