აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) ფავორიტი საზომის მიხედვით, იანვარში ინფლაციამ არასასურველი აღმავლობა განიცადა.
ეკონომიკური ანალიზის ბიუროს წარმომადგენლების განცხადებით, პერსონალური სამომხმარებლო ხარჯების (PCE) ინდექსმა გამოავლინა, რომ იანვარში სამომხმარებლო ფასები თვიურად 0.3%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, დეკემბერში მატებამ 0.1% შეადგინა. თუმცა წლიურად ეს მაჩვენებელი იანვარში 2.4%-ით გაიზარდა, დეკემბერში კი — 2.6%-ით.
ინფლაციის ზრდის მთავარი მიზეზი იყო სურსათზე ფასები მატება, რომელმაც თვიურად 0.5% შეადგინა. 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ ეს ყველაზე დიდი აღმასვლა იყო.
ანგარიშმა დაადასტურა ტენდენცია, რომელიც ამ თვის დასაწყისში სამომხმარებლო ფასების ინდექსმა (CPI) გამოავლინა: იანვრის შედეგები იყო უკან გადადგმული ნაბიჯი ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. PCE ინდექსის მიერ გამოვლენილი შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მას ყურადღებით აკვირდებიან Fed-ის ოფიციალური პირები, რომლებიც აშშ-ის მონეტარულ პოლიტიკას განსაზღვრავენ. Dow Jones Newswires-ისა და Wall Street Journal-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტების თანახმად, ინფლაციის მაჩვენებელი ექსპერტების მოლოდინებს შეესაბამებოდა.
Fed-ის ოფიციალურმა პირებმა ცენტრალური ბანკის საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთი 2001 წლის შემდეგ უმაღლეს დონეზე შეინარჩუნეს, რაც ზრდის ვალის მომსახურების ხარჯებს ყველა სახის სესხისთვის, მათ შორის იპოთეკისა და საკრედიტო ბარათების დავალიანებისთვის. გუშინ გავრცელებული სიახლე კი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დააყოვნებს Fed-ის წარმომადგენლების მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირებას.
შეგახსენებთ, რომ მაღალი განაკვეთები ანელებს ეკონომიკას და ამცირებს ინფლაციას სესხების აღების და ხარჯვის შეზღუდვით, მაგრამ ამ დროს თავს იჩენს რეცესიის გამოწვევის რისკი.
ფასები ყველაფერზე, გარდა სურსათისა და ენერგიისა (ე. წ. ძირითადი ინფლაცია) იანვარში თვიურად 0.4%-ით გაიზარდა (დეკემბერში — 0.1%-იანი მატება). მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ინფლაციის მაჩვენებელი საოჯახო ბიუჯეტებისთვის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს პუნქტს არ ითვალისწინებს, Fed-ის ოფიციალური პირები მას დიდ ყურადღებას აქცევენ, რადგან, მათი აზრით, ის უკეთ წარმოაჩენს ინფლაციის საერთო მიმართულებას.