გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Salesforce-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გარდა ამისა, ქლაუდზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აღმასრულებლებმა პირველი დივიდენდი და აქციების გამოსყიდვის პროგრამის ზრდა დააანონსეს.
კვარტალური შედეგები
გასულ კვარტალში, რომელიც 31 იანვარს დასრულდა, Salesforce-ის შემოსავალი წლიურად 10.8%-ით — $9.29 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $9.22 მილიარდი). პროფესიული მომსახურების შემოსავალი კი 9%-ით შემცირდა. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $2.29-ს მიაღწია (პროგნოზი — $2.27). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილი წმინდა მოგება $1.45 მილიარდი იყო, ანუ GAAP EPS-მა $1.47 შეადგინა. თუმცა ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.28-ს.
„მოხარული ვარ, ვთქვა, რომ ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში ჩვენ ჯავშნების გაუმჯობესებული ზრდა ვიხილეთ“ — განაცხადა ემი უივერმა, Salesforce-ის ფინანსურმა დირექტორმა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვარტალში Salesforce-ის მენეჯმენტმა გაყიდვების საკომისიო პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპის — Spiff-ს შეძენა (გაურკვეველი პირობებით) და თავისი პროდუქციის Amazon Web Services-ის ბაზარზე გაყიდვა დააანონსა.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Salesforce-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი $9.12-$9.17 მილიარდს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EPS — $2.37-$2.39-ს. ანალიტიკოსების მოლოდინები კი, შესაბამისად, $9.15 მილიარდს და $2.20-ს შეადგენს.
2025 ფისკალური წლისთვის კი მოსალოდნელია, რომ Salesforce-ის შემოსავალი $37.7-$38 მილიარდს მიაღწევს და ამ დიაპაზონის შუა წერტილი წლიურად 8.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EPS $9.68-$9.76-ს მიაღწევს. ანალიტიკოსები პროგნოზები კი ასეთია: შემოსავალი $38.62; კორექტირებული EPS — $9.57.
პირველი დივიდენდი და დამატებით $10 მილიარდი აქციების გამოსასყიდად
Salesforce-ის მენეჯმენტმა პირველი კვარტალური დივიდენდის და აქციების გამოსყიდვის პროგრამისთვის დამატებითი ფულადი სახსრების გამოყოფის შესახებაც განაცხადა.
„ჩვენ ვაძლიერებთ აქციონერებისთვის კაპიტალის დაბრუნების სტრატეგიას. ეს ასახავს მენეჯმენტის ნდობას ბიზნესის მომავლის მიმართ და თავდაჯერებას, რომ ფულადი სახსრების გრძელვადიან პერსპექტივაში გამომუშავების უნარი გაგვაჩნია“ — თქვა ემი უივერმა.
Salesforce-ის პირველი კვარტალური დივიდენდი $0.40-ს შეადგენს, ხოლო აქციების გამოსყიდვის პროგრამისთვის გამოყოფილი ფულადი სახსრები $10 მილიარდით გაიზარდა.
ანალიტიკოსების შეფასებები
Salesforce-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $300.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 37 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $303.06-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $357.00-ს, ხოლო მინიმალური — $212.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Salesforce-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 37 ანალიტიკოსიდან 26-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Salesforce-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.