გუშინ Carvana-ს აქციების ფასი თითქმის 14%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც J.P. Morgan-ის ანალიტიკოსებმა მეორეული ავტომობილებით ონლაინ საცალო მოვაჭრის შესახებ დადებითი კომენტარები გააკეთეს. მიმდინარე წლის განმავლობაში Carvana-ს აქციების ფასი დაახლოებით 765%-ით არის გაუმჯობესებული.
საინვესტიციო ბანკმა Carvana-ს აქციების გაყიდვის რეკომენდაცია ნეიტრალური რეიტინგით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი მკვეთრად — $25-დან $40-მდე გაზარდა.
J.P. Morgan-ის ანალიტიკოსებმა შეაქეს Carvana-ს პროგრესი პროდუქტიულობის, ხარჯებისა და ორგანიზაციული კულტურის მიმართულებით. მათი მტკიცებით, ამ ნაბიჯებმა, 2019-2020 წლებთან შედარებით, კომპანიას ზრდის ბერკეტები დაუბრუნა.
ანალიტიკოსებმა დასძინეს, რომ Carvana-ს შესახებ „ცნობილ უცნობებს“ (ისეთი რამ, რაც იცით, მაგრამ არ გესმით) ინვესტორები ახლა უკეთ აფასებენ. მათი განცხადებით, კომპანიას შეუძლია, ეს გაურკვეველი მაკროგარემო და მეორეული ავტომობილების ინდუსტრიის ფაზა გადალახოს ისე, რომ ნეგატიური ზემოქმედება ახლო და საშუალოვადიანი პერსპექტივებით შეზღუდოს.
თუმცა J.P. Morgan-ის ანალიტიკოსებმა ინვესტორები გააფრთხილეს, რომ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები და კომპანიის მიერ მომგებიანობის მართვის მიმართულებით ინვესტირების შეჩერება, სავარაუდოდ, გაყიდვების საშუალო მოცულობის ზრდას შეანელებს.
Carvana-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $40.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $38.23-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $60.00-ს, ხოლო მინიმალური — $24.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Carvana-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4.6%-იან შემცირებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.