გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, ცნობილმა ამერიკულმა ავტომწარმოებელმა — Ford-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო საათების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ით გაუმჯობესდა.
2023 წლის მეოთხე კვარტალში Ford-ის შემოსავალი წლიურად 4%-ით — $46 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $43.04 მილიარდი), ხოლო თითო აქციაზე მოგებამ (EPS) $0.29 შეადგინა. ეს მაჩვენებელი ჩამოუვარდებოდა გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს — $0.51-ს, თუმცა საგრძნობლად აღემატებოდა უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.12-ს.
რაც შეეხება მომავალს, 2024 წლისთვის Ford-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $10-$12 მილიარდს მიაღწევს. შედარებისთვის, 2023 წელს კომპანიის კორექტირებული EBITDA $10.4 მილიარდი იყო.
გარდა ამისა, ავტომწარმოებლის წარმომადგენლები მოელიან, რომ Ford Blue განყოფილების (მოიცავს ბუნებრივ აირზე მომუშავე და ჰიბრიდულ ავტომობილებს) მოგება წელს $8-$9 მილიარდს მიაღწევს. Ford Pro-ს კომერციულ ბიზნესში კი $7-$7.5 მილიარდის ოდენობით მოგებაა მოსალოდნელი.
თუმცა მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის შედარებით მცირე Ford Model e ელექტრომობილების ბიზნესი, სავარაუდოდ, $5-$5.5 მილიარდის ოდენობით ზარალს განიცდის, რადგან ელექტრომობილების ბაზარზე არსებული საფასო ზეწოლა კვლავ მოქმედებს მომგებიანობაზე. Ford-ის ინვესტიციებით დატვირთული ელექტრომობილების განყოფილებაში გასული წლის განმავლობაში დანაკარგები სტაბილურად იზრდებოდა და ამ მაჩვენებელმა მთლიანობაში $4.7 მილიარდი შეადგინა.
მიუხედავად ამისა, ფინანსური დირექტორის — ჯონ ლოულერის თქმით, Ford ავითარებს შემდეგი თაობის ელექტრომობილებს, რომლებიც, მენეჯმენტის ვარაუდით, იქნება მომგებიანი გამოშვებიდან ერთი წლის განმავლობაში. „მომხმარებლების მიერ ელექტრომობილების ათვისების ხარისხი იზრდება და Ford-ისთვის მთავარი მათი გრძელვადიანი პოზიტიური გავლენაა“ — განაცხადა მან.
გარდა ამისა, პირველი კვარტლისთვის Ford-მა დააანონსა რეგულარული დივიდენდი $0.15-ის ოდენობით და დამატებით $0.18, რომელსაც კომპანია 1 მარტს გადაიხდის. მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ 2024 წელს თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) $6-$7 მილიარდს მიაღწევს და კომპანიაში ამ ფულის 40%-50%-ის აქციონერებისთვის დაბრუნებას ისახავენ მიზნად.
ანალიტიკოსების შეფასებები
Ford-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $12.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $13.45-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $20.00-ს, ხოლო მინიმალური — $10.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Ford-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Ford-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.