გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Tesla, NextEra Energy Partners, Monday.com, Rivian Automotive და StoneCo.
Tesla
გუშინ, პოზიტიური სიახლეების შემდეგ, ელექტრომობილების (EV) ინდუსტრიის ლიდერის — Tesla-ს აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 107%-ით არის გაუმჯობესებული.
პირველი და პოტენციურად უფრო გავლენიანი სიახლე ინდოეთიდან გავრცელდა. Bloomberg იტყობინება, რომ, შესაძლოა, ქვეყნის მთავრობამ ელექტრომობილების მწარმოებლებს, რომლებიც თავიანთ მანქანებს ინდოეთში აწარმოებენ, საგადასახადო შეღავათები შესთავაზოს. საინფორმაციო სააგენტომ დასძინა, რომ ეს შეღავათები შეიძლება ძალაში 5 წლამდე ვადით დარჩეს. თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი დეტალები იმის შესახებ, თუ რა მოცულობის შეღავათებით შეძლებენ სარგებლობას ელექტრომობილების მწარმოებლები.
ამ დროისათვის Tesla ვალდებულია გადაიხადოს იმპორტის გადასახადი, რომელიც მისი მანქანების ღირებულების 70%-100%-ს შეადგენს. 2021 წელს კომპანიის წარმომადგენლები წარუმატებლად ცდილობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 40%-მდე შეემცირებინათ.
ინდოეთის საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი — პიუშ გოიალი სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ლიდერთა კვირეულის ღონისძიებაზე იმყოფება. Bloomberg-ის ინფორმაციით, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი — ილონ მასკი, სავარაუდოდ, გოიალს შეხვდება და მასთან ამ საკითხს განიხილავს.
გარდა ამისა, Tesla-მ ბრიტანულ ბენზინგასამართ სადგურის ოპერატორ EG Group-თან გააფორმა გარიგება თავისი სუპერდამტენების გაყიდვის შესახებ. ისინი არა Tesla-ს, არამედ “evpoint”-ის სახელწოდებით იქნება ბრენდირებული. სუპერდამტენები იმუშავებს „ღია ქსელის“ საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ Tesla-ს მოდელებისთვის, არამედ ნებისმიერი ელექტრომობილის დასამუხტად.
EG Group-ს არ დაუკონკრეტებია სუპერდამტენების რაოდენობა, რომელსაც ის ყიდულობს და არც გარიგების ფინანსური დეტალები გაუმჟღავნებია.
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $224.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $248.93-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $380.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 34 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 6-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
NextEra Energy Partners
გუშინ განახლებადი ენერგიის კომპანიის — NextEra Energy Partners-ის აქციების ფასი თითქმის 4%-ით შემცირდა. ბაზარი მოიცვა ეჭვმა, რომ, შესაძლოა, ფედერალურმა რეზერვმა (Fed) საპროცენტო განაკვეთები კვლავ გაზარდოს.
წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 68%-ით არის დაკლებული.
დღეს აშშ-ის სამომხმარებლო ფასების ინდექსის მაჩვენებელი გამოქვეყნდება, რაც საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით Fed-ის გადაწყვეტილების საკვანძო განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს. ინფლაციის მაღალმა მაჩვენებელმა შეიძლება Fed-ს განაკვეთების გაზრდისკენ უბიძგოს, სექტემბერში ინფლაციის 0.4%-იანი თვიური ზრდა კი მომავალი მაჩვენებლების შესახებ შეშფოთების მიზეზია.
NextEra Energy Partners-ისთვის საპროცენტო განაკვეთები ასეთი მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ კომპანიას $2.2 მილიარდის მოცულობის დავალიანება აქვს, რომლის დაფარვის ვადაც 2026 წლამდეა. საპროცენტო განაკვეთების მატება კი შეამცირებს გასანაწილებლად ხელმისაწვდომ ნაღდ ფულს და საბოლოოდ დივიდენდურ სარგებელს, რომელიც ამჟამად 14.3%-ს აღწევს. ასე რომ, NextEra Energy-ის აქციების ფასმა შეიძლება მნიშვნელოვანი რყევები განიცადოს საპროცენტო განაკვეთების ცვლილებებიდან გამომდინარე.
ვალის მომსახურების ხარჯები, რა თქმა უნდა, წინაღობა იქნება NextEra Energy Partners-ისთვის, მაგრამ მენეჯმენტმა უკვე განაცხადა, რომ კომპანია, ამ მდგომარეობასთან ადაპტირების მიზნით, აჩერებს დივიდენდების მოსალოდნელ ზრდას და ამცირებს ხარჯებს. შესაძლოა, ამჟამინდელი დივიდენდური სარგებელი არ შენარჩუნდეს.
NextEra Energy Partners-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $23.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $40.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $65.00-ს, ხოლო მინიმალური — $20.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი NextEra Energy Partners-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 76%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 15 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Monday.com
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Monday.com-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სამუშაო პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით არის გაუმჯობესებული.
2023 წლის მესამე კვარტალში Monday-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 38%-ით — $189.2 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $182.5 მილიონი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.64 შეადგინა (პროგნოზი — $0.21).
წმინდა შემოსავლის შენარჩუნების კოეფიციენტმა (NRR) 110%-ს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ Monday-ის არსებულმა მომხმარებლებმა, კომპანიის გადაწყვეტების გამოყენების მათი პირველი წლის შემდეგ, Monday-ის სერვისებზე 10%-ით მეტი დახარჯეს. ეს მაჩვენებელი მეტად გაიზარდა უფრო მსხვილი მომხმარებლებისთვის — NRR-მა 115% შეადგინა იმ კომპანიებისთვის, რომელთა მხრიდანაც Monday-ის გადაწყვეტებს 10-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს, ასევე მათთვის, ვისაც კომპანიისთვის $50,000-ზე მეტი წლიური განმეორებადი შემოსავალი მოაქვს. Monday.com-მა კვარტალი დაასრულა 2,077 მომხმარებლით ამ უკანასკნელ კატეგორიაში, რაც გასული წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ მაჩვენებელს 57%-ით აღემატება.
რაც შეეხება მომავალს, Monday-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ სრული 2023 წლის განმავლობაში შემოსავალი 39%-40%-ით გაიზრდება და $723-$725 მილიონს მიაღწევს (წინა პროგნოზი — $713-$717 მილიონი). ანალიტიკოსების პროგნოზი კი $715-ს შეადგენს.
Monday-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $155.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $199.54-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $270.00-ს, ხოლო მინიმალური — $170.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Monday-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 29%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 14 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Rivian
გუშინ ელექტრო სატვირთო მანქანების მწარმოებლის — Rivian Automotive-ის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ მიიღო საბოლოო თანხმობა ახალი საწარმოო ქარხნის აშენებაზე, ატლანტაში, ჯორჯიის აღმოსავლეთით. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 7%-ით არის შემცირებული.
ჯორჯიის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტი ჯასპერის, მორგანის, ნიუტონის და უოლტონის ქვეყნების ერთობლივი განვითარების ორგანოსთან ერთად შეთანხმდნენ, რომ Rivian-ს იჯარით მისცენ თითქმის 2000 ჰექტარი, რომელიც კომპანიას სჭირდება თავისი ახალი ქარხნის ასაშენებლად. Rivian აპირებს, ახალი ქარხანა თავისი შემდეგი თაობის ელექტრომობილების შესაქმნელად გამოიყენოს.
Rivian ქარხნის მშენებლობაში $5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.
Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $16.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $26.11-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $40.00-ს, ხოლო მინიმალური — $15.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 61%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 20 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
StoneCo
პარასკევს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, StoneCo-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი კაიმანის კუნძულებზე დაფუძნებული ფინტექ კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 13%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 43%-ით არის გაუმჯობესებული.
მესამე კვარტალში StoneCo-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 25%-ით — $609.9 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $610.2 მილიონი), ხოლო კორექტირებულმა მოგებამ გადასახადების გადახდამდე $110.9 მილიონი შეადგინა, ანუ EPS $0.35 იყო (პროგნოზი — $0.22).
StoneCo-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $12.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $14.88-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $22.00-ს, ხოლო მინიმალური — $11.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი StoneCo-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 8 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.