ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Elastic-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი ქლაუდზე დაფუძნებული მონაცემთა საძიებო კომპანიის აქციების ფასი 37%-ზე მეტით გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა 52-კვირიან მაქსიმუმს მიაღწია. მიმდინარე წლის განმავლობაში Elastic-ის აქციების ფასი დაახლოებით 120%-ით არის გაუმჯობესებული.
რა იყო კარგი Elastic-ის კვარტალურ ანგარიშში?
მეორე კვარტალში Elastic-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 17%-ით — $311 მილიონამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა როგორც უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $304.44 მილიონს, ისე მენეჯმენტის მოლოდინს — $303-$305 მილიონს.
Elastic-ის EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.37 შეადგინა (პროგნოზი — $0.24). თუმცა GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კომპანიამ თითო აქციაზე $0.25-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა, რამაც ასევე აჯობა ანალიტიკოსების პროგნოზს — -$0.42-ს.
Elastic-ის მენეჯმენტი მეორე კვარტლის ძლიერ ფინანსურ შედეგებს გენერირებად ხელოვნურ ინტელექტს (AI) მიაწერს. და, შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტმა ახსნას ბაზრის ასეთი დადებითი რეაქცია. ბევრი ინვესტორი იცნობს გენერაციულ AI პროგრამებს, როგორიცაა ChatGPT, რომელიც ინტერნეტ საძიებო სისტემებში სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას გვთავაზობს.
მაშინ როცა ტრადიციული საძიებო სისტემები მომხმარებლებს ამისამართებს შესაბამის ვებგვერდებზე, რომლებზეც მათ შეუძლიათ იპოვონ ის, რასაც ეძებენ, გენერაციული AI ეძებს ინფორმაციას და მას მომხმარებლებისთვის თავად აგენერირებს.
Elastic თავის მომხმარებელ საწარმოებს საშუალებას აძლევს, ბიზნეს მონაცემები მოიძიონ. თუმცა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის — ეშ კულკარნის თქმით, ძიების პროცესში Elastic-ის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მომხმარებლის აღფრთოვანებას და მეტ ჩართულობას იწვევს.
Elastic-ის მენეჯმენტი პროგნოზებს ზრდის
რაც შეეხება მომავალს, Elastic-ის მენეჯმენტმა, გასული მეოთხედის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, ფისკალური 2024 წლის შემოსავლის პროგნოზი გაზარდა. კომპანიაში ახლა მოელიან, რომ ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე დაახლოებით 17%-ით გაიზრდება და $1.247-$1.253 მილიარდს მიაღწევს, რაც აღემატება მენეჯმენტის წინა პროგნოზს — $1.242-$1.25 მილიარდს.
Elastic-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $110.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $101.93-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $115.00-ს, ხოლო მინიმალური — $87.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Elastic-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 18 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.