გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის LiveRamp Holdings, Instacart და Krispy Kreme.
LiveRamp Holdings
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, LiveRamp Holdings-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი 20%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 52%-ით არის გაუმჯობესებული.
LiveRamp Holdings უზრუნველყოფს საწარმოთა მონაცემთა მართვის პლატფორმას და მასთან დაკავშირებულ სერვისებს. ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში, რომელიც 2023 წლის 30 სექტემბერს დასრულდა, კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 9%-ით — $160 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $152.22 მილიონი). კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) კი $0.43 შეადგინა (პროგნოზი — $0.24).
გამოწერებიდან მიღებული შემოსავალი წლიდან წლამდე 5%-ით გაიზარდა და მთლიანი გაყიდვების 79% შეადგინა. ამავდროულად, მისი Marketplace & Other სეგმენტიდან მიღებულმა შემოსავალმა 25%-ით — $34 მილიონამდე მოიმატა. LiveRamp-მა ასევე გამოიმუშავა $36 მილიონის ოდენობით ჯანსაღი საოპერაციო ფულადი ნაკადები. გასული წლის იმავე კვარტალში ამ მაჩვენებელმა $21 მილიონი შეადგინა.
LiveRamp-მა განაგრძო ინვესტორებისთვის კაპიტალის დაბრუნება აქციების გამოსყიდვის გზით. კომპანიამ კვარტალში 490,000 აქცია დაახლოებით $15 მილიონად გამოისყიდა. მთლიანობაში კი ფისკალური წლის პირველ ნახევარში LiveRamp-მა 1.3 მილიონი აქცია შეისყიდა, რაშიც კომპანიამ $35 მილიონი დახარჯა.
რაც შეეხება მომავალს, LiveRamp-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2024 წლის განმავლობაში შემოსავალი $632-$637 მილიონს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — $620-$630 მილიონი), ხოლო კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი — $97-$100 მილიონს (წინა პროგნოზი — $90-$93 მილიონი).
LiveRamp-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $36.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 5 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $40.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $44.00-ს, ხოლო მინიმალური — $37.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი LiveRamp-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს.
Instacart
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Instacart-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი ონლაინ სასურსათო მაღაზიის აქციების ფასი 10%-ზე მეტით შემცირდა. Instacart-ის პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) მიმდინარე წლის 19 სექტემბერს შედგა და მას შემდეგ კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 27%-ით არის დაკლებული.
Instacart-სთვის, როგორც უკვე საჯარო კომპანიისთვის, ეს სადებიუტო კვარტალური ანგარიში იყო. კომპანიის ტრანზაქციების მთლიანი ღირებულება წლიდან წლამდე 6%-ით — $7.5 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო შეკვეთებმა 4%-ით მოიმატა და $66.2 მილიონი შეადგინა. თუმცა, კომპანიამ დააფიქსირა 19%-იანი ზრდა სარეკლამო და სხვა შემოსავალში, შედეგად კი მთლიანი შემოსავალი 14%-ით — $764 მილიონამდე გაიზარდა, რაც ბევრად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $736.9 მილიონს.
მენეჯმენტმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მაკროეკონომიკურ გამოწვევას ონლაინ სასურსათო მრეწველობაში, მათ შორის არის COVID-ის შეზღუდვების შესუსტება, ასევე საპროცენტო განაკვეთებისა და ინფლაციის გავლენა.
გარდა ამისა, კომპანიის მთლიანი მოგება 16%-ით — $561 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო კორექტირებულმა EBITDA-მ (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) 120%-ით მოიმატა და $163 მილიონი შეადგინა.
რაც შეეხება მომავალს, Instacart-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ტრანზაქციების მთლიანი ღირებულება 5%-6%-ით გაიზრდება, ხოლო კორექტირებული EBITDA $165-$175 მილიონს მიაღწევს. მენეჯმენტის ვარაუდით, ამ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი იქნება რეკლამირება და სეზონურობასთან დაკავშირებული სხვა შემოსავლები.
Instacart-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $24.50-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $35.83-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $48.00-ს, ხოლო მინიმალური — $28.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Instacart-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 46.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 15 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Krispy Kreme
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Krispy Kreme-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი დონატების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი 6%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით არის გაუმჯობესებული.
მესამე კვარტალში Krispy Kreme-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 8%-ით — $407.4 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $413.87 მილიონი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა $0.03 შეადგინა (პროგნოზი — $0.06). GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით კი კომპანიამ თითო აქციაზე $0.24-ის ტოლი ზარალი დააფიქსირა, რაც გასული წლის იმავე კვარტალში მიღწეულ შედეგზე — -$0.16-ზე უარესი მაჩვენებელია.
რაც შეეხება მომავალს, Krispy Kreme-ის მენეჯმენტი მოელის, რომ სრული 2023 წლის განმავლობაში შემოსავალი 9%-ით გაიზრდება და თითქმის $1.7 მილიარდს შეადგენს, ხოლო კორექტირებული EPS $0.31-$0.34-ს მიაღწევს.
Krispy Kreme-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $12.60-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $14.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $19.00-ს, ხოლო მინიმალური — $13.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Krispy Kreme-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 6 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.