გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Procter & Gamble-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სამომხმარებლო საქონლის გიგანტის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3%-ით შემცირდა.
P&G-ის კვარტალური შედეგები მეტწილად წამახალისებელი იყო
მეორე კვარტალში Procter & Gamble-ის შემოსავალი წლიურად 3%-ით — $21.4 მილიარდამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი მცირედით ჩამორჩა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $21.47 მილიარდს. ზრდა მთლიანად განპირობებული იყო მაღალი ფასებით. ამის საპირისპიროდ, კომპანიის პროდუქციის ტრანსპორტირების მოცულობა 1%-ით შემცირდა.
გარდა ამისა, P&G-ის განზავებული EPS (მოგება თითო აქციაზე) წლიურად 12%-ით შემცირდა და $1.40 შეადგინა. ეს ვარდნა დიდწილად Gillette-ის ბიზნესთან დაკავშირებული არამატერიალური აქტივების $1.3 მილიარდით გაუფასურებით იყო განპირობებული. ეს რომ არა, განზავებული EPS წლიურად 16%-ით გაუმჯობესდებოდა. რაც შეეხება ანალიტიკოსებს, ისინი მოელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი $1.7-ს შეადგენდა.
2024 წლის პერსპექტივა ძირითადად უცვლელია
P&G-ს მენეჯმენტმა შეინარჩუნა მითითებები მთელი წლის შემოსავლისთვის — კომპანიაში მოელიან, რომ ეს მაჩვენებელი 2%-4%-ით გაიზრდება. რაც შეეხება მოგებას, Gillette-თან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით, მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ განზავებული EPS უცვლელი დარჩება ან 1%-ით გაიზრდება (ძველი პროგნოზი — 6%-9%-იანი გაუმჯობესება).
როგორც ჩანს, ზრდა მწირია ისეთი დიდი და დამკვიდრებული კომპანიისთვის, როგორიც Procter & Gamble-ია. თუმცა ის სტაბილურია და მენეჯმენტი 2024 აქციონერებისთვის მილიარდობით დოლარის დაბრუნებას აპირებს. კონკრეტულად, გეგმაშია $9 მილიარდის ოდენობით დივიდენდების გახდა და $5-$6 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვა.
ნელი ზრდის გათვალისწინებით, შესაძლოა, P&G-ის აქციებმა 2024 წელს მთლიანი ბაზრის წარმადობას ვერ აჯობოს, მაგრამ დივიდენდები და აქციების გამოსყიდვა აქციონერებს დამატებით სტიმულს მისცემს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Procter & Gamble-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $154.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $163.55-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $177.00-ს, ხოლო მინიმალური — $139.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Procter & Gamble-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 12 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Procter & Gamble-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.