ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Dell Technologies-მა კვარტალური ანგარიში წარადგინას. პარასკევს კი ამერიკაში დაფუძნებული მრავალეროვნული ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასი 5%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 76%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში Dell Technologies-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 10%-ით — $22.3 მილიარდამდე შემცირდა და ეს მაჩვენებელი საკმაოდ ჩამორჩა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $23.01 მილიარდს. კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $1.88-ს მიაღწია (პროგნოზი — $1.46). GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი $1.36 შეადგინა და ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების პროგნოზს $0.70-ით გადააჭარბა.
Dell-ის პერსონალური კომპიუტერების სამომხმარებლო და კორპორატიული გაყიდვებიდან გამომუშავებული შემოსავალი წლიდან წლამდე 11%-ით — $12.3 მილიარდამდე შემცირდა, რაც მოლოდინს გაცილებით ჩამორჩება. თუმცა, სერვერებისა და ქსელების შემოსავალი, მეორე კვარტალთან შედარებით, 9%-ით გაიზარდა და $4.7 მილიარდს მიაღწია. მთავარმა საოპერაციო დირექტორმა — ჯეფ კლარკმა განაცხადა, რომ წარმადობა განპირობებული იყო მომხმარებელთა ინტერესით გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მიმართ და რომ ფისკალური 2025 წლისთვის კომპანიაში შემოსავლების ზრდას მოელიან.
Dell-ის მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ მიმდინარე კვარტალში გაყიდვები $22 მილიარდს მიაღწევს, რაც ნაკლებია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ მთელი წლის EPS $6.53-$6.73-ს შეადგენს და ეს დიაპაზონი აჭარბებს წინა პროგნოზს — $6.10-$6.50-ს.
მიუხედავად პარასკევის ზარალისა, Dell-ის აქციების ფასი, წინა დღით რეკორდულ ნიშნულზე დახურვის შემდეგ, ყველა დროის მაქსიმუმალურ მაჩვენებელთან ახლოს დარჩა.
Dell Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $70.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $80.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $95.00-ს, ხოლო მინიმალური — $53.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Dell Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 14 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.