გუშინ Boeing-ის აქციები Dow Jones Industrial Average ინდექსში საუკეთესო წარმადობით გამოირჩეოდა. ავიაკოსმოსური კომპანიის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც დუბაის მთავრობის საკუთრებაში არსებული ავიაკომპანიის — Emirates-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Boeing-ისგან 95 ფართოკორპუსიანი თვითმფრინავის შეძენას აპირებენ. ამ გარიგების ღირებულება მთლიანობაში $52 მილიარდს შეადგენს.
Boeing-ის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ გარიგება მოიცავს 55 777-9 მოდელს, 35 777-8-ს და 5 787 Dreamliner-ს. შეთანხმების წარმატებით დასრულების შემდეგ, Emirates-ის მფლობელობაში, რომელიც უკვე 777-ების უმსხვილესი ოპერატორია, 205 ეს მოდელი იქნება. Dreamliner-ის შესყიდვები დაემატება მის ამჟამინდელ შეკვეთას, რომელიც 30 თვითმფრინავს მოიცავს.
სტენ დილმა, Boeing Commercial Airplanes-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ Emirates-ის გადაწყვეტილება არის წარმოუდგენელი ნდობის გამოხატულება Boeing-ის ფართოკურპუსიანი თვითმფრინავების მიმართ.
შეიხმა აჰმედ ბინ საიდ ალ მაკტუმმა, Emirates Airline-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, აღნიშნა, რომ ავიაკომპანიის მოდელი თავიდანვე გულისხმობდა თანამედროვე და ეფექტიანი ფართოკურპუსიანი თვითმფრინავებით ოპერირებას, რომლებსაც შორ მანძილზე დიდი რაოდენობით მგზავრების გადაყვანა შეეძლო. მან დასძინა: „ახალი შეკვეთები სწორედ ამ სტრატეგიას ასახავს“.
გარდა ამისა, ჩინეთი განიხილავს Boeing-ისგან 737 Max თვითმფრინავების შეძენას იმის ფონზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტი — ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი — სი ჯინპინი ამ კვირაში სან-ფრანცისკოში APEC-ის სამიტზე შესახვედრად ემზადებიან.
Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $204.50-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $242.06-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $275.00-ს, ხოლო მინიმალური — $200.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 18 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.