გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Target, Nu Holdings, Dollar General, TJX და Eli Lilly.
Target
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Target-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი საცალო ვაჭრობის კომპანიის აქციების ფასი 16%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 14%-ით არის შემცირებული.
Target-ის მესამე კვარტალმა აჩვენა, რომ გაყიდვები ჯერ კიდევ სუსტია მიმდინარე გარემოში, მაგრამ კომპანია ამ პერიოდში ხარჯებს ეფექტურად აკონტროლებდა.
ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 4.9%-ით დაეცა დისკრეციული კატეგორიების შემცირების გამო. Target-ის მთლიანი შემოსავალი წლიდან წლამდე 4.2%-ით — $25.4 მილიარდამდე შემცირდა, რაც ოდნავ უსწრებდა ანალიტიკოსების პროგნოზს — $25.29 მილიარდს.
თუმცა კომპანიამ შეამცირა მარაგები 14%-ით, რამაც ხელი შეუწყო მთლიანი მარჟის 24.7%-დან 27.4%-მდე გაზრდას. საოპერაციო მარჟამ 3.9%-დან 5.2%-მდე მოიმატა, ხოლო კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) — $1.54-დან $2.10-მდე, რაც ბევრად აღემატება უოლ სტრიტის პროგნოზს — $1.48-ს.
აღმასრულებელმა დირექტორმა — ბრაიან კორნელმა თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ მესამე კვარტლის გაყიდვები ჩვენს მოლოდინებს შეესაბამებოდა, EPS ჩვენს პროგნოზს ბევრად უსწრებდა. ეს შედეგი ისარგებლა ჩვენი გუნდის ეფექტიანობამ და მარაგის დისციპლინირებულმა მენეჯმენტმა განაპირობა“.
რაც შეეხება მომავალს, Target-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში comps საშუალო ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით შემცირდება, ხოლო კორექტირებული EPS $1.90-$2.60-ს მიაღწევს. შედარებისთვის გასული წლის წინ იმავე კვარტალში ეს მაჩვენებელი $1.89-ს აღწევდა, ხოლო ანალიტიკოსების პროგნოზი $2.22-ს უტოლდება.
Target-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $131.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $144.03-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $180.00-ს, ხოლო მინიმალური — $105.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Target-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 30 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nu Holdings
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Nu Holdings-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი ბრაზილიური ფინტექ კომპანიის აქციების ფასი 7%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 130%-ით არის გაუმჯობესებული.
მესამე კვარტალში Nu Holdings-მა წარმოაჩინა ყველაფერი, რისი ნახვაც ინვესტორებს სურთ. კომპანიას ახალი მომხმარებლები შთამბეჭდავი ტემპით ემატება, იზრდება აქტივობა თითო მომხმარებელზე, იზრდება შემოსავალი და უმჯობესდება მისი მოგების მარჟა, რაც წლიდან წლამდე წმინდა მოგების გაუმჯობესებას განაპირობებს.
გასულ კვარტალში Nu Holdings-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 64%-ით გაიზარდა და $2.1 მილიარდს გადააჭარბა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.03 მილიარდი). კომპანიის წმინდა მოგებამ კი $303 მილიონი შეადგინა გაუმჯობესებული მარჟის წყალობით. ეს კი ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე $8.4 მილიონი, რომელიც Nu Holdings-მა გასული წლის იმავე პერიოდში დააფიქსირა. EPS-მა კი $0.0624 შეადგინა (პროგნოზი — $ 0.0628).
Nu Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $8.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $10.72-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $16.00-ს, ხოლო მინიმალური — $8.70-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nu Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 31%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 9 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Dollar General
გუშინ, მნიშვნელოვანი პოზიტიური სიახლეების შემდეგ, მაღაზიების ამერიკული ქსელის — Dollar General-ის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ით არის შემცირებული.
გუშინდელი ზრდის გარკვეული ნაწილი განპირობებულია კომპანიის კონკურენტის — Target-ის ძლიერი კვარტალური შედეგებით. სავარაუდოდ, Dollar General-ის აქციების ფასის მატების უფრო დიდი მამოძრავებელი ფაქტორი აშშ-ის აღწერის ბიუროსა და შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ წარდგენილი მაჩვენებლები იყო.
გასულ თვეში, როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ის შიდა საცალო ხარჯები შემცირდა, მაგრამ 0.1%-იანი კლება უკეთესი იყო, ვიდრე ნავარაუდევი 0.3%-იანი ვარდნა. ამასობაში ინფლაცია მცირდება. მწარმოებლების საერთო ხარჯები ოქტომბერში 0.5%-ით შემცირდა, რაც 2020 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე დიდ თვიურ ვარდნას წარმოადგენს.
ინფლაციის შემცირება კარგი ამბავია როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე კორპორაციებისთვის. ეს განსაკუთრებით პოზიტიური სიახლეა Dollar General-ისთვის, რადგან მისი ძირითადი მომხმარებლები — ინდივიდები, რომლებიც წელიწადში $40,000-ს ან ნაკლებს გამოიმუშავებენ — განსაკუთრებით დააზარალა მაღალმა ხარჯებმა.
Dollar General-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $123.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 24 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $131.05-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $195.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Dollar General-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 24 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
TJX
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, TJX-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ჩამოფასებული საქონლის მაღაზიის აქციების ფასი 3%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 13%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში TJX-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 9%-ით — $13.3 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $13.05 მილიარდი), ხოლო EPS-მა $1.03 შეადგინა (პროგნოზი — $0.99). Comps-მა 6%-ით მოიმატა და TJX-ის მენეჯმენტმა განმარტა, რომ ეს შედეგი მთლიანად მომხმარებელთა ტრაფიკით არის განპირობებული.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა — ერნი ჰერმანმა აღნიშნა, რომ ის განსაკუთრებით კმაყოფილი იყო Marmaxx-ისა და HomeGoods-ის მაღაზიებში comps-ებით, რომლებიც, შესაბამისად, 7%-ით და 9%-ით გაიზარდა. მან ასევე განაცხადა, რომ ტანსაცმლის გაყიდვები კვლავ ძლიერია, ხოლო სახლის საქონლის გაყიდვები დაჩქარდა წინა კვარტალთან შედარებით. ჰერმანმა თქვა, რომ კომპანიამ მეოთხე კვარტალი ძლიერად დაიწყო.
TJX-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში EPS $0.97-$1-ს შეადგენს, რაც ჩამოუვარდება როგორც წინა პროგნოზს — $1-$1.03-ს, ასევე ანალიტიკოსების მოლოდინს — $1.13-ს.
კომპანიაში EPS-ის მთელი წლის პროგნოზი $3.56-$3.62-დან $3.61-$3.64-მდე გაზარდეს, მაგრამ ანალიტიკოსების მოლოდინს ეს დიაპაზონიც ჩამოუვარდება.
TJX-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $89.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $101.22-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $110.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი TJX-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Eli Lilly
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, ფარმაცევტული კომპანიის — Eli Lilly-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 61%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Eli Lilly მიზნად ისახავს, დასავლეთ გერმანიაში ააშენოს ახალი ქარხანა, რომელიც კომპანიას რამდენიმე მილიარდი დაუჯდება. საინფორმაციო სააგენტომ ასევე განაცხადა, რომ ცნობილი ფარმაცევტული კომპანია პროექტს მთლიანად საკუთარი სახსრებით დააფინანსებს.
მოხსენება გამოქვეყნდა ძალიან მალე მას შემდეგ, რაც Lilly-ის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტი — Mounjaro როგორც აშშ-ის, ასევე გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის რეგულატორებმა წონაში კლების საშუალებად დაამტკიცეს.
თუ ვივარაუდებთ, რომ Reuters-ის ინფორმაცია ზუსტია, გერმანიაში ახალი ქარხნის ასაშენებლად საჭირო ხარჯები სექტემბრის ბოლოს Eli Lilly-ის ხელთ არსებული მთლიანი ნაღდი ფულის მინიმუმ 42%-ს შეადგენს. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ინვესტორები ამ ინფორმაციას ცოტა ნეგატიურად გამოეხმაურნენ.
Eli Lilly-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $588.50-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $645.72-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $722.00-ს, ხოლო მინიმალური — $480.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Eli Lilly-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 20 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.