გუშინ, ბაზრის გახსნამდე, AutoZone-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ავტონაწილების საცალო ქსელის აქციების ფასმა თითქმის 7%-ით მოიმატა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ით გაუმჯობესდა.
კიდევ ერთი კარგი კვარტალი აქციონერებისთვის
ფისკალურ მეორე კვარტალში, რომელიც 10 თებერვალს დასრულდა, AutoZone-ის შემოსავალი წლიურად თითქმის 5%-ით — $3.9 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.85 მილიარდი). ეს გაუმჯობესება გამოწვეულია ახალი მაღაზიების გახსნით, ასევე ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვების1 მოკრძალებული 3%-იანი ზრდით.
AutoZone-ის გაყიდვები მხოლოდ მცირედით აღემატებოდა უოლ სტრიტის საშუალო პროგნოზს, მაგრამ მოგებამ მოლოდინს საკმაოდ გადააჭარბა. კომპანიის მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $28.89 შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $26.3).
გარდა ამისა, მეორე კვარტალში AutoZone-ის საოპერაციო მოგების მარჟამ 19.3%-ს მიაღწია. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში ეს მაჩვენებელი 18.2%-ს შეადგენდა.
გაუმჯობესებული მოგებით კომპანიამ გააკეთა ის, რაც ყველაზე უკეთ გამოსდის — მან მეორე კვარტალში $224 მილიონის ღირებულების აქციები გამოისყიდა. შედეგად გრძელდება კომპანიის აქციების რაოდენობის შემცირების გრძელვადიანი ტენდენცია, რაც მუდმივად ზრდის კომპანიის EPS-ს, როგორც ამას ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ვხედავთ.
რას უნდა მოველოდეთ მომავალში?
AutoZone-ის შესანიშნავი წარმადობის ფორმულაში კომპლექსური არაფერია. კომპანია გამოიმუშავებს ძლიერ მოგებას და მიმართავს აქციების გამოსყიდვას. სანამ AutoZone ამ გეგმით მოქმედებას განაგრძობს, მის წინააღმდეგ ფსონის გაკეთება რთული იქნება — კომპანიის აქციების ფასი ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 218%-ით არის გაუმჯობესებული.
მართლაც, მენეჯმენტი ამ ფორმულის შენარჩუნებას აპირებს. მეორე კვარტლის ბოლოსთვის, AutoZone-ს ჯერ კიდევ $2.1 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის ავტორიზაცია ჰქონდა დარჩენილი. დღევანდელი ფასის პირობებში ეს კომპანიის აქციების რაოდენობის 4%-ით შემცირებას გულისხმობს. შედეგად, შესაძლოა EPS კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.
ანალიტიკოსების შეფასებები
AutoZone-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $2,955.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $2,940.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $3,100.00-ს, ხოლო მინიმალური — $2,600.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AutoZone-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 20 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
AutoZone-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.