ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Illumina-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი გენეტიკური კვლევის მოწყობილობების მწარმოებლის აქციების ფასმა 10-წლიან მინიმალურ ნიშნულს მიაღწია. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 51%-ით არის შემცირებული.
Illumina-ს კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე თითქმის უცვლელი დარჩა და $1.12 მილიარდი შეადგინა. ეს მაჩვენებელი ოდნავ ჩამორჩა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.13 მილიარდს. კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) მოლოდინებს ბევრად გადააჭარბა და $0.33-ს მიაღწია (პროგნოზი — $0.13). თუმცა GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლისას კომპანიამ თითო აქციაზე $4.77-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა.
გარდა ამისა, კომპანიამ აღიარა $712 მილიონის ოდენობით გუდვილი (ბიზნესის დამკვიდრებული რეპუტაცია, რომელიც განიხილება რაოდენობრივად ფასდაუდებელ აქტივად და კომპანიის გაყიდვისას მისი ღირებულების ნაწილად მიიჩნევა) და $109 მილიონის მოცულობის არამატერიალური აქტივების გაუფასურება, რაც მის GRAIL ერთეულთან არის დაკავშირებული. Illumina-ს მენეჯმენტი ჯანდაცვის კომპანიის შეძენას 2020 წელს $8 მილიარდად დათანხმდა.
Illumina-მ გარიგება 2021 წელს მარეგულირებლების მიერ სრულ დამტკიცებამდე დახურა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა Illumina-ს GRAIL-ის დივესტირებისკენ მოუწოდა. კომპანია ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, მაგრამ Illumina-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯეიკობ თაისენმა აღიარა, რომ დივესტირების პროცესი დაწყებულია. GRAIL-ის შესყიდვის დახურვის გადაწყვეტილება იყო კომპანიის კონტროლისთვის ბრძოლის ნაწილი, რომელსაც ამ წლის დასაწყისში აქტივისტი ინვესტორი — კარლ აიკანი ხელმძღვანელობდა.
ჯეიკობ თაისენმა აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკური გარემო რჩება გამოწვევად როგორც ინდუსტრიისთვის, ისე კომპანიის მომხმარებლებისთვის. მისი თქმით, შეძენის გადაწყვეტილების მიღებისას, მომხმარებლები ახლა უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენენ.
რაც შეეხება მომავალს, Illumina-ს მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ მთელი წლის შემოსავალი 2%-3%-ით შემცირდება (წინა პროგნოზი — 1%-იანი ზრდა). გარდა ამისა, კომპანიაში ვარაუდობენ, რომ EPS $0.60-$0.70-ს შეადგენს (ძველი პროგნოზი — $0.75-$0.90).
Illumina-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $98.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $148.08-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $260.00-ს, ხოლო მინიმალური — $50.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Illumina-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 50.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 14 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.