ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Duolingo-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი აპლიკაციაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო კომპანიის აქციების ფასი 21%-ზე მეტით გაიზარდა და ახალ 1-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 186%-ით არის გაუმჯობესებული.
Duolingo-ს აპლიკაცია აქამდე მომხმარებლებს ენების შესწავლის გამოცდილებას სთავაზობდა, მაგრამ ახლა ასევე ხელმისაწვდომია მუსიკისა და მათემატიკის გაკვეთილებიც. მომხმარებლებს შეუძლიათ წვდომა მიიღონ უფასო სერვისზე, რომელიც რეკლამებით არის მხარდაჭერილი, მაგრამ ასევე ხელმისაწვდომია ფასიანი, ურეკლამო გამოცდილება დამატებითი ფუნქციებით.
მესამე კვარტალში Duolingo-ს 83.1 მილიონი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი (MAU) და 24.2 მილიონი ყოველდღიური აქტიური მომხმარებელი (DAU) ჰყავდა, რაც, გასული წლის იმავე კვარტლის მაჩვენებლებთან შედარებით, შესაბამისად, 47%-იან და 63%-იან ზრდას წარმოადგენს. ეს ასევე დიდი ნახტომი იყო მეორე კვარტლის შედეგებთან შედარებით: MAU — 74.1 მილიონი; DAU — 21.4 მილიონი.
Duolingo-ს შემოსავლისთვის უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ მესამე კვარტალში ფასიანი გამომწერების რაოდენობამ 5.8 მილიონს მიაღწია, რაც წლიდან წლამდე 60%-იანი ზრდაა. ფასიანი აბონენტების ეს მატება კომპანიის შემოსავლების 43%-იანი ზრდის მთავარი კომპონენტი იყო. ამ უკანასკნელმა $137.6 მილიონამდე მოიმატა. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა მენეჯმენტის პროგნოზებს — $129.5-$132.5 მილიონს და უოლ სტრიტის მოლოდინს — $132.15 მილიონს. Duolingo-ს EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) კი $0.06 შეადგინა (პროგნოზი — -$0.08).
რაც შეეხება მომავალს, Duolingo-ს მენეჯმენტი აქამდე მოელოდა, რომ სრული 2023 წლის შემოსავალი $510-$516 მილიონს შეადგენდა. მაგრამ კომპანიის ძლიერი მესამე კვარტლის ფონზე, Duolingo-ში ახლა პროგნოზირებენ, რომ ეს მაჩვენებელი $525-$528 მილიონს მიაღწევს, რაც, 2022 წელთან შედარებით, 42%–43%–იანი ზრდა იქნება.
Duolingo-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $203.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $186.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $217.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Duolingo-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 10 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.