გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Meta Platforms, DLocal, Siemens, StoneCo, Unilever და Gildan Activewear.
Meta Platforms
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, სოციალური მედიის გიგანტის — Meta Platforms-ის აქციების ფასი მცირედით, 0.15%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ით არის გაუმჯობესებული.
მნიშვნელოვანი სიახლის მდგომარეობს იმაში, რომ ევროკავშირის (EU) ერთ-ერთმა წამყვანმა მარეგულირებელმა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები გააფრთხილა, შეემცირებინათ გარკვეული საფასურები მათი მომსახურებისთვის.
კონკრეტულად, EU-ს ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელმა — მარგრეტ ვესტაგერმა Meta Platforms-ს და Apple-ს მოუწოდა, შეამცირონ გადასახადები, რომლებიც ამ კომპანიებმა ახლახან გარკვეული მომხმარებლებისთვის შემოიღეს. ევროკავშირში Meta-ს მომხმარებლებმა უნდა გადაიხადონ თვეში 9.99 ევრო ($10.87) კომპანიის Facebook და Instagram სოციალური მედიის ვებგვერდების ურეკლამო ვერსიების გამოსაყენებლად. გამოწერაზე დაფუძნებული სერვისი დაინერგა ევროკავშირის შედარებით მკაცრი ციფრული ბაზრების აქტის (DMA) შესასრულებლად.
როგორც ჩანს, Meta Platforms მზად არის, შეზღუდოს შემოსავლის ეს ნაკადი. ვესტაგერის ამ ნაბიჯის საპასუხოდ, კომპანიის ასოცირებულმა გენერალურმა მრჩეველმა — ტიმ ლამბმა თქვა, რომ Meta მზადაა საფასური 5.99 ევრომდე ($6.52) შეამციროს.
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $496.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $528.80-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $575.00-ს, ხოლო მინიმალური — $430.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 40-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
DLocal
ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, DLocal-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ურუგვაიში დაფუძნებული ფინტექ კომპანიის აქციების ფასი 17%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 14%-ით არის დაკლებული.
2023 წლის მეოთხე კვარტალში DLocal-ის შემოსავალი წლიურად 59%-ით — $188 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $173.85 მილიონი). კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი $40.6 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული მოგება თითო აქციაზე (EPS) $0.1 იყო (პროგნოზი — $0.15).
მეოთხე კვარტალში DLocal-ის გადახდების მთლიანი მოცულობა (TPV) წლიურად 55%-ით — $5.1 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო კომპანიის წმინდა მოგების შენარჩუნების მაჩვენებელმა 149% შეადგინა.
აღმასრულებელმა დირექტორმა — პედრო არნტმა თქვა: „მე ვამაყობ, რომ გიზიარებთ იმ არაჩვეულებრივ შედეგებს, რომლებიც 2023 წლის განმავლობაში მივიღეთ. მიუხედავად საბაზრო გამოცდებისა და მაკრო გამოწვევებისა, dLocal-ის გუნდმა განაგრძო ჩვენი სტრატეგიის განხორციელება, დისციპლინირებულად ინვესტირება და ყველაფრის ცენტრში ჩვენი მოვაჭრეების დაყენება“.
რაც შეეხება მომავალს, DLocal-ის მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წელს TPV 40%-50%-ით — $25-$27 მილიარდამდე გაიზრდება. კომპანიაში ასევე პროგნოზირებენ, რომ კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) 10%-30%-ით გაუმჯობესდება და $220-$260 მილიონს მიაღწევს.
DLocal-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $15.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 4 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $20.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $24.00-ს, ხოლო მინიმალური — $18.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი DLocal-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 38.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 4 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Siemens
გუშინ გერმანული ინდუსტრიული გიგანტის — Siemens-ის აქციების ფასი დაახლოებით 6%-ით შემცირდა. ვარდნა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც ფინანსურმა დირექტორმა — რალფ თომასმა ჩაატარა პრეზენტაცია Bank of America Industrials Conference-ზე. მან ხაზი გაუსვა მეორე კვარტალში Siemens-ის ძირითადი ციფრული ინდუსტრიის სეგმენტში შეკვეთების მოსალოდნელზე ნელ ზრდას. წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი 3%-ით არის გაუმჯობესებული.
ციფრული ინდუსტრიების სეგმენტი მოიცავს Siemens-ის ავტომატიზაციის, მოძრაობის კონტროლისა და სამრეწველო პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნესს. ის მიიჩნევა კომპანიის ყველაზე საინტერესო, გრძელვადიანი ზრდის პოტენციალის მქონე მიმართულებად, რადგან მისი როლი კომპანიებს ეხმარება წარმოების ავტომატიზაციაში და საწარმოო პროცესების გაციფრულებაში.
თუმცა ინდუსტრია აწყდება მოკლევადიან წინაღობებს გლობალური ეკონომიკის შენელებისა და ჩინეთში არსებული სუსტი გარემოს გამო. გარდა ამისა, დისტრიბუტორები მარაგებს აგრესიულად ამცირებენ. Siemens-ის ამერიკული კონკურენტი — Rockwell Automation-იც მსგავს სიტუაციაშია.
უფრო პოზიტიური სიახლე ის არის, რომ რალფ თომასის თქმით, ჭკვიანი ინფრასტრუქტურის (ელექტროფიკაცია, მშენებლობა და ელექტრო პროდუქტები) სეგმენტის შემოსავლების ზრდა და მომგებიანობა მეორე კვარტალში საპროგნოზო დიაპაზონის ზედა ზღვრისკენ მიისწრაფვის.
StoneCo
ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, StoneCo-მ კვარტალური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. გუშინ კი ბრაზილიური ფინტექ კომპანიის აქციების ფასი თითქმის 7%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8%-ით არის დაკლებული.
2023 წლის მეოთხე კვარტალში StoneCo-ს შემოსავალი წლიურად 20.1%-ით — $646.43 მილიონამდე გაიზარდა და ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს $47.38 მილიონით ჩამორჩა. კორექტირებულმა EPS-მა $0.35 შეადგინა (პროგნოზი — $0.30). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი EPS-მა $0.42-ს მიაღწია, რამაც პროგნოზს $0.12-ით გადააჭარბა.
StoneCo-ს ფინანსური სერვისების პლატფორმის შემოსავალი წლიურად 24.4%-ით — $570.5 მილიონამდე, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის შემოსავალი 3.5%-ით — $72 მილიონამდე შემცირდა.
2023 წლის ბოლოს აქტიური გადამხდელი კლიენტების რაოდენობა StoneCo-ს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის (MSMB) პლატფორმაზე წლიურად 37.4%-ით — 3,471,300-მდე გაიზარდა, ხოლო MSMB-ის მთლიანი გადახდის მოცულობამ 20.2%-ით — $19.5 მილიარდამდე მოიმატა.
კვარტალური შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად, StoneCo-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის დამფუძნებელი —ანდრე სტრიტი აქციონერთა მომავალ ყოველწლიურ კრებაზე, რომელიც აპრილში გაიმართება, საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე ხელახლა კენჭს აღარ იყრის. მენეჯმენტის თქმით, ანდრე დარჩება ღრმად დაკავშირებული კომპანიასთან, მათ შორის, ექნება პრივილეგია, აირჩიოს საბჭოს შემდეგი თავმჯდომარე.
StoneCo-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $16.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $19.63-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $23.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი StoneCo-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 8 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Unilever
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, სამომხმარებლო საქონლის ბრიტანული კომპანიის — Unilever-ის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი წლის დასაწყისიდანაც 3%-ით არის გაუმჯობესებული.
გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, Unilever-ის აღმასრულებლებმა პრესრელიზში განაცხადეს, რომ იგეგმება ნაყინის ბიზნესის სპინოფი, რომელიც წარმოდგენილია Ben & Jerry’s-ის და Magnum-ის ბრენდებით. ეს ნაბიჯი კომპანიას დაეხმარება, დაზოგოს ფულადი სახსრები და თავის ძირითად ბიზნეს მიმართულებებზე ფოკუსირდეს.
ნაყინის ბაზარზე კონკურენცია იწვევს უნიკალურ გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია გაყინული საქონლის მიწოდებასთან და სეზონურობასთან, Unilever კი მზად არის, ამ ბაზარს ჩამოშორდეს.
კომპანიის მენეჯმენტმა ასევე დააანონსა ხარჯების შემცირების ახალი რაუნდი, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს 7,500 სამუშაო ადგილზე. ეს ცვლილება, ნაყინის ბიზნესის გაყიდვასთან ერთად, Uniliver-ის მდგომარეობის აღდგენის პროცესს დააჩქარებს.
„დირექტორთა საბჭო მიზნად ისახავს, Unilever უფრო მზარდ, უფრო მაღალი მარჟის მქონე ბიზნესად აქციოს” — განაცხადა თავმჯდომარემ, იან მეაკინსმა.
ინვესტორები ახლებურად გააანალიზებენ Unilever-ის საოპერაციო ტენდენციებს, როდესაც კომპანია პირველი კვარტლის შედეგებს გამოაქვეყნებს აპრილის ბოლოს.
Gildan Activewear
გუშინ Gildan Activewear-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დირექტორთა საბჭო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის გაყიდვის შესაძლებლობებს იკვლევს.
ყოველდღიური კანადური გაზეთის — Globe and Mail-ის თანახმად, Gildan-მა მიიღო შეთავაზება პოტენციური მყიდველისგან. ამან კი კომპანიის დირექტორთა საბჭოს უბიძგა, მიემართა მრჩევლებისთვის — Goldman Sachs და RBC Capital Markets — რათა მათ გამოეკვლიათ სხვა პოტენციურ მყიდველებს შორის არსებული ინტერესი.
Gildan-ის წარმომადგენელმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ კომპანიამ შექმნა სპეციალური კომიტეტი, რომელიც განიხილავს გაყიდვის შესაძლებლობას მას შემდეგ, რაც რამდენიმე პოტენციურმა მყიდველმა გარიგების დადების სურვილი გამოხატა.
ეს სიახლე ვრცელდება კომპანიაზე კონტროლის მოპოვებისთვის დირექტორთა საბჭოსა და ინსტიტუციონალურ ინვესტორთა ჯგუფს — Browning West LP-ს შორის მიმდინარე ბრძოლის ფონზე. Gildan-ის საბჭომ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი — გლენ ჩამენდი დეკემბერში გადააყენა და იგი Fruit of the Loom-ის ყოფილი აღმასრულებლით — ვინს ტაირათი ჩაანაცვლა.
Browning West-ის წარმომადგენლები ამჟამად ცდილობენ, კომპანიის საბჭოში შეიყვანონ თავიანთი ხუთი კანდიდატი და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გლენ ჩამენდი აღადგინონ. საინვესტიციო პარტნიორობამ კომპანიის ამჟამინდელი დირექტორები დაადანაშაულა სპეციალური შეხვედრის განზრახ გადადებაში, რომელიც ფირმამ ამ კანდიდატების არჩევისთვის მოითხოვა.
Gildan-ის მენეჯმენტის თქმით კი, აქციონერთა კრება ჩაინიშნა 2024 წლის 28 მაისს და არა — მარტში, როგორც ეს Browning West-მა მოითხოვა. მიზეზად კი ის დასახელდა, რომ აქციონერებს სჭირდებათ საკმარისი დრო, რათა ვინს ტაირას საქმიანობა სწორად შეაფასონ და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ.
Gildan-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $37.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $39.90-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $43.00-ს, ხოლო მინიმალური — $36.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Gildan-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 11 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.