2022 წლის პირველ რამდენიმე კვირაში ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აქციების ფასის ვარდნა დაინახეს, რადგან ინვესტორებს მზარდი ინფლაციის საფრთხე აშინებთ.
NASDAQ 100 Technology ინდექსი, რომელიც მოიცავს ისეთ გიგანტურ სახელებს, როგორებიცაა: Apple, Microsoft და Google-ის მფლობელი Alphabet, დაეცა თავისი ღირებულების 12 პროცენტით 2022 წლის პირველ 21 დღეში. COVID-19 პანდემია აგრძელებს ზეგავლენის მოხდენას მსოფლიო ინფლაციასა და საპროცენტო განაკვეთებზე.
NASDAQ-ის გარდა, სხვა საფონდო ბირჟებმაც დანაკლისი განიცადეს, მაგალითად: FTSE 100, ASX 200, Dow Jones Industrial Average, Nikkei 225. ვარდნას განიცდის კრიპტოვალუტებიც.
Netflix-მა დაკარგა თავისი ღირებულების 33 პროცენტი, Amazon-მა 16 პროცენტი, Microsoft-მა 12 პროცენტი და Alphabet-მა 10 პროცენტი. ჯორჯ ლუკასმა, ავსტრალიური საინვესტიციო პლატფორმის Raiz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, უთხრა Yahoo Finance-ს, რომ ასეთი ნელი დასაწყისი ბაზარზე არსებული შფოთის გამოხმაურებაა. ცენტრალური ბანკები საპროცენტო განაკვეთების გაზრდისთვის ემზადებიან და ნაკლებად უჭერენ მხარს ეკონომიკას.
გასული წლის ბოლოს, ინფლაციის მატებასთან ერთად, ნაღდი ფულის გაძვირება დაიწყო. ეკონომიკებმა დაიწყეს გახსნა და ბანკები ინფლაციის გამო კიდევ უფრო შეწუხდნენ. ეს სიტუაცია გამოიყენა კაპიტალისა და ობლიგაციების ბაზრებმა და ხელი შეუწყო გლობალური ობლიგაციების გაყიდვას.
რა კავშირშია ეს ინფლაციასთან?
ამჟამად, ავსტრალიის ოფიციალური საპროცენტო განაკვეთი – ასევე ცნობილი, როგორც ფულადი განაკვეთი – 0,10 პროცენტზეა, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია. თუმცა, ავსტრალიის სარეზერვო ბანკი მიდრეკილია, რომ გაზარდოს ფულადი განაკვეთი; რაც არ მომხდარა 2010 წლის ნოემბრის შემდეგ. როგორც ახლახან Yahoo Finance-მა გააშუქა, ავსტრალიის ოთხი დიდი ბანკიდან ერთ–ერთი, Westpac, პროგნოზირებს, რომ RBA გაზრდის საპროცენტო განაკვეთს აგვისტოში. Westpac-ის მთავარმა ეკონომისტმა ბილ ევანსმა თქვა, რომ ეკონომიკაში განვითარებულმა მოვლენებმა აიძულა ბანკი გაეკეთებინა თავისი ახალი პროგნოზი.
ინფლაციის მაჩვენებელმა მატება გასული წლის ბოლოს დაიწყო. ნოემბერში, ავსტრალიის სამთავრობო ობლიგაციების შემოსავალი გაიზარდა ორწლიან მაქსიმუმამდე. 2021 წლის სექტემბრამდე სამ თვეში CPI-ის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3 პროცენტამდე გაიზარდა.
რატომ დააწვა ტვირთად მოვლენები ტექნოლოგიურ აქციებს?
საფონდო ბირჟის სხვა სექტორები გარკვეულწილად იზოლირებულია დიდი გლობალური გაყიდვებისგან. მიუხედავად ლუკასის სიტყვებისა, რომ ტექნოლოგიური სფეროს ინვესტორებს არ ჰქონდათ პანიკის საფუძველი, მაინც აღმოჩნდა, რომ ეს ინდუსტრია ამჟამინდელი ბაზრის როტაციისთვის დაუცველია.
„ხალხს იზიდავს ტექნიკური კომპანიები, რადგან მათ შეუძლიათ ძალიან სწრაფად გამოიმუშავონ ბევრი ფული; თქვენ არ გჭირდებათ 20-ზე მეტი წელი ელოდოთ მაღაროს წარმოებას ან ბიოტექნოლოგიის მიღებას წამლის დამტკიცებისთვის”, – ამბობდა ლუკასი.
ტექნოლოგიურ სექტორში აქციების ფასების დაცემამ შეიძლება dot.com-ის წრე გაგვახსენოს, რომლის შედეგადაც, 90-იანი წლების ბოლოს ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ასტრონომიულად მოუმატეს ღირებულება, თუმცა 2000-იანების დასაწყისში კლებისკენ წავიდნენ.
ლუკასი ყველას ამშვიდებს, რომ ტექნოლოგიების მოყვარულებმა არ უნდა ინერვიულონ და ამბობს, რომ ბაზრის როტაცია ისევ შემობრუნდება.
”არსებობს უამრავი ტექნიკური კომპანია მყარი საფუძვლებით, ძლიერი შემოსავლის ზრდისა და მათი მომხმარებლებისთვის თანმიმდევრული ანაზღაურებით”
“ჩვენ ვნახავთ ზრდას კომპანიების ერთმანეთთან სინთეზის შემდეგ. არ ღირს სახსრების დახარჯვა და ერთმანეთის წინააღმდეგ კონკურენცია”, – აცხადებს ლუკასი.
წყარო: finance.yahoo