როგორც ჩანს, ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) ოფიციალური პირები ჯერ არ ჩქარობენ ინფლაციასთან ბრძოლაში გამარჯვების აღნიშვნას გასული კვირის CPI-ის (სამომხმარებლო ფასების ინდექსი) მოსალოდნელზე უკეთესი ანგარიშის შემდეგ. თუმცა ისინი აღიარებენ, რომ ამ მიმართულებით პროგრესი შეინიშნება.
გასულ კვირაში რამდენიმე ჩინოვნიკმა საჯარო გამოსვლაში განიხილა სამშაბათის მოხსენება სამომხმარებლო ფასების ინდექსის შესახებ. ოქტომბერში CPI წლიდან წლამდე 3.2%-ით გაიზარდა. ეს იყო ყველაზე დაბალი ზრდის დონე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. 2022 წლის ყველაზე უარეს შემთხვევაში CPI-ის ზრდამ 9%-ს გადააჭარბა.
ბაზრის მონაწილეებმა ეს ანგარიში გარდამტეხ მომენტად აღიქვეს. დამკვირვებლები სულ უფრო ხშირად ფიქრობენ იმაზე, თუ როდის დაასრულებს Fed საპროცენტო განაკვეთების ზრდის კამპანიას, რომლის მიზანიც ინფლაციის დონის შემცირება იყო. თავად ფედერალური რეზერვის წარმომადგენლები კი ამ საკითხს უფრო თავშეკავებულად უდგებიან.
ჩიკაგოს ფედერალური ბანკის თავმჯდომარემ — ოსტან გოლსბიმ, სამშაბათს დეტროიტის ეკონომიკურ კლუბში გამოსვლისას განაცხადა, რომ ანგარიში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და აღინიშნება ნელი, მაგრამ აშკარა პროგრესი სხვადასხვა კატეგორიის საქონლისა და მომსახურების ფასებში. გოლსბი სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით Federal Open Market Committee-ში — ეს არის ჯგუფი, რომელიც ადგენს საპროცენტო განაკვეთებს და რომლის შემადგენლობაში შედიან რეგიონული ფედერალური სარეზერვო ბანკების პრეზიდენტები.
ლიზა კუკი, ფედერალური სარეზერვო საბჭოს გუბერნატორი და ასევე FOMC-ის წევრი, ხუთშაბათს, სან-ფრანცისკოს ფედერალური სარეზერვო ბანკის ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა მაგრამ მას ოქტომბრის ანგარიში პირდაპირ არ უხსენებია. თუმცა ლიზამ ხაზგასმით აღნიშნა რისკები, რომლებიც Fed-ის მიერ ზედმეტად მაღალი საპროცენტო განაკვეთების დაწესებასთან არის დაკავშირებული.
საპროცენტო განაკვეთების 22-წლიან მაქსიმუმზე აწევით, Fed-მა საკმარისად გაზარდა სესხის აღების საფასური იმისთვის, რომ ბიზნესებისა და ოჯახების ფინანსები ზეწოლის ქვეშ მოქცეულიყო. ზოგიერთი ეკონომისტი პროგნოზირებს, რომ Fed განაკვეთის შემცირებას რამდენიმე თვეში დაიწყებს, რათა ეკონომიკა რეცესიაში არ აღმოჩნდეს, ეს კი ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ძალის მასობრივ დათხოვნას გამოიწვევს. სწორედ ამ რისკს გაუსვა ხაზი ლიზა კუკმა.
„მე ასევე გააზრებული მაქვს ეკონომიკური აქტივობისა და დასაქმების ზედმეტად მკვეთრი შემცირების რისკი“ — განაცხადა ლიზამ. „ეკონომიკის ზოგიერთი ნაწილი, უფრო მკაცრი ფინანსური პირობების გამო, მნიშვნელოვან ზეწოლას განიცდის“.
ხუთშაბათს, CNBC-თან ინტერვიუში, ლორეტა მესტერმა, კლივლენდის ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა და FOMC-ის ალტერნატიულმა წევრმა, აღიარა პროგრესი, მაგრამ ეს მოვლენა გამარჯვებად არ გამოუცხადებია.
„ჩვენ ინფლაციის დონის შემცირების კუთხით პროგრესს ვაღწევთ, შესამჩნევ პროგრესს“ — განაცხადა მან. „ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. ჩვენ უნდა დავინახოთ ბევრად მეტი მტკიცებულება იმისა, რომ ინფლაცია დროულად უახლოვდება სამიზნე 2%-იან მაჩვენებელს“.