ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, DoorDash-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი საკვების მიწოდების კომპანიის აქციების ფასი 8%-ზე მეტით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 103%-ით გაუმჯობესდა.
DoorDash-ის კვარტალური ანგარიში
გასული წლის მეოთხე კვარტალში DoorDash-მა მოსალოდნელზე მაღალი შემოსავლის გამომუშავება შეძლო — ამ მაჩვენებელმა $2.3 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.25 მილიარდი). თითო აქციაზე ზარალმა კი $0.39 შეადგინა, რაც უოლ სტრიტის პროგნოზზე (-$0.13) საგრძნობლად უარესი აღმოჩნდა.
თუ ფინანსურ მონაცემებს ჩავუღრმავდებით აღმოვაჩენთ, რომ, როგორც ჩანს, 2023 წლის მეოთხე კვარტალში DoorDash-ის შეკვეთების მთლიანი რაოდენობა წლიურად 23%-ით გაიზარდა. შეკვეთების მოცულობამ კი 22%-ით მოიმატა. ხოლო ის შემოსავალი, რომელიც თავად DoorDash-ში მიედინება (და არა კომპანიის პარტნიორ რესტორნებში) მნიშვნელოვნად გაიზარდა — წლიურად 27%-ით.
იმავეს ვერ ვიტყვით მოგებაზე.
ბიზნესის ზრდასთან ერთად DoorDash-მა მთლიანი მოგების მარჟის 50 საბაზისო პუნქტით — 5.8%-მდე გაუმჯობესება შეძლო. ამასთან, ზარალი შემცირდა, თუმცა ის მაინც უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე უოლ სტრიტზე მოელოდნენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარე კვარტალში თითო აქციაზე ზარალმა $0.39 შეადგინა, გასული წლის იმავე მეოთხედში კი ამ მაჩვენებელმა $1.65-ს მიაღწია.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ DoorDash-ს შეუძლია ზარალის შემცირება უფრო სწრაფად, ვიდრე ეს რეალურად ხდება და ინვესტორები იმედგაცრუებულნი არიან ამ მიმართულებით კომპანიის წარუმატებლობით.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, DoorDash-ის მენეჯმენტს არ წარმოუდგენია პროგნოზები 2024 წლის პირველი კვარტლის გაყიდვებთან ან მოგებასთან დაკავშირებით. თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბაზრის მთლიანი შეკვეთების მოცულობა კვარტალურად დაახლოებით 6%-ით გაუმჯობესდება, ხოლო კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებით) შემცირდება. DoorDash-ის მენეჯმენტის მიერ პროგნოზირებული დიაპაზონის შუა წერტილი — $350 მილიონი, დაახლოებით 3.5% კლება იქნება.
ანალიტიკოსების შეფასებები
DoorDash-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $116.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 22 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $127.76-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $152.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი DoorDash-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 22 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
DoorDash-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.