გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების შესახებ, როგორებიც არის Apple, Amazon და Meta Platforms.
Apple
გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Apple-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა — ტიმ კუკმა განიხილა ხელოვნური ინტელექტი (AI), Vision Pro-ის გამოშვება, ახალი რეგულაციები ევროკავშირში და გაყიდვები განვითარებად ბაზრებზე იმის ფონზე, რომ ჩინეთში ეს მაჩვენებელი მცირდება.
გასულ კვარტალში Apple-ის შემოსავალმა $119.58 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $118.06), ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $2.18-ს (პროგნოზი — $2.1).
Apple GenAI-ზე მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით დეტალებს არ ამხელს
როდესაც კომპანიის ხელოვნური ინტელექტის პროექტების შესახებ ჰკითხეს, კუკმა თქვა, რომ iPhone-ის მწარმოებელი მუშაობს იმაზე, „რითაც ჩვენ წარმოუდგენლად აღფრთოვანებულნი ვართ და ამის შესახებ მიმდინარე წლის ბოლოს ვისაუბრებთ“.
სხვა ტექნოლოგიური გიგანტებისგან განსხვავებით, როგორიც არის, მაგალითად, Microsoft, Apple თავისი AI ინიციატივების დეტალებთან დაკავშირებით დუმილს ინარჩუნებს. კუკმა აღნიშნა, რომ, გენერაციული ხელოვნური ინტელექტი (GenAI) და ზოგადად AI კომპანიისთვის უზარმაზარ შესაძლებლობებს ქმნის.
ამ წლის დასაწყისში, Bank of America-ს ანალიტიკოსებმა Apple-ის აქციების სამიზნე ფასი განაახლეს და განაცხადეს, რომ კომპანიას შეუძლია, AI შესაძლებლობების iPhone-ებში ინტეგრირებით მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოს.
ცნობილი კომპანიები Vision Pro-ს იყენებენ
კუკმა ხაზი გაუსვა Vision Pro-ს საშუალებით საწარმოო შესაძლებლობების გაუმჯობესებას. მან დაასახელა Walmart და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია — SAP, როგორც Apple-ის კლიენტები, რომლებიც ამ ტექნოლოგიას თავიანთ სამუშაო პროცესში იყენებენ.
Apple AR/VR ჰედსეტს — Vision Pro-ს დღეს გამოუშვებს. აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ეს იქნება „ისტორიული დღე, რადგან ჩვენ შევდივართ სივრცითი გამოთვლების ეპოქაში. Apple Vision Pro, ისტორიაში ყველაზე მოწინავე პერსონალური ელექტრონიკის მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება Apple-ის მაღაზიებში“.
რეგულაციები ევროკავშირში
კუკი შეეხო ბოლო ცვლილებებს, რომლებიც Apple-მა განახორციელა App Store-ში, Safari-სა და iOS-ში, ისევე როგორც Apple Pay-ში, რათა შესაბამისობაში ყოფილიყო ახალ კანონთან, რომელიც ძალაში შევიდა მარტში. ეს კანონი — ციფრული ბაზრის აქტი (DMA) ზემოქმედებს iPhone-ებზე ევროკავშირის (EU) მასშტაბით.
აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ Apple-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონფიდენციალურობის, უსაფრთხოებისა, გამოყენებადობის საკითხები და კომპანია რეგულაციების დაცვას დიდ ყურადღებას აქცევს.
Apple-ის ფინანსურმა დირექტორმა (CFO) — ლუკა მაესტრიმ აღნიშნა, რომ ცვლილებები გავლენას იქონიებს მომხმარებლებზე მხოლოდ ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც კომპანიის App Store-ის გლობალური შემოსავლის დაახლოებით 7%-ს ქმნის.
ჩინეთში გაყიდვების კლება Apple-ის ოპტიმიზმს არ ცვლის
ტიმ კუკმა ისიც აღნიშნა, რომ მეოთხე კვარტალში განვითარებადი ბაზრები Apple-ის სიმტკიცის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მან ხაზი გაუსვა ძლიერ ორნიშნა პროცენტულ ზრდას ბევრ განვითარებად ბაზარზე, ყველა დროის რეკორდულ მაჩვენებლებს მალაიზიაში, მექსიკაში, ფილიპინებში, პოლონეთში და თურქეთში, ისევე როგორც დეკემბრის კვარტალში დამყარებულ რეკორდებს ინდოეთში, ინდონეზიაში, საუდის არაბეთში და ჩილეში.
Apple-ის გაყიდვების სიძლიერე განვითარებად ბაზრებზე ფიქსირდება მას შემდეგ, რაც ჩინეთში ეს მაჩვენებელი იკლებს. ვარდნის შესახებ კითხვაზე პასუხისას კუკმა აღნიშნა, რომ 2023 წელს Apple ჩინეთში სმარტფონების წამყვანი გამყიდველი იყო.
აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ უკვე 30 წელია, რაც კომპანია ჩინეთის ბაზარზე ოპერირებს და გრძელვადიან პერსპექტივაში იგი ამ ქვეყნის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი.
ზოგიერთმა ანალიტიკოსმა მიუთითა, რომ ინვესტორების შეშფოთება ჩინეთში iPhone-ების გაყიდვების შემცირების შესახებ გადაჭარბებულია, რადგან სხვა რეგიონებში დაფიქსირებულმა შედეგებმა შეიძლება ჩინეთში ზარალის კომპენსირება შეძლოს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $187.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $205.95-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $160.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 28 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Amazon
გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, ელექტრონული კომერციის გიგანტის — Amazon-ის მიერ წარდგენილმა კვარტალურმა შედეგებმა, ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა.
Amazon-ის კვარტალურმა შემოსავალმა $170 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $165.95 მილიარდი), ხოლო EPS-მა — $1-ს (პროგნოზი — $0.8).
რეკორდული სადღესასწაულო შოპინგი
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა — ენდი ჯასიმ განაცხადა, რომ Amazon-ის დაბალმა ფასებმა და სწრაფმა მიწოდებამ სადღესასწაულო სეზონზე ძლიერი გაყიდვებს და წლის წარმატებულად დასრულებას შეუწყო ხელი. ხელოვნურ ინტელექტზე ინტერესის გაზრდიდან გამომდინარე კომპანიის AWS (Amazon Web Services) ქლაუდ შემოსავალი გაიზარდა, ხოლო სარეკლამო შემოსავლის გაუმჯობესებაზე პოზიტიურად იმოქმედა მცირე ბიზნესებისთვის სტრიმინგ ტელევიზიის ახალი ვარიანტების გამოჩენამ.
2023 წლის სადღესასწაულო სეზონზე Amazon-მა გაყიდა უფრო მეტი ნივთი, ვიდრე ოდესმე. ენდი ჯასიმ თქვა, რომ ამას ხელი შეუწყო შავი პარასკევისა და კიბერ ორშაბათის შოპინგის ღონისძიებებმა, რომლებიც ღია იყო ყველა მომხმარებლისთვის. ამან კომპანიის Prime სერვისის წევრების რაოდენობაც გაზარდა. ამასთან, კომპანიის მიერ შეთავაზებული ხელსაყრელი გარიგებებისა და კუპონების საშუალებით Amazon-ის მომხმარებლებმა გასულ წელს მთლიანობაში $10 მილიარდი დაზოგეს.
„მომხმარებლები დადებითად გამოეხმაურნენ ჩვენს მუდმივ ფოკუსს არჩევანზე, ფასსა და მოხერხებულობაზე” — თქვა ჯასიმ.
მიწოდების რეკორდულად მცირე დრო
აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ Amazon-მა მიაღწია მიწოდების ყველაზე სწრაფ სიჩქარეს — აშშ-ში 4 მილიარდი შეკვეთა იმავე ან მომდევნო დღეს შესრულდა. ამ გაუმჯობესებაში დიდი როლი ითამაშა რეგიონალიზაციამ. Amazon-მა უფრო მეტი პროდუქტი განათავსა მომხმარებლებთან ახლოს და სწრაფი შეკვეთების რაოდენობა წლიურად 65%-ით გაიზარდა.
„რადგან შეგვიძლია, მომხმარებლებს ნივთები ასე სწრაფად მივაწოდოთ, მათ მიერ არჩევანის Amazon-ზე შეჩერების შემთხვევები იზრდება და ამას ყველა მიმართულებით ვხედავთ“ — განაცხადა ჯასიმ.
აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ პროდუქტების მომხმარებლებთან უფრო ახლოს განთავსება უფრო იაფს ხდის მათ მომსახურებას. Amazon-მა მომხმარებლის მომსახურების ღირებულება ერთეულზე 45 ცენტით შეამცირა. ეს 2018 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ამ მაჩვენებელმა გლობალური მასშტაბით დაიკლო.
მნიშვნელოვანი გარიგებები
Amazon-ის ქლაუდ გამოთვლების განყოფილების შემოსავალი ყოველ კვარტალში ეტაპობრივად იზრდებოდა. გასულ მეოთხედში ეს მაჩვენებელი წლიურად 13%-ით გაუმჯობესდა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმან, რომ Amazon-მა დადო რამდენიმე დიდი გარიგება ცნობილ კომპანიებთან. მათ შორის არიან: Salesforce, BMW, Nvidia, Merck და Amgen.
სარეკლამო შემოსავალი იზრდება
პროდუქტების დაფინანსებულმა რეკლამებმა ხელი შეუწყო სარეკლამო შემოსავლის წლიურ 27%-იან ზრდას. აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ Amazon თავისი სტრიმინგის სერვისებისთვის პირველად მოიცავს რეკლამებს, რომლებიც არ საჭიროებს მინიმალურ გადასახადს. შესაბამისად, ის მცირე ბიზნესებისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება. სერვისი უზრუნველყოფს 15 ახალ სარეკლამო შესაძლებლობას და არ ითვალისწინებს მინიმალურ გადასახადს Amazon Freevee, Twitch და Fire TV აპლიკაციებზე.
ენდი ჯასის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ Amazon-ის სტრიმინგ სატელევიზიო რეკლამირება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, ეს მიმართულება სწრაფად ზრდას განაგრძობს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $159.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 36 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $188.21-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $220.00-ს, ხოლო მინიმალური — $170.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას გულისხმობს.
Meta Platforms
გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Meta Platforms-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა და, ისტორიაში პირველად, კომპანიის მენეჯმენტმა დივიდენდებიც დააანონსა. Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ ცუკერბერგმა ჩამოაყალიბა მმართველი გუნდის სტრატეგია, გაზარდოს კომპანია გენერაციული ხელოვნური ინტელექტისა და შერეული რეალობის საშუალებით.
ძლიერი შედეგები და პირველი დივიდენდი
Meta-ს კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის პროგნოზებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. კომპანიის შემოსავალმა რეკორდულ მაჩვენებელს — $40.1 მილიარდს მიაღწია (პროგნოზი — $38.9 მილიარდი), ხოლო EPS-მა — $5.33-ს (პროგნოზი — $4.96). მარკ ცუკერბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეფექტიანობის წლის“ შემდეგ, Meta-ს უფრო სწრაფად და უკეთ ფუნქციონირება შეუძლია.
ცუკერბერგმა მომავლისთვის ნათელი პერსპექტივებიც წარმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ კომპანიაში თანამშრომლების რაოდენობამ წლის განმავლობაში, ხარჯების შემცირების მიზნით, 22%-ით დაიკლო, მაგრამ გასულ მეოთხედში ეს მაჩვენებელი კვარტალურად 2%-ით გაიზარდა, რადგან Meta-მ, ახალი პრიორიტეტული სფეროების საჭიროებებიდან გამომდინარე, კადრების დაქირავების პროცესი განაახლა. 2024 წლისთვის მენეჯმენტი $30-$37 მილიარდის მოცულობის კაპიტალური ხარჯების გაწევას გეგმავს, რაც წინა პროგნოზებზე მაღალი მაჩვენებელია.
გარდა ამისა, Meta-მ ისტორიაში პირველად დააანონსა ფულადი დივიდენდები — თითო აქციაზე $0.50 — და აქციების გამოსყიდვის პროგრამის $50 მილიარდით გაზრდის ვალდებულებაც აიღო.
ლიდერობა AI-ში?
მარკ ცუკერბერგმა კომპანიის ზრდის სტრატეგიაზე საუბრისას დიდი ყურადღება გაამახვილა AI-ზე. Meta-მ გასულ წელს გამოუშვა საკუთარი დიდი ენობრივი მოდელი (LLM — Large Language Model) — Llama 2. მთავარი განსხვავება მის შეთავაზებასა და Microsoft-ის OpenAI-სთან კოლაბორაციას შორის ის არის, რომ Llama 2 სრულად ღია წყაროს წარმოადგენს. ცუკერბერგმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ღია წყარო ხშირად იქცევა ინდუსტრიის სტანდარტად, რაც Llama 2-ს საშუალებას მისცემს, გახდეს ყველაზე პოპულარული LLM დეველოპერებს შორის, ხოლო Meta, თავის მხრივ, საუკეთესო პროფესიონალების დაქირავებას შეძლებს.
აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ Llama 3 უკვე წვრთნის ეტაპზეა და კარგ შედეგებს აფიქსირებს. მან ისაუბრა AI ინსტრუმენტის მომავალი ვერსიებისთვის ძლიერი საფუძვლის შექმნაზე და მის ინტეგრირებაზე Meta-ს აპლიკაციების ოჯახში, რომელიც მოიცავს Facebook-ს, WhatsApp-ს, Instagram-სა და Thread-ს. ცუკერბერგმა თქვა, რომ კომპანიის მთავარი მიზანია ხელოვნური ინტელექტის ასისტენტის უზრუნველყოფა, რომლის ათვისებასაც ბიზნესები, მომხმარებლები და დეველოპერები შეძლებენ.
Reality Labs-ის შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა
Meta-ს მეორე გრძელვადიანი აქცენტი იქნება მეტავერსი და Reality Labs, რომლის შემოსავალმაც მეოთხე კვარტალში პირველად გადალახა $1 მილიარდიანი ზღვარი, თუმცა ამ სეგმენტმა განაგრძო გაცილებით მეტი ფულის დაკარგვა, ვიდრე — გამოიმუშავებდა. ინვესტიციებით დატვირთულმა ბიზნესმა გასულ მეოთხედში $4.5 მილიარდის მოცულობის ზარალი განიცადა.
ვირტუალური რეალობის ჩაფხუტების ბრძოლა იწყება, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Apple თავის Vision Pro-ს დღეს გამოუშვებს. iPhone-ების მწარმოებლის მიზანი კი ამ ნაბიჯით მესამე კვარტლისთვის Meta-ს საბაზრო წილის 55%-ის დაპყრობაა. თუმცა Jeffries-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ Vision Pro-ს, უფრო მაღალი საცალო ფასის ($3,500) გამო, ამ წელს ბაზრის მხოლოდ 4%-იანი წილის დაკავების პოტენციალი გააჩნია. Meta-ს Quest 3-ის ღირებულება კი $500-დან იწყება. მარკ ცუკერბერგმა ისიც აღნიშნა, რომ შობის დღეს Meta-ს ჰედსეტებისთვის საჭირო აპლიკაცია ჩამოტვირთვებში ლიდერობდა.
Reels და Threads პროგრესირებას განაგრძობს
Facebook-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების (MAU) რაოდენობა 3.07 მილიარდამდე გაიზარდა. ხოლო მათი რიცხვი, ვინც თვეში ერთხელ მაინც სტუმრობდა Meta აპლიკაციებიდან რომელიმეს 6%-ით — 3.98 მილიარდამდე გაუმჯობესდა. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის შემოსავლის 98%-ზე მეტი რეკლამებზე მოდის, მენეჯმენტი უფრო მეტ ყურადღებას მონეტიზაციის მეტრიკებზე ამახვილებს.
საშუალო შემოსავალი ერთ მომხმარებელზე წლიურად $8.63-დან $10.10-მდე გაიზარდა და ეს გამოწვეულია აპლიკაციების უფრო ფართო სპექტრით.
მარკ ცუკერბერგის თქმით, Reels-ის გადაზიარებებმა დღეში 3.5 მილიარდს მიაღწია. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს აპლიკაციების შიდა „რეკომენდაციებს“. ეს ფუნქცია მომხმარებლებს მოუწოდებს, გამოცადონ Meta-ს მეტი აპლიკაცია. ამის შედეგად მესამე კვარტალში მომხმარებლების მიერ Facebook-სა და Instagram-ზე დახარჯული დროები, შესაბამისად, 7%-ით და 6%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, Threads პლატფორმაც ვითარდება — გასულ მეოთხედში ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა კვარტალურად 30 მილიონით — 130 მილიონამდე გაიზარდა.
ანალიტიკოსების შეფასებები
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $395.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 29 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $426.11-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $470.00-ს, ხოლო მინიმალური — $370.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 29 ანალიტიკოსიდან 27-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.