გუშინ ევროკავშირმა (EU) დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ხელოვნურ ინტელექტს (AI) იმის ფონზე, რომ კანონმდებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით განვითარებადი ტექნოლოგიისთვის ფეხის აწყობას ცდილობენ.
ევროპარლამენტმა დაამტკიცა ხელოვნური ინტელექტის აქტი, რომელიც, მმართველი ორგანოს განცხადებით, „უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ფუნდამენტურ უფლებებთან შესაბამისობას, ამავდროულად აძლიერებს ინოვაციას“ სხვა საკითხებთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის დაცვისა და ბიომეტრიული იდენტიფიკაციის გამოყენების შეზღუდვის საშუალებით.
კანონმდებლობა კრძალავს გარკვეული ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეების უფლებებს. საუბარია ბიომეტრიული კატეგორიზაციის სისტემებზე, რომლებიც დაფუძნებულია მგრძნობიარე მახასიათებლებზე და სახის გამოსახულებების მიზანმიმართულ ამოღებაზე ინტერნეტიდან ან CCTV კადრებიდან სახის ამოცნობის მონაცემთა ბაზების შესაქმნელად. გამონაკლისი იქნება სამართალდამცავი ორგანოებისთვის ვიწროდ განსაზღვრული სიტუაციები.
ახალი წესები ასევე გულისხმობს დამატებით ვალდებულებებს მაღალრისკიანი ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის. რისკიანობის დონე კი განისაზღვრება ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, ფუნდამენტურ უფლებებზე, გარემოზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე ამ სისტემების მიერ მიყენებული პოტენციური ზიანით.
რეგულაცია მოითხოვს, რომ ზოგადი დანიშნულების ხელოვნური ინტელექტი შეესაბამებოდეს განსაკუთრებული გამჭვირვალობის მოთხოვნებს, მათ შორის ევროკავშირის საავტორო უფლებების კანონს და AI მოდელების სწავლებისთვის გამოყენებული კონტენტის დეტალური რეზიუმეების გამოქვეყნებას. ხოლო ხელოვნური ინტელექტის ის მოდელები, რომლებიც უფრო სერიოზული რისკის მატარებელია, შესაბამისად, უფრო მაღალ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
„ჩვენ საბოლოოდ გვაქვს მსოფლიოში პირველი სავალდებულო კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომლის მიზანიც არის, რისკების შემცირება, შესაძლებლობების შექმნა, დისკრიმინაციასთან ბრძოლა და გამჭვირვალობის მიღწევა“ — განაცხადა იტალიის შიდა ბაზრის კომიტეტის თანამომხსენებელმა — ბრანდო ბენიფეიმ.
სავარაუდოდ, რეგულაცია ამოქმედდება ამჟამინდელი საკანონმდებლო ასამბლეის დაშლამდე — მიმდინარე წლის 6-9 ივნისის პერიოდში ჩატარდება არჩევნები, რომლის შედეგადაც ევროპარლამენტი ახალი წევრებით დაკომპლექტდება. შემდეგ კანონი ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს საბჭომ.
ხელოვნური ინტელექტის აქტი იქმნება იმის ფონზე, რომ ევროკავშირი, კონკურენციის ხელშეწყობის გზით, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების დომინირების გაუქმებაზე მუშაობს.
ევროკავშირის ციფრული ბაზრების აქტი (DMA), რომელიც ძალაში 7 მარტს შევიდა, ტექნოლოგიურ გიგანტებს ავალდებულებს, ხელი შეუწყონ კონკურენციას, მომხმარებელთა არჩევანს და ინოვაციას.
ევროკავშირმა ასევე წამოიწყო გამოძიება Microsoft-ის AI პარტნიორობის შესახებ, რათა დადგინდეს, უნდა ჩაითვალოს თუ არა კომპანიის ურთიერთობები ChatGPT-ის შემქმნელ OpenAI-სა და Mistral AI-სთან შერწყმად.
გარდა ამისა, ოქტომბერში, აშშ-ის პრეზიდენტმა — ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც ადგენს AI სახელმძღვანელო მითითებებს. მათი მიზანია რისკების შემცირება, რადგან პოლიტიკის შემქმნელები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის რეგულირებაზე იმ მოსაზრების ფონზე, რომ ამ ტექნოლოგიით გამოწვეული დეზინფორმაცია შეიძლება განსაკუთრებით საზიანო იყოს არჩევნების წინ.