S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების მიხედვით, გასული წლის განმავლობაში ტექნოლოგიური გიგანტის — Microsoft-ის აქციების ფასი დაახლოებით 57%-ით გაიზარდა. ამან შექმნა მკვეთრი კონტრასტი კომპანიის 2022 წლის შედეგებთან, როდესაც ეს მაჩვენებელი 29%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი Microsoft-ის აქციების ფასი დაახლოებით 0.5%-ით არის გაუმჯობესებული.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ზრდას უდავოდ ხელი შეუწყო გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა ლანდშაფტმა, Microsoft-ის შთამბეჭდავ მიღწევებში ყველაზე დიდი წვლილი ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებამ შეიტანა.
გენერაციული AI-ის წელი
2023 წელი ChatGPT-ის შესაძლებლობების ირგვლივ დიდი აჟიოტაჟით დაიწყო. გამოსვლიდან მალევე, ჩეთბოტი სწრაფად გახდა ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო აპლიკაცია, რომელმაც დებიუტიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ 100 მილიონი აქტიური მომხმარებელი მოიზიდა.
Microsoft-მა ChatGPT-ის გამომშვებ კომპანიაში — OpenAI-ში თავდაპირველად, 2019 წელს, $1 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, მაგრამ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის უნარი, შექმნას ორიგინალური კონტენტი და გაამარტივოს შრომატევადი ამოცანები, რევოლუციური აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, Microsoft-მა თავისი ინვესტიცია $13 მილიარდამდე გაზარდა და, ამავდროულად, დაიწყო ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება თავისი პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრში.
უშუალოდ ამ შესაძლებლობებმა გამოიწვია კომპანიის ციფრული ასისტენტის — Copilot-ის შემუშავება, რომელიც შექმნილია Microsoft-ის მომხმარებლების დროის დაზოგვისთვის და კომპანიის პროდუქტიულობის ძირითადი პროგრამების გაუმჯობესების მიზნით. Copilot-ს შეუძლია ელექტრონული წერილების შეჯამება და საპასუხო მონახაზების შედგენა, შეხვედრების დაგეგმვა, PowerPoint-ში პრეზენტაციების შექმნა და ა. შ.
Copilot იქცა ჰიტად Microsoft-ის მომხმარებლებში, Fortune 100 კომპანიის (აშშ-ის 100 ყველაზე მსხვილი კომპანია შემოსავლების მიხედვით) დაახლოებით 40%-ს ჰქონდა წვდომა Copilot-ის საცდელ ვერსიაზე. გასული წლის ბოლოს მიცემულ ინტერვიუში მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა — ემი ჰუდმა განაცხადა: „შემდეგი თაობის AI მიმართულება იქნება ჩვენს ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდი $10 მილიარდის ღირებულების ბიზნესი“.
სულ ახლახან, Microsoft-ის Azure Cloud-მა მიიღო სარგებელი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯებისგან — მისი ქლაუდ შემოსავალი წლიდან წლამდე 29%-ით გაიზარდა და ამ მაჩვენებლით კომპანიამ აჯობა Amazon Web Services-სა (AWS) და Alphabet-ის Google Cloud-ს, რომელთა შემოსავლებიც, შესაბამისად, 12%-ით და 22%-ით გაუმჯობესდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი ფაქტის გამო — ზრდა დაფიქსირდა Azure-ის გაუმჯობესების შენელების ზედიზედ შვიდი კვარტლის შემდეგ. Microsoft-ის მენეჯმენტმა ეს ზრდა AI-ს მიაწერა.
რას უნდა ველოდეთ მომავალში?
შესაძლოა, Microsoft-ს წინ მეტი წარმატება ელოდეს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ, ვარდნის ფონზე, გამძლეობა აჩვენა, მისმა კომპიუტერების სეგმენტმა აღორძინება ახლახან დაიწყო. გარდა ამისა, ჩვენ ჯერ არ გვინახავს Microsoft-ის შედეგებზე Copilot-ის გავლენის სრული მასშტაბი. Evercore IS-ის ანალიტიკოსი — კირკ მატერნი ვარაუდობს, რომ AI-ს შეუძლია 2027 წლისთვის Microsoft-ს $100 მილიარდზე მეტი შემოსავალი მოუტანოს. შედარებისთვის, ტექნოლოგიურმა გიგანტმა ფისკალურ 2023 წელს დაახლოებით $212 მილიარდის ოდენობით მთლიანი შემოსავალი გამოიმუშავა.
პროდუქტიულობის პროგრამული უზრუნველყოფის და Azure-ის მომხმარებელთა დიდი ბაზა Microsoft-ისთვის ქმნის უზარმაზარ, გამოუყენებელ ბაზარს თავისი AI პროდუქტების გასაყიდად. აქედან გამომდინარე, 2023 წელს დაფიქსირებული ზრდა შეიძლება მხოლოდ დასაწყისი იყოს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $376.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 37 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $427.48-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $600.00-ს, ხოლო მინიმალური — $375.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 37 ანალიტიკოსიდან 36-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.