გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Target-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი საცალო ვაჭრობის კორპორაციის აქციების ფასი 12%-ით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით შემცირდა.
მთლიანობაში, შედეგებმა აჩვენა, რომ Target-ის მომგებიანობა, რამდენიმე სუსტი კვარტლის შემდეგ, სტაბილურდება და ეს საკმარისი იყო აქციების ფასის აღსადგენად, რომელიც ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2021 წლის ბოლოს დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს.
კვარტალური შედეგები
საცალო ვაჭრობის გიგანტისთვის გასული ფისკალური 12-თვიანი პერიოდი იყო პირველი წელი, 2016-ის შემდეგ, როდესაც კომპანიის გაყიდვები შემცირდა, რადგან მეოთხე კვარტალში Target-ის ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 4.4%-ით დაეცა. ეს შედეგი ასახავს სუსტ მოთხოვნას დისკრეციულ საქონელზე, როგორიცაა ტანსაცმელი, ელექტრონიკა და სახლის ნივთები. Target-ის შემოსავლის უმეტეს ნაწილზე კი სწორედ ეს პროდუქტებია პასუხისმგებელი.
სამთვიან პერიოდში, რომელიც 3 თებერვალს დასრულდა, კომპანიის შემოსავალი წლიურად 1.7%-ით — $31.9 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $31.83 მილიარდი). ასეთი შედეგი შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ გასული ფისკალური წლის მეოთხე კვარტალი, 2022 წელთან შედარებით, დამატებით კვირას მოიცავდა.
Target-მა ასევე აჩვენა მომგებიანობის გაუმჯობესება — წინა კვარტლებში კომპანიას მარაგების არასწორი მენეჯმენტის პრობლემები აზარალებდა. გასულ მეოთხედში კი მთლიანი მოგების მარჟა 22.7%-დან 25.6%-მდე გაუმჯობესდა, რაც გამოწვეულია ტვირთების გადაზიდვის და მიწოდების ჯაჭვის ხარჯების შემცირებით. Target-ის საოპერაციო მარჟა კი 3.7%-დან 5.8%-მდე გაიზარდა.
შედეგად, კომპანიის მოგება თითო აქციაზე (EPS) წლიურად 57%-ით — $2.98-მდე გაუმჯობესდა, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის პროგნოზს — $2.41-ს.
„Target-ის გუნდის ძალისხმევამ შეცვალა ჩვენი ბიზნესის იმპულსი, მეოთხე კვარტალში კიდევ უფრო გააუმჯობესა გაყიდვები და ტრაფიკის ტენდენციები, ხოლო მომგებიანობამ მოლოდინს გადააჭარბა“ — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან კორნელმა პრესრელიზში.
რას უნდა ველოდეთ მომავალში?
რაც შეეხება მომავალს, Target-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალურ პირველ კვარტალში comps წლიურად 3%-5%-ით შემცირდება, ხოლო EPS $1.70-$2.10-ს შეადგენს. შედარებისთვის, 2023 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი $2.05-ს გაუტოლდა, ხოლო ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზი $2.09-ს აღწევს.
მთელი ფისკალური წლისთვის კი მოსალოდნელია, რომ comps უცვლელი დარჩება ან 2%-ით გაიზრდება და EPS $8.60-$9.60-ს შეადგენს. შედარებისთვის, 2023 წელს მოგება თითო აქციაზე $8.94 იყო, ხოლო ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზი $9.14-ს უტოლდება.
ანალიტიკოსების შეფასებები
Target-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $169.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $173.62-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $142.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Target-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 21 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Target-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.