S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების მიხედვით, 2023 წელს ტექნოლოგიური გიგანტის — Apple-ის აქციების ფასი 48.2%-ით გაიზარდა. ამაზე გავლენა იქონია კომპანიის ძლიერი საოპერაციო საქმიანობისა და ინვესტორების ოპტიმიზმის მზარდმა კომბინაციამ.
Apple-ის უნარმა, შეძლოს ნავიგაცია რთულ მაკროეკონომიკურ გარემოში, ინვესტორებში ნდობა ჩამოაყალიბა და შედეგად კომპანიის აქციებმაც მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო.
ძლიერი შედეგები და ხელსაყრელი საბაზრო პირობები
Apple იყო ერთ-ერთი იმ მრავალ ტექნოლოგიურ კომპანიათაგან, რომელმაც ძლიერი ფულადი ნაკადები გამოიმუშავა მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაყიდვები შენელდა. მისი შემოსავალი ფისკალური წლისთვის, რომელიც სექტემბერში დასრულდა, თითქმის 3%-ით შემცირდა, თუმცა ბოლო კვარტალში ზრდა 13%-ით დაჩქარდა. მომხმარებლები მაღალი ინფლაციის, სამუშაო ბაზრის რთული მდგომარეობისა და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების პრობლემების წინაშე დგანან, ეს ყველაფერი კი ძვირადღირებული სამომხმარებლო პროდუქტების გამყიდველ ბიზნესებზე ნეგატიურად აისახება.
2023 წელს Apple-ისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: ჩინეთმა iPhone-ების გამოყენებაზე შეზღუდვები დააწესა, კომპანიამ AR/VR ჰედსეტი — Vision Pro და ახალი თაობის M3 ჩიპებით აღჭურვილი კომპიუტერები წარადგინა და ა. შ.
Apple-მა ინვესტორებზე შთაბეჭდილება მოახდინა ხარჯების მიმართულებით შესანიშნავი შედეგების დაფიქსირებით. კომპანიამ პროდუქციის თვითღირებულება და გაყიდვის დანახარჯები, ასევე ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები შეამცირა. მნიშვნელოვანია, რომ მისი პროდუქციის გაყიდვების კლება ნაწილობრივ კომპენსირდება მაღალი მარჟის მქონე მომსახურების შემოსავლით, რაც დაკავშირებულია App Store-ის საკომისიოებთან და კონტენტის სტრიმინგ გადასახადებთან.
ეს ფაქტორები, Apple-ის მიერ საკუთარი აქციების გამოსყიდვის პროგრამებთან ერთად, ნიშნავდა, რომ ტექნოლოგიური გიგანტის EPS (მოგება თითო აქციაზე) გაიზარდა, მიუხედავად შემოსავლის სისუსტისა. გასული წლის სამ კვარტალურ ანგარიშში კომპანიამ მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები დააფიქსირა. Apple-მა მტკიცედ დაიმკვიდრა თავი, როგორც ფულადი სახსრების ნაკადების სანდო მწარმოებელმა, რომელსაც შეუძლია, რთულ პერიოდებს გაუძლოს და აღმავალ ეტაპზე შესანიშნავი შედეგები დააფიქსიროს.
გასულ წელს Apple-ის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი საბაზრო ძალებმა ითამაშა. მისი ფასების დიაგრამა ძალიან წააგავს Invesco QQQ Trust-ის ტრენდს. ეს უკანასკნელი არის ETF, რომელიც მსხვილი კაპიტალიზაციის ტექნოლოგიური აქციებით დატვირთული ინდექსის — Nasdaq-ის წარმადობას მიჰყვება. კორელაციის მაღალი დონე მიგვითითებს იმაზე, რომ Apple-ზე მოქმედებდა იგივე ფაქტორები, რაც სექტორში არსებულ მის კონკურენტებზე.
ამ დასკვნას ასევე მხარს უჭერს Apple-ის შეფასების კოეფიციენტები. გასული წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ფორვარდული P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი 35%-ზე მეტით — 29-მდე გაიზარდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ინვესტორები მზად იყვნენ, Apple-ის მოკლევადიან შედეგებთან შედარებით, მისი აქციებისთვის უფრო დიდი პრემია გადაეხადათ. ეს Apple-ის პერსპექტივების მიმართ მეტ ოპტიმიზმზე და ინვესტორების რისკისადმი ტოლერანტობის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.
რა მოელის Apple-ს?
Apple-ის გრძელვადიანი ნარატივი ეყრდნობა მის ვარსკვლავურ წარმადობას, როგორც ფულადი ნაკადების გამომუშავების, ასევე ინოვაციურ ტექნოლოგიებში ინვესტირების კუთხით. კომპანია მიზნად ისახავს, გახდეს ლიდერი ვირტუალური რეალობისა და ხელოვნური ინტელექტის პროდუქტებში. თუ ამ განვითარებად ინდუსტრიებში ის თავს წარმატებით დაიმკვიდრებს, მაშინ ძლიერი ფინანსური შედეგები, სავარაუდოდ, აქციონერებს მომავალში უფრო დიდ სარგებელს მოუტანს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $186.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $203.35-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $150.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 33 ანალიტიკოსიდან 23-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.