პარასკევს საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Ulta Beauty, Rivian Automotive, GigaCloud Technology, Jabil და Cardlytics.
Ulta Beauty
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Ulta Beauty-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი კოსმეტიკის საცალო ქსელის აქციების ფასი 5%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2023 წლის მეოთხე კვარტალში, რომელიც 3 თებერვალს დასრულდა, Ulta Beauty-ს შემოსავალი წლიურად 10%-ით — $3.6 მილიარდამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა როგორც მენეჯმენტის მოლოდინს, ისე ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.53 მილიარდს. შემოსავლის ზრდა, ახალი მაღაზიების გახსნასთან ერთად, ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვების1 2.5%-იანმა მატებამ განაპირობა.
გარდა ამისა, Ulta Beauty-ის საოპერაციო შემოსავალი კვარტალში წლიურად 15.5%-ით $517 მილიონამდე გაიზარდა. გასული ფისკალური წლის განმავლობაში კი საოპერაციო შემოსავალმა $1.7 მილიარდს მიაღწია. მნიშვნელოვანია, რომ ამან კომპანიას საშუალება მისცა, ფისკალური წლის საოპერაციო მარჟა 15%-მდე გაზრდილიყო (მენეჯმენტის პროგნოზის ზედა ზღვარი — 14.8%).
რაც შეეხება მომავალს, Ulta Beauty-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს გაყიდვების უფრო ნელ ზრდას და 2024 წლისთვის საოპერაციო მარჟის ოდნავ შემცირებას.
ამჟამად Ulta Beauty თითქმის 1400 ლოკაციას მოიცავს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კომპანიამ აქციების გამოსყიდვაზე $1 მილიარდი დახარჯა და დირექტორთა საბჭომ ახლახან დამატებით $2 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის გეგმა დაადასტურა.
Ulta Beauty-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $536.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $588.16-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $690.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Ulta Beauty-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 20 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Rivian
პარასკევს, ანალიტიკოსების დადებითი შეფასების შემდეგ, ელექტრომობილების ამერიკული კომპანიის — Rivian Automotive-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 48%-ით არის შემცირებული.
საინვესტიციო ბანკის — Piper Sandler-ის ანალიტიკოსებმა Rivian-ის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალეს, ხოლო სამიზნე ფასი $21-მდე გაზარდეს.
Piper Sandler-ის ანალიტიკოსებმა გაიმეორეს არგუმენტების უმეტესობა, რომლებიც სხვებმა გასულ კვირაში წამოაყენეს: Rivian უშვებს ახალ ელექტრო ჯიპს — R2-ს. გარდა ამისა, კომპანიამ ინვესტორები გააკვირვა მეორე ახალი ავტომობილის — R3-ის დაანონსებით. 68 ათასმა მყიდველმა უკვე შეუკვეთა ახალი R2, რომლის ფასი $45,000-ს შეადგენს — ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე Rivian-ის R1T ან R1S მოდელების ღირებულება.
Rivian თავიდან R2 მოდელის წარმოებას დაიწყებს ილინოისის ქარხანაში და ჯორჯიაში ახალი ქარხნის მშენებლობის გადადებით რამდენიმე მილიარდ დოლარს დაზოგავს. გარდა ამისა, ეს R2-ის წარდგენას დაახლოებით ექვსი თვით დააჩქარებს.
Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $11.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 24 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $18.24-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $36.00-ს, ხოლო მინიმალური — $9.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 65%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 24 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
GigaCloud Technology
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, GigaCloud Technology-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ელექტრონული კომერციის გადაწყვეტების კომპანიის აქციების ფასი 23%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 115%-ით არის გაუმჯობესებული.
მეოთხე კვარტალში GigaCloud-ის შემოსავალი წლიურად თითქმის ორჯერ გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს — $244.7 მილიონს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $224.15 მილიონი). ელექტრონული კომერციის პროდუქტებისა და სერვისების სპეციალისტის მომგებიანობა კიდევ უფრო უკეთესი აღმოჩნდა. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილი წმინდა მოგება წლიურად თითქმის სამჯერ — $35.6 მილიარდამდე გაიზარდა, ანუ მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $0.87 შეადგინა (პროგნოზი — $0.58).
კვარტალური ანგარიშის წარდგენისას GigaCloud-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ შედეგების მნიშვნელოვან გაზრდაში დადებითი როლი ითამაშა პროდუქტის ინტეგრაციამ და კომპანიის ბიზნესის გეოგრაფიულმა გაფართოებამ.
რაც შეეხება მომავალს, GigaCloud-ში მოელიან, რომ მიმდინარე (პირველ) კვარტალში შემოსავალი $230-$240 მილიონს მიაღწევს. შედარებისთვის, 2022 წლის პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა $126 მილიონი შეადგინა. GigaCloud-ის მენეჯმენტს მომგებიანობის შესახებ პროგნოზები არ წარმოუდგენია.
Jabil
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, Jabil-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი 16%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით არის დაკლებული.
მეორე კვარტალში Jabil-ის შემოსავალმა $6.8 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $6.97 მილიარდი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა — $1.68 (პროგნოზი — $1.69).
თუმცა, GAAP-ის მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში, Jabil-ის კვარტალური შედეგები უკეთესი იყო. გასულ მეოთხედში მთლიანმა მოგებამ $1.1 მილიარდი, ანუ თითო აქციაზე $7.31 შეადგინა. პრობლემა ის არის, რომ Jabil-ის მოგების ძირითადი ნაწილი, კონკრეტულად $944 მილიონი, ერთ-ერთი განყოფილების გაყიდვით იყო გამოწვეული.
რაც შეეხება მომავალს, ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანიის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალურ მესამე კვარტალში Jabil-ის შემოსავალი $6.2-$6.8 მილიარდს მიაღწევს, კორექტირებული EPS — $1.65-$2.05-ს, ხოლო GAAP-ის მიხედვით გამოთვლილი EPS — $0.82-$1.38-ს.
მთელი წლის განმავლობაში კი მოსალოდნელია, რომ შემოსავალი $28.5 მილიარდს შეადგენს, ხოლო კორექტირებული EPS — $8.40-ს.
Jabil-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $123.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $155.60-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $161.00-ს, ხოლო მინიმალური — $151.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Jabil-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26.4%-იან ზრდას გულისხმობს.
Cardlytics
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Cardlytics-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები წარადგინა. პარასკევს კი სარეკლამო ტექნოლოგიების (adtech) კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად — 77%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 63%-ით არის გაუმჯობესებული.
გასული წლის მეოთხე კვარტალში Cardlytics-ის შემოსავალმა $89.2 მილიონს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $84.7 მილიონი), EPS-მა კი 0.14 შეადგინა (პროგნოზი — -$0.33).
კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 4%-ით მოიმატა და კომპანიისთვის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ხოლო წმინდა ზარალმა $135 მილიონი შეადგინა. თუმცა ამ ზარალის უმეტესი ნაწილი აქტივების გაუფასურებით იყო განპირობებული.
ამის საპირისპიროდ, Cardlytics-ის კორექტირებულმა EBITDA-მ (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) თითქმის $4 მილიონი შეადგინა. შედარებისთვის 2022 წელს კომპანიის EBITDA ზარალმა $45 მილიონს მიაღწია.
რაც შეეხება მომავალს, Cardlytics-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიურად 9%-14%-ით გაუმჯობესდება და $70-$73 მილიონს მიაღწევს. Cardlytics-ისთვის ეს ზრდის საუკეთესო ტემპი იქნება.
Cardlytics-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $15.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $17.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $18.00-ს, ხოლო მინიმალური — $15.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Cardlytics-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17%-იან ზრდას გულისხმობს.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.